Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელ კონსერვატორებს არ მოსწონთ ევროპასთან შეთანხმება


როგორც ვარაუდობენ, ევროპის კავშირის

წამყვანი ქვეყნების ინიციატივამ ირანი მისი საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოზე განხილვას გადაარჩინა. შეერთებული შტატები საკითხის გამწვავების მომხრეა, ევროპა კი, როგორც ჩანს, დროის გაწელვას არჩევს. რამდენად შეთანხმებულია ევროპისა და შტატების მოქმედება ირანის ბირთვულ პროგრამებთან მიმართებაში, ამას ნოემბრის დასასრულს დავინახავთ. მანამდე კი თავად საკითხის სტატუსის შესახებ:

ირანის მთავრობას სურს, რომ 25 ნოემბერს გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოზე დადასტურდეს ირანში ურანის გამდიდრების პროგრამების დროებით შეჩერების ფაქტი. ამ გზით იმედოვნებს ირანი ბირთვული პროგრამების გამო მის მიმართ საერთაშორისო დაძაბულობის შენელებას. უპირველეს ყოვლისა, ის შეერთებული შტატების პოზიციას დაეძებს, რომელიც აქტიურად მოითხოვს ირანის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოზე განხილვას. ასეთ ფორუმზე განხილვას რეზოლუცია მოყვება, რეზოლუცია კი გარკვეული პირობების დაყენებასა და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ზომების განსაზღვრას გულისხმობს. ირანს, ბუნებრივია, არ აწყობს საკითხის გამწვავება.

ევროკავშირსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებზე საუბარს ევროკავშირის წარმომადგენლები ანონიმურად არჩევენ. ასევე კონფიდენციალურია გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ირანზე მომზადებული ანგარიშიც, რომელზეც საინფორმაციო სააგენტოებმა გარკვეული ინფორმაცია მაინც გაავრცელეს. მათ ცნობებს ეხმიანება ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის მარკ გვოზდეცკის კომენტარი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ გარდა ანგარიშში აღნუსხული მასალებისა, ირანში შეიძლება იყოს განუცხადებელი ბირთვული მასალებიც:

[გვოზდეცკის ხმა]
"ჯერჯერობით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ირანში არ არის განუცხადებელი ბირთვული მასალები, ან არ მიმდინარეობს არც ერთი ბირთვული პროგრამა. ასეთი დასკვნის გასაკეთებლად მეტი დრო გვჭირდება".

შეერთებული შტატები ირწმუნება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას საიდუმლო პროგრამებით ცდილობს.

ევროკავშირში კი გასულ კვირაში ირანთან მიღწეული შეთანხმება დიდ პოლიტიკურ გარღვევად მიაჩნიათ და უკვე მიესალმებიან კიდეც ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამების დროებით შეჩერებას:

[ადვინის ხმა]
"რასაკვირველია, ყველა კმაყოფილი ვართ ამ გარღვევით. როგორც ჩანს, შეთანხმება პოზიტიური მიმართულებით იქნა მიღწეული და მოუთმენლად ველით ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის ხილვას, რომელშიც ირანთან ჩვენი მოლაპარაკებების შედეგიც უნდა აისახოს".

ევროკავშირის ინკოგნიტო წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ერთის მხრივ გერმანიას, ბრიტანეთსა და საფრანგეთს და მეორეს მხრივ ირანს შორის შეთანხმება ორი ძირითადი პირობის შესრულებას ითვალისწინებს. პირველი – ირანი თანახმაა შეაჩეროს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა. ევროკავშირი კი, რომელსაც მოლაპარაკებებზე ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი წარმოადგენდნენ, იძლევა დაპირებას, რომ ირანის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გადაცემას არ დაუშვებს. ამას მოსდევს დამატებითი პირობების შესრულება ევროკავშირის მხრიდან: ირანისთვის ბირთვული ტექნოლოგიების შეთავაზება, მასთან ფართო თანამშრომლობა და ირანისთვის საჭირბოროტო უსაფრთხოების საკითხების მოგვარება.

ირანის მკაცრი ხაზის მომხრე პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ევროკავშირთან მიღეული შეთანხმება და მიაჩნიათ, რომ ირანი ზედმეტ დათმობაზე მიდის დასავლეთთან. სამშაბათს პარლამენტის ხმაურიანი სხდომის მონაწილეთა დაშოშმინება სპიკერმა მხოლოდ იმით შეძლო, რომ შეახსენა დეპუტატებს პროგრამების შეჩერების დროებითობის შესახებ.

როგორც კი ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო დაადასტურებს ირანის მიერ შეთანხმების პირობის შესრულებას, ევროკავშირი განაახლებს ირანთან შეწყვეტილ სავაჭრო მოლაპარაკებებს. ამის თაობაზე ევროკომისიის წარმომადგენელი ემა ადვინი ამბობს:

[ადვინის ხმა]
"თუკი სააგენტოს დასკვნა იქნება დადებითი და როგორც კი დადასტურდება პროგრამების შეჩერების ფაქტი, ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებით, განახლდება ირანთან ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები".

ეს ყველაფერი ნოემბრის ბოლოს გაირკვევა. როგორც ევროკავშირის დიპლომატი ირწმუნება, ირანთან მიმდინარე ეს მოლაპარაკებების შესახებ მუდმივად საქმის კურსშია შეერთებული შტატებიცა და რუსეთიც. "ევროკავშირი არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც შეერთებული შტატების პოლიტიკას ხელს შეუშლის. რაც შეეხება რუსეთს, ის ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ მსოფლიოს უდიდესი 8 ქვეყნის ჯგუფის ფორმატშია საქმის კურსში. თუმცა, იმას, თუ რამდენად ჰარმონიაშია რუსეთის, შტატებისა და ევროკავშირის მიდგომა ირანის ბირთვული პროგრამების მიმართ, მხოლოდ მოვლენათა განვითარება გვაჩვენებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG