Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შაბათის მარში“ ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობის კლების პრობლემას მიეძღვნა

თბილისში გაიმართა ტრადიციული, რიგით 36-ე „შაბათის მარში“. რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემდეგ ოპოზიციური მსვლელობა უკვე მეხუთედ შედგა მეტრო „ავლაბრიდან“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე.

„შაბათის მარში“ ამჯერად დემოგრაფიულ პრობლემას მიეძღვნა.

„როცა სახელმწიფო ივანიშვილს ემსახურება, ქალაქები და სოფლები იცლება“, - აღნიშნული იყო ორგანიზატორების განცხადებაში.

მათივე თქმით, „ცარიელი სახლები, დაკეტილი ჭიშკრები, დასუსტებული ადგილობრივი თემები და ერთმანეთისგან დაშორებული ოჯახები - ეს არის იმ მმართველობის შედეგი, რომელიც წლებია, ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის, ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში 3.9 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს - ეს 2014 წლის აღწერის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება.

აღწერის შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებისა და ექსპერტების ნაწილს კითხვები გაუჩნდა. მათი განმარტებით, მოსახლეობის მატება უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას უკავშირდება.

საქსტატის მონაცემებით, რეგიონების უმეტესობაში - თბილისის (+20.1%), აჭარისა (+20.7%) და ქვემო ქართლის (+4.2%) გარდა - მოსახლეობა მცირდება.

მოსახლეობა შემცირებულია 64 მუნიციპალიტეტიდან 53-ში. სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის მიხედვით, სოფლის მოსახლეობაში ყველაზე დიდი კლება წალენჯიხაში (-36.4%) და ხულოში (-32.4%) დაფიქსირდა.

უწყვეტი საპროტესტო აქციები საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯს - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნიდა.

"შაბათის მარში" მთავრობის კანცელარიასთან
"შაბათის მარში" მთავრობის კანცელარიასთან

ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების მიერ მიღებული არაერთი კანონის მიუხედავად არ წყდება. ეს კანონები ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ „რეპრესიულად“ შეფასდა და მოქალაქეებს, მათ შორის ტროტუარებზე, პროტესტის გამოხატვას უზღუდავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG