Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს


საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე, რომელიც 31 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა, ახალი პრეზიდენტი აირჩია.

დელეგატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 122-დან 94-მა, მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, კახეთის მხარეში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს, გია ნაცვლიშვილს დაუჭირა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობას ნაცვლიშვილს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი და ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, დეპუტატი ბეჟან ხურციძე ეცილებოდნენ. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განაცხადა. მინდა გაუწყოთ, რა ვითარებაში ჩატარდა არჩევნები.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 20 წლის იუბილეს, რომელიც გაისად 6 ოქტომბერს აღინიშნება, ახალი, რიგით მეოთხე, პრეზიდენტით შეხვდება. გია ნაცვლიშვილამდე ოლიმპიურ კომიტეტს ნონა გაფრინდაშვილი, ჯანო ბაგრატიონი და ბადრი პატარკაციშვილი თავკაცობდნენ. არჩევამდე ნაცვლიშვილმა ვრცელი, თითქმის ნახევარსაათიანი, საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა:

[გია ნაცვლიშვილის ხმა] „მე არასოდეს ვარ ისე განწყობილი, რომ, აი, კარგად ვიჭიდავეთ, კარგად ვითამაშე, მაგრამ წავაგეთ და რა მოხდა... ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელსაც ვაჩვენებთ. შედეგი უნდა გამოიხატებოდეს, ბუნებრივია, შემდეგ ოლიმპიადაზე მედლების რაოდენობის გაზრდაში...“(სტილი დაცულია)

გია ნაცვლიშვილის პროგრამის მიხედვით, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველო წარდგება დაახლოებით 55-60 სპორტსმენით, რომლებიც, სულ ცოტა, ხუთი-ექვსი ოქროს მედლის მოპოვებას შეძლებენ. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობაზე რომ ბევრი რამაა დამოკიდებული, ამას არც სპორტის აღიარებული ოსტატები უარყოფენ, თუმცა დავით ხახალეიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი და საარჩევნო სესიის დელეგატი, ამბობს, რომ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ოლიმპიური კომიტეტის თავკაცის სპორტისადმი დამოკიდებულებას:

[დავით ხახალეიშვილის ხმა] „ისეთი ადამიანი და პიროვნება უნდა იყოს ამ საქმით დაკავებული, რომელიც სპორტთან უშუალოდ ახლოს არის, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს და რომელსაც შეუძლია გულთან მიიტანოს ესა თუ ის საკითხი. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თანამდებობა და დაკავებული ადგილი.“

წესდების მიხედვით, ახალი პრეზიდენტი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. გიორგი გაბაშვილი, პარლამენტის წევრი და სპორტის ყოფილი მინისტრი, დარწმუნებულია, რომ გია ნაცვლიშვილის ხელში ოლიმპიური კომიტეტი ახალ, უფრო მიმზიდველ იერს შეიძენს:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] „ჩაკეტილი სახლი აღარ უნდა იყოს, უნდა იყოს ღია, მოქმედი სპორტის სახეობების გვერდში მდგომი, ტრანსფარენტული წესებით მოქმედი ორგანიზაცია. მიუხედავად მწვავე დისკუსიისა, რომელიც ყოველთვის იმართებოდა და გაიმართება კიდევაც სპორტში, ყველაფერი უნდა გადაწყდეს სპორტული ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ნორმალურად, იმ წესებით, რომელიც დადგენილია.“(სტილი დაცულია)

თუმცა ოპონენტები გიორგი გაბაშვილსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს სწორედ ამ დადგენილი წესების დარღვევაში სდებენ ბრალს. საქმე ისაა, რომ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მუშაობაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიუღია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს,გოგი თოფაძეს, ხოლო ლერი ხაბელოვმა, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ასევე პროტესტის ნიშნად განაცხადა. ხაბელოვის თქმით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევას წინ უნდა უძღოდეს არჩევნები სპორტულ ფედერაციებში:

[ლერი ხაბელოვის ხმა] „ოლიმპიური სახეობის 31 ფედერაციაა და ამ ფედერაციებიდან მხოლოდ და მხოლოდ სამმა ჩაატარა თავისი საანგარიშო არჩევნები. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ, ფაქტიურად, ძველი ხელმძღვანელები ირჩევენ ოლიმპიური კომიტეტის ახალ პრეზიდენტს. მეორე ის, რომ არათანაბარი ბრძოლა იყო და თუ გადავხედავთ განვლილ საარჩევნო მარათონს, ვნახავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, მხოლოდ ერთი კანდიდატი ხვდებოდა ფედერაციებს, ერთის პროგრამა შუქდებოდა და დანარჩენი არც ერთი კანდიდატი არ იყო ყურადღების ქვეშ.“(სტილი დაცულია)

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობით უკმაყოფილო დარჩა პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ბეჟან ხურციძე, რომელსაც მხარი საარჩევნო სესიის ოცდაოთხმა დელეგატმა დაუჭირა:

[ბეჟან ხურციძის ხმა] „კიდევ ჰქონია ხელისუფლებას ძალა, როცა ასეთი შედეგი აქვს. 27 ფედერაცია რომ წარადგენს ერთ კანდიდატს, თავიდანვე ნათელია, რაც ხდება. არანაირი ოლიმპიური ქარტიის დაცვა არ ყოფილა.“(სტილი დაცულია)

თუმცა, პროტესტის მიუხედავად, კენჭისყრის შედეგები დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა კი კომიტეტის ახალი გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები დაასახელა. ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ყოფილი წყალბურთელი ალექსანდრე ბითაძე გახდა, კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტად რამაზ გოგლიძე დასახელდა, ვიცე-პრეზიდენტებად კი - დავით გობეჯიშვილი და ჟურნალისტი ვახტანგ გეგელია. ამასთან, გია ნაცვლიშვილის ინიციატივით, აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა რაოდენობა ოცდათვრამეტიდან ჩვიდმეტამდე შემცირდა.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG