Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოს შესასრულებელ ამოცანებს შეახსენებს და აგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას


ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე
ვიდრე ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის ფარგლებში განისაზღვრება, ქვეყანამ უნდა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც მას, ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” სამოქმედო გეგმის მიხედვით დაეკისრა. ხსენებული სამოქმედო გეგმა 2006 წლის ნოემბერში მიიღეს და მის მთავარ მიზანს ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური ინტეგრირება წარმოადგენდა. თუმცა აუცილებელ მოთხოვნათა შორისაა პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელება. როგორ არის შეფასებული საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შუალედურ ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ 23 აპრილს გამოაქვეყნა?

”მივესალმებით ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც საქართველომ მაინც შეძლო, მიუხედავად ქვეყნის წინაშე 2008 წელს წარმოქმნილი მდგრადი სირთულეებისა”, - ეს გახლავთ სიტყვები ევროკომისიის საგარეო ურთიერთობებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერისა, რომელიც 23 აპრილს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებდა. ვიდეოხიდის საშუალებით პრესკონფერენციისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი იყო ევროკომისიის საქართველოს წარმომადგენლობაში.

ასევე 23 აპრილს ბრიუსელში ოფიციალურად გამოქვეყნდა შუალედური ანგარიში, რომელშიც, სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, 12 ქვეყნის და, მათ შორის, საქართველოს მიერ 2008 წელს გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული. საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ”სამოქმედო გეგმის” განხორციელებაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა აგვისტოს მოვლენებმა, ომმა რუსეთთან და ცნობილმა პროცესებმა, რომლებიც ყოველივე ამას მოჰყვა. თუმცა, ბენიტა ფერერო-ვალდნერის სიტყვებით რომ ვთქვათ, აგვისტოს მოვლენებთან მიმართებით ”ევროკავშირის სწრაფმა რეაქციამ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მყარი საფუძველი.”

შუალედური ანგარიშის მიხედვით, საქართველოსთან მიმართებით შეშფოთების საგნად რჩება მედიის თავისუფლება და პლურალიზმი. აღნიშნულია, რომ ვადამდელი არჩევნების ორმა რაუნდმა ქვეყანაში
საქართველოსთან მიმართებით შეშფოთების საგნად რჩება მედიის თავისუფლება და პლურალიზმი.
დემოკრატიულ რეფორმებში ახალი იმპულსის შეტანის აუცილებლობა გამოკვეთა. ახალი იმპულსი საჭიროა ზოგადად პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეფორმებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მრავალმხრივი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში. 2009 წლის მთავარ ამოცანებს შორის რჩება საკანონმდებლო ბაზის არაერთი მიმართულების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

სამეზობლო პოლიტიკის პროგრამით გაერთიანებული ქვეყნების მრავალმხრივ პასუხისმგებლობაზე ყურადღება ბენიტა ფერერო-ვალდნერმაც გაამახვილა 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე: ”ვფიქრობ, ორივე მნიშვნელოვანია - როგორც ეკონომიკური, ისე ინსტიტუციონალური პროგრამები და პროექტები, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური რეფორმების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის დახვეწის კუთხით. მე რეალისტი ვარ და ვიცი, რომ ეს გზა იოლი არ არის და არაერთი სიძნელე იჩენს თავს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ქვეყნებში ძველებური პოლიტიკური ჩვევები იცვლება. აშკარაა შედეგები, მაგრამ ეს არ არის 100%-იანი შედეგი.”

შედეგებს შორის, რომლებიც 2008 წელს საქართველომ, აგვისტოს ომის მიუხედავად, აჩვენა, ხაზი ესმება წინსვლას კორუფციასთან ბრძოლაში - საქართველომ რატიფიკაცია მოახდინა ევროპის საბჭოს კონვენციისა სისხლის სამართლის სფეროში კორუფციული დანაშაულის შესახებ. ევროკომისიის დაკვირვებით, წინსვლა აღინიშნებოდა კანონის უზენაესობის სფეროში მიმდინარე რეფორმებშიც, განსაკუთრებით - მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, დაკავების ადგილებში პირობების გაუმჯობესებისა და წამების, არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აღკვეთის კუთხით. საქართველომ ასევე დაამტკიცა, რომ ის საკვანძო როლს თამაშობს კასპიის ზღვის ენერგორესურსების ევროპის ბაზარზე ტრანზიტის განხორციელებაში.
მიღწევების მიუხედავად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ”სამოქმედო გეგმის” ფარგლებში საქართველოს ჯერ ისევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. სწორედ ამის შემდეგ ევროკავშირი მას, ასე ვთქვათ, მეორე დისტანციას დაუწესებს - ეს არის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, რომელიც არაერთ ხელსაყრელ პერსპექტივას გულისხმობს. პროგრამა, რომელიც ევროკავშირმა უკვე შესთავაზა 6 ქვეყანას (საქართველოს, უკრაინას, მოლდავეთს, ბელორუსიას, სომხეთსა და აზერბაიჯანს), განიხილება პასუხად რუსეთის მზარდ აგრესიულ პოლიტიკაზე და, სხვა არაერთ მიმზიდველ საკითხთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებას გულისხმობს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG