Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლზე ძალადობის საქმის გამო ელექტრონული სამაჯური შეაბეს

ფოტოილუსტრაცია: სოსო სიგუა და სოფო სიგუა
ფოტოილუსტრაცია: სოსო სიგუა და სოფო სიგუა

უფლებადამცველ ბაია პატარაიას ცნობით, პოლიციელ სოსო სიგუას, ცოლზე ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიების გამო ელექტრონული სამაჯური შეაბეს.

ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის „საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა. ისინი უწევენ სამართლებრივ დახმარება სიგუას ცოლს, სოფიო სიგუა-შატბერავას. ორგანიზაცია საქმეში რამდენიმე დღის წინ ჩაერთო.

სოსო სიგუას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს. სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად 9 ივლისს დანიშნეს, იქამდე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.

დაწინაურებდამე ტელეკომპანია პირველმა მოამზადა სიუჟეტი, სადაც სიგუას ცოლი ქმარს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

მისი მონათხრობის თანახმად, მაღალჩინოსანი ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა. სოფია სიგუა კამერის წინ ჰყვება, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.

რესპოდენტი ამბობს, რომ პოლიციელი მას ორსულობის დროსაც სცემდა. მისი ნაამბობის თანახმად, "ცემდა ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინა".

დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

სოსო სიგუა ამ სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში დააწინაურეს და თბილისის პოლიციიდან ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანეს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო ჩააბარეს.

„ჯერ რამხელა ტრაგედიაა, რომ ამხელა თანამდებობაზე ნიშნავენ ტიპს, ვიზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. ანუ ცოლის მუდმივი ცემა არაა საკმარისი დანაშაული?

მაგრამ დაწინაურება იქეთ იყოს, ქალმა გუშინ რომ 112 გამოიძახა ოთხჯერ, მხოლოდ დღეს დილას მივიდა ეკიპაჟი გენინსპექციაში დარეკვის შედეგად. ანუ 112 თავისით არ მიდიოდა.

დღეს 8 საათი მოუნდნენ რისკების შეფასებას. რისკი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ელ. სამაჯური ეკუთვნის სიგუას. წავიდა ეკიპაჟი და მთელი ორი საათია მხოლოდ ის ვიცით, რომ ჯერ ვერ პოულობენ მოძალადეს. ანუ შსს ვერ პოულობს ამხელა სამმართველოს უფროსს…

მე მაინტერესებს, ამ ქალს ვინ დაიცავს. სიგუა დაკეტილ სახლში ადრეც დახვედრია ცოლს საცემრად. პოლიცია აქამდეც გამოუძახებია ამ ქალს ორჯერ და არანაირი არაფერი…“, - წერს ბაია პატარაია.

სოციალურ ქსელში მომხარს სოფო სიგუაც გამოეხმაურა. მისი თქმით, 112 როცა გამოიძახა, სამართალდამცველებმა სოსო სიგუას შეატყობინებს, რომ ცოლი „პატრულს იძახებდა“, სოსო სიგუა ცოლის „ადვოკატს დაუკავშირდა და ზარის გაუქმება მოითხოვა“.

აქედან ირკვევა, რომ თავად სიგუასაც აქვს საჩივარი მისი ცოლისა და დედის წინააღმდეგ დაწერილი.

„ერთხელ დამჭირდა პოლიციის დახმარრბა და გამოძახებაზე მოსვლის ნაცვლად სოსოს მოძალადეს შეატყობინეს პოლიციაში დარეკაო, რის შემდეგაც იოსებ სიგუა ჩემ ადვოკატს დაუკავშირდა გაააუქმოს ზარიო და მე წავალ საჩივარს გამოვიტან მისი დედის და მის წინააღმდეგ შეტანილს რაზეც ჩემი რეაქცია იყო ისევ 112 დარეკვა.

შემდეგ კიდევ დავრეკე 112 ვუთხარი საიდან გაიგო იოსებ სიგუამ რომ მე თქვენთან დავრეკე თქო და რატომ არ მოდის პოლიცია დასახმარებლად! მის შემდეგ კიდევ დავრეკე და 4 ზარის მოუხედავად პოლიცია არ მოვიდა! დღეს ისევ განვმეორდი და გენერალურშიც განვახორციელე ზარი, რის შემდეგაც მოვიდნენ, გამოწერეს შემაკავებელი ორდერი და ქულებით გამოვიდა სამაჯური, რაც უნდა ჩაბარდეს მოძალადე იოსებ სიგუას“, - წერს ის.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს. დავინტერესდით, ისევ რჩება მაღალ თანამდებობაზე პოლიციელი, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს? პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG