რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ახალი საქმის მასალები და გადაამოწმა, სიმართლეს ამბობენ თუ არა ადვოკატები, როცა ამტკიცებენ, რომ „პროკურატურას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს“.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს, ახალი ბრალდება პროკურორებმა 30 მარტს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში წარუდგინეს.
ბრალის დადგენილების თანახმად, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე, ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ერთ-ერთი ფანჯარა დააზიანა, საიდანაც ცეცხლი წაუკიდა და ხანძარი გააჩინა შენობაში.
პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ დანაშაულს ტერორისტული მიზანი ჰქონდა - ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს, სასამართლოსა და მართლმსაჯულების დესტაბილიზაცია.
საქმის მასალების თანახმად, გასული წლის მაისში, „ბრალდებული სასამართლოს შენობის სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.
შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს“.
ამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო და კვალიფიკაცია ალეკო ელისაშვილისათვის ახალი ბრალის წარდგენამდე სამი დღით ადრე შეიცვალა.
სხვისი ნივთის დაზიანებით იყო დაწყებული გამოძიება ნოემბრის ეპიზოდზეც და ტერორიზმის მცდელობად მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა.
პროკურორი მარიამ გიგაური აცხადებს, რომ ბრალის დამძიმებისა და ქმედების ტერორიზმად შეფასების საფუძველი გახდა დანაშაულის მიზანი - სახელისუფლებო შტოს დესტაბილიზაცია.
ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილი „პოლიტიკური ნიშნით იდევნება, მიზანი კი მისი პოლიტიკური ცხოვრებისგან ჩამოშორებაა“.
ასე თუ არაა, - სვამს კითხვას ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი, - რატომ გადააკვალიფიცირეს მუხლი მაშინ, როცა სისხლის სამართლის საქმეში ალეკო ელისაშვილის სახელი და გვარი გაჩნდა და არა იქამდე?
2025 წლის მაისში საქალაქო სასამართლოს იმ ფლიგელში გაჩენილი ხანძრის შესახებ, სადაც საქმის მასალების ნაწილი ინახებოდა, საზოგადოებამ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა ბრალდებულად ალეკო ელისაშვილი დაასახელეს - ანუ 2026 წლის 30 მარტს.
ზარალი 470 ლარია. საქმე ერთი ტომისგან შედგება.
გამოძიება 2025 წელს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მალევე, 14 მაისს, დაპაუზდა.
იმ დროისთვის პოლიციას უკვე დაკითხული ჰყავდა სამი მანდატური, რომლებიც ხანძრის გაჩენის დროს ღამის მორიგეები იყვნენ, გამოთხოვილი ჰქონდა სასამართლოს შენობის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და დანიშნული ჰქონდა ექსპერტიზა - ხანძრის გამჩენი ნივთიერებებისა და საშუალებების დადგენის მიზნით.
მიძინებული საქმე, 2026 წლის 12 იანვარს ჯერ პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, უჩა თურმანიძის პატაკმა გამოაფხიზლა.
უჩა თურმანიძემ გამოძიებას სავარაუდო ბრალდებულის გადაადგილების მარშრუტზე მიაწოდა ინფორმაცია. წყაროდ პირადი კონტაქტი დაასახელა.
ეჭვმიტანილს ეცვა მუქი ფერის სამოსი, ნიღბით იფარავდა სახეს, ეკეთა ზურგჩანთა და ფეხით გადაადგილებისას ხის ჯოხსაც იყენებდა.
ამ პატაკის საფუძველზე პოლიციელებმა ცხრა თვის დაგვიანებით ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს. ყველა ის კერძო პირი, რომლებმაც პოლიციას ჩანაწერები მიაწოდეს, გამოკითხვის ოქმებში იდენტურ ტექსტს წერს, რომ მათთან გასული წლის მაისში პოლიციელები მივიდნენ, ჩანაწერები შეამოწმეს და ნანახის დაარქივება მოსთხოვეს.
ალეკო ელისაშვილის სახელი და გვარი საქმეში 2026 წლის 13 მარტს გამოჩნდა. პოლიციის მაიორმა გიორგი რაზმაძემ ამ შინაარსის პატაკი დაწერა: „ჩემს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, სასამართლოს შენობას 2025 წლის 4 მაისს ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა ალექსანდრე ვალერის ძე ელისაშვილმა“.
პატაკის ავტორი ამტკიცებს, რომ ამის შესახებ შეიტყო „კონტაქტისგან”, რომელიც ჩვეულებრივ სანდო ინფორმაციას აწვდის ხოლმე.
ამ პატაკის დროს ალეკო ელისაშვილი უკვე ბრალდებულია ტერორიზმის კიდევ ერთ საქმეზე. მას ედავებიან „ტერორისტული აქტის“ მცდელობას, სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით. ის 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, „შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა“. ის ადგილზევე დააკავეს; მალევე მისმა ადვოკატმა მედიასთან თქვა, რომ „ელისაშვილი ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად“.
პოლიტიკოსი საპატიმროში იმყოფება, მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ახალი ბრალი, რომელიც ძველ ეპიზოდს ეხება, არა ტერორიზმის მცდელობას, არამედ უკვე დასრულებულ მოქმედებას - ტერორიზმის ჩადენას - მოიაზრებს.
რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას ელისაშვილის წინააღმდეგ?
მიუხედავად პროკურორ მარიამ გერსამიას მტკიცებისა, რომ ამ საქმეში დაკითხული არიან მოწმეები, ჩატარებულია ექსპერტიზები და გამოთხოვილია ინფორმაცია, პოლიციელის პატაკის გარდა, ალეკო ელისაშვილს წინააღმდეგ მტკიცებულება მხოლოდ ოდოროლოგიური ექსპერტიზაა.
ოდოროლოგია არის მეთოდი, რომელიც ადამიანის იდენტიფიცირებას სუნის მიხედვით ცდილობს.
როგორ ტარდება:
ექსპერტები დანაშაულის ადგილიდან სპეციალური მასალებით სუნის ნიმუშს იღებენ (მაგ. ტანსაცმლიდან, ნივთებიდან).
შემდეგ იგივე პროცედურას ატარებენ ეჭვმიტანილთანაც. ამ ნიმუშებს ერთმანეთს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით ადარებენ. შემდეგ კი ექსპერტი აფასებს, ემთხვევა თუ არა სუნის კვალი კონკრეტულ პირს.
ასე მოხდა ალეკო ელისაშვილის შემთხვევაშიც. საქმის მასალების თანახმად, 2025 წლის მაისში ექსპერტებმა სასამართლოს არქივში ჩასასვლელი კიბის მიმდებარე ტერიტორიიდან და დაზიანებული ფასადის წინ ბეტონის ზედაპირიდან სუნის კვალის ნიმუშები აიღეს.
პროცედურის თანახმად, შესადარებელი ნიმუში საჭიროა, ამიტომ, სასამართლოს დავალებით, 26 მარტს ციხეში ალეკო ელისაშვილსაც აუღეს სუნის ნიმუში.
„ელისაშვილის ხელის მტევნებიდან სტერილური დოლბანდის გამოყენებით, აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსდა მინის ქილაში, ქილას გაუკეთდა ლუქი“, - ნათქვამია საგამოძიებო მოქმედების ამსახველ წერილობით დოკუმენტში.
ექსპერტმა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალი სხვა ნიმუშებთან ერთად მოათავსა და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლს მოუხმო.
საბოლოოდ დადგინდა, რომ ალეკო ელისაშვილისა და შემთხვევის ადგილიდან 10 თვის წინ აღებული სუნი ერთმანეთს დაემთხვა.
„არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ საქმესთან ალეკო ელისაშვილს დააკავშირებდა, გარდა ძაღლებისა. ძაღლების სახელები იყო ხოლმე ადრე მითითებული და ამ შემთხვევაში არც სახელებია მითითებული და არც რაოდენობა, თუ რამდენი ძაღლი გამოიყენეს სანდოობისთვის. გაუგებარია, რატომ ელოდნენ ერთი წელი და რატომ ჩაატარეს მარტში ეს საგამოძიებო მოქმედება“, - ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
ადვოკატებისთვის ამ საქმეზე სადავოა როგორც მტკიცებულებები, ისე კვალიფიკაცია. გიორგი რეხვიაშვილის თქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ყოველთვის დამხმარე იყო გამოძიებისთვის, ამ შემთხვევაში კი მთავარ მტკიცებულებადაა მოტანილი.
„ძაღლის მიერ დადასტურდა, რომ დანაშაული ჩაიდინა ელისაშვილმა. ფაქტი არ შეცვლილა, ფაქტი იგივე დარჩა და მას შემდეგ, რაც ძაღლმა თქვა, რომ ეს არის ალექსანდრე ელისაშვილი, შეიცვალა კვალიფიკაცია. პირის ვინაობა დანაშაულის მიზანს ვერ შეცვლის, ქმედება ხომ არ შეცვლილა? საქმეში ცარიელი ფურცლებია“, - ამბობს ის.
პროკურატურამ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც [პირის იდენტიფიცირება] დანიშნა. დასკვნის თანახმად, წარდგენილ ვიდეოკადრებზე ვინმეს იდენტიფიცირება შეუძლებელია, ხარისხისა და გარჩევადობის გამო.
დასმულ კითხვაზე, ერთი და იგივე ადამიანია თუ არა გასული წლის მაისსა და ნოემბერში სასამართლოს კამერების მიერ გადაღებულ კადრებში, ექსპერტმა დაწერა: „ფოტოგამოსახულებებზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთი და იგივე პიროვნების გამოსახულება“.
„თავად პროკურატურის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ვიდეოკადრები უვარგისია პირის იდენტიფიცირებისათვის, ამის მიუხედავად, მათ გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრები და წითელი დიდი შრიფტით დააწერეს, რომ ნიღბიანი მამაკაცი ალექსანდრე ელისაშვილია - ეს უფლებების დარღვევაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ საქმესთან ალეკო ელისაშვილს დააკავშირებდა, გარდა ძაღლებისა“, - ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, დაგვისახელეთ ერთი მტკიცებულება, გარდა სუნის ექსპერტიზისა, რომელიც ალეკო ელისაშვილის მაისის ხანძართან კავშირს ადასტურებს, პროკურორმა მარიამ გიგაურმა უპასუხა, რომ „შინაარსში ვერ შევა“.
„შინაარსში ვერ შევალ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე....მტკიცებულებების ერთობლიობა წარმოდგენილია ამ საქმეზე ბრალდების სამტკიცებლად, თითოეულ მტკიცებულებას ვერ მოვიხილავთ, ეს მტკიცებულებები გამოკვლეული იქნება სასამართლოს წინაშე და დავადასტურებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა წარდგენილი ბრალდება“, - ამბობს ის.
„სასაცილოდ არ მეყო წარდგენილი ბრალი“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი. მას პოლიტიკური ახსნა აქვს, თუ რატომ დაადანაშაულეს ორჯერ ტერორიზმში.
პოლიტიკოსმა სასამართლო სხდომაზე "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები მიმოიხილა და გამოთქვა ვარაუდი, რომ სია ე.წ. პოლიტპატიმრებისა, რომლებიც ციხიდან უნდა გაათავისუფლონ, უკვე მაგიდაზეა და ამ სიაში შესაძლოა თავადაც იყოს.
სწორედ ამიტომ მანიპულირებს პარლამენტის თავმჯდომარე ჩემი სახელით და გვარითო, ამბობს, სურს, რომ სხვა პატიმრები ჩემი სახელის გამოყენებით დააზიანოს, რადგან ტერორიზმს მედავებიანო.
„როგორც უღირს ადამიანებს მართებთ და სჩვევიათ, მათ ჩახედეს ამ სიას, ამოარჩიეს ჩემი სახელი და გვარი და დაიწყეს ამის ტრიალი, რომ აი ტერორისტი. შემდეგ რა ქნეს - იმ ტერორიზმის დამტკიცება, რაც მტკიცებულებებითაა წარმოდგენილი, გამორიცხული არის, აბსურდულია, ამიტომ მოინდომეს ჩემი კიდევ უფრო გაშავება, რომ ჩემი სახელი და გვარი კიდევ დაემცირებინათ ახალი დანაშაულით, გაახსენდათ ერთი წლის წინანდელი ამბავი, რომელიც ვერ გახსნეს, თაროზე ჰქონდათ შემოდებული და „შეტენვა“ მოინდომეს ჩემთვის და ჩემი სახელის და გვარის დამძიმება.
რატომ? - უცხოელებისთვისაც, ქართველებისთვისაც ეთქვათ, ეს ერთჯერადი ტერორისტი კი არ არის, ეს არის დაჟინებული ტერორისტი....
რომ მაქსიმალურად ეს ამბავი დაემძიმებინათ. რატომ? იმიტომ რომ ჩემი სახელითა და გვარით გაეფუჭებინათ და დაეზიანებინათ დანარჩენი პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების აუცილებელი და გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
მისი განცხადებით, პრინციპული პოზიცია აქვს: „რომ არც ერთ სიაში ჩემი სახელი და გვარი არ უნდა იყოს ნახსენები“.
სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მართლაც თქვა:
„რისთვისაც „შეკერეს“ ეს საქმე [„მოსკოვის მექანიზმი“] საქართველოს წინააღმდეგ, რომ კანონები გააუქმო, სარჩელი გამოიწვიო, გამოუშვა პატიმრები, [პოლიტპატიმრების] სია რატომ არ აქვთ?! ვნახე ეს დოკუმენტი და იმედი მქონდა, იქნებ თანდართულად ყოფილიყო სია - ეს ხალხი გაათავისუფლეთო. რა მაინტერესებს იცით? ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ამ სიაშია ტერორისტული აქტის ბრალდება რომ აქვს წარდგენილი?
2026 წლის 12 მარტს ეუთომ 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ანგარიში მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ფაქტობრივად ყველა ის ცვლილება/კანონი, რომლებსაც ადგილობრივი უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევდნენ და „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები“.
ალეკო ელისაშვილს პროკურატურის მოთხოვნით ისევ აკრძალული აქვს გარესამყაროსთან კომუნიკაცია, ოჯახის წევრებთან დარეკვა და წერილობითი კორესპონდენცია. ეს აკრძალვა ბრალდების მხარემ ტერორიზმის მეორე ეპიზოდზეც აამოქმედა.
ტერორიზმის პირველი საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. მეორე - უფრო ახალ საქმეს, თუმცა უფრო ძველ ეპიზოდს ჯერ წინასასამართლო სხდომის ეტაპი არ გაუვლია.
ფორუმი