Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფრიდომ ჰაუსი” საქართველოს მედიას "ნაწილობრივ თავისუფლად" მიიჩნევს


უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “ფრიდომ ჰაუსმა” პრესის თავისუფლების დღედ აღიარებული 3 მაისის წინ გამოაქვეყნა ანგარიში მედიის თავისუფლების შესახებ. აშშ-ში დაფუძნებული პრესის თავისუფლების მეთვალყურე ამ გაერთიანების თანახმად, მედიის უფლებების შეზღუდვაზე გავლენას ახდენს მსოფლიო საფინანსო კრიზისი. “ფრიდომ ჰაუსს” არც ის გამორჩენია, რომ ბევრ ქვეყანაში მთავრობა ცდილობს, ზეგავლენა იქონიოს პრესასა და ელექტრონულ მედიაზე. ანგარიში 2008 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

გამოკვლევის თანახმად, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე აშკარაა პრესის თავისუფლების ხარისხის დაცემა 2008 წელს. ეს ტენდენცია შენიშნეს ანგარიშის ავტორებმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, თუმცა ბალტიისპირეთს ამ სივრცეს პოლიტიკურად აღარ მიაკუთვნებენ. ჩვეულებრივ, “ფრიდომ ჰაუსი” შეფასებებს აძლევს მასმედიას და ეს შეფასებაა: “თავისუფალი”, “ნაწილობრივ თავისუფალი”, ან “არათავისუფალი”. მასმედია შეიძლება შეზღუდოს კანონმა მედიის შესახებ, პოლიტიკურმა ზეწოლამ და ფინანსების უქონლობამ. ზემოხსენებული უზარმაზარი სივრცის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა (გამოკითხვის ავტორების თანახმად - 56 პროცენტი), მედიის თვალსაზრისით, არათავისუფალ გარემოში ცხოვრობს. მართალია, ისტორიის კომუნისტური ხანა ამ ქვეყნებს ერთმანეთს ამსგავსებს, დღეს ისინი, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მხრივ, განსხვავდებიან ერთმანეთისგან. “ფრიდომ ჰაუსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი კრისტოფერ უოკერი, თანაავტორი ანგარიშისა, ამბობს, რომ შუა ევროპის სახელმწიფოები - ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, ისევე როგორც პოლონეთი - მედიის თვალსაზრისით, თავისუფალი ქვეყნებია. მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე ამას ვერ იტყვი. მასმედიის თავისუფლება იქ ბოლო წლებში ნელ, მაგრამ თანმიმდევრულ უკუსვლას განიცდის:

“მედიის თავისუფლების ტრაექტორია ამ რეგიონში გამოხატავს მასმედიის არათავისუფალ გარემოს, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო. ამას სერიოზული შედეგი აქვს დღეს, როცა გლობალური ეკონომიკა დამოუკიდებელი მედიის სიჯანსაღეში თავის როლს ასრულებს. ჩემი აზრით, სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ დღეს ისედაც სუსტ მედიაგარემოში უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუძლია დამოუკიდებელ მედიას, იმოქმედოს ყოფილ საბჭოთა კავშირში”, ამბობს კრის უოკერი რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში.

რუსეთი პირველია მედიის შეზღუდვის საქმეში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის. იქ პრესას თითქმის მლიანად მთავრობა აკონტროლებს. ამ ქვეყანაში მედიამ 2003 წლის შემდეგ, როცა ის “ნაწილობრივ თავისუფალი” იყო, “ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, “არათავისუფლის” სტატუსი შეიძინა. რაც შეეხება საქართველოს, რომელშიც მედია, ანგარიშის თანახმად, “ნაწილობრივ თავისუფალია”, მაგრამ “არათავისუფლის” ზღვარზე იმყოფება, მას მეზობლებისგან ის განასხვავებს, რომ იქ საერთაშორისო მედია შეზღუდული არ არის. საქართველოში მედიის მდგომარეობას უოკერი ასე ახასიათებს:

“საქართველო ახლა, სხვადასხვა მიზეზით, ზუსტად ზღვარზეა 'ნაწილობრივ თავისუფალსა' და 'არათავისუფალს' შორის. თავისი ბევრი მეზობლისგან საქართველო იმით განსხვავდება, რომ შეინარჩუნა მაუწყებლობა - სატელევიზიო მაუწყებლობა, დამოუკიდებელი არხები და, ამასთან, აქვს საერთაშორისო მაუწყებლების ფართო ქსელი, განსხვავებით ბევრი მეზობლისგან, რომლებიც სირთულეებს უქმნიან საერთაშორისო მაუწყებლებს. საქართველოში ვითარება შემაშფოთებელია, მაგრამ ის რჩება სახელმწიფოდ, რომელიც თავს ამ სფეროში წარმოადგენს უკეთ, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ბალტიისპირეთის გამოკლებით.”

რადიო თავისუფლებამ გაზეთ “რეზონანსის” მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშს სთხოვა, აზრი გამოეთქვა იმაზე, თუ რა შეიძლება აძლევდეს შეშფოთების საფუძველს “ფრიდომ ჰაუსს” საქართველოში მასმედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ტუღუშის თქმით, ეს არის საკუთრების საკითხები, ხელშეუხებლობის საკითხი, ლიცენზირების გართულებული პროცედურები, ასევე, რეგიონალური მედიის პრობლემატიკა, რამდენადაც თბილისსა და რეგიონებში სრულიად განსხვავებული სურათია. ტუღუში ამბობს, რომ ამას დაერთვის ზეწოლა ჟურნალისტებზე და პრობლემები ბეჭდვით მედიაში, რაც დისტრიბუციაში გადაწყვეტილებებით გამოიხატა.

მედიაექსპერტი ნინო დანელია აღნიშნავს საქართველოს ელექტრონული მედიის ერთ თვისებას, რომელიც მის არათავისუფლებაზე მეტყველებს. დანელიას აზრით, მედიაში ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული ფაქტი და კომენტარი, რაც დიდწილად განსაზღვრავს კიდეც მედიის თავისუფლების ხარისხს.

ამგვარი მანკიერების თემას განავრცობს ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომლის აზრითაც, კერძო არხებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე საინფორმაციო პოლიტიკა არ შეცვლილა. ტუღუშის თქმით, პოლიტიკური დისკუსიები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი უნდა გაიმართოს რაღაცის გარშემო და ეს რაღაცა არის ობიექტური ინფორმაცია.

ნინო დანელია ბოლო ხანს საქართველოს მედიის ავსა და კარგზე ლაპარაკობს და დადებითად აფასებს სტუდია “მაესტროს” მიერ მაუწყებლობის აღდგენის ფაქტს. ცუდი, მისი თქმით, ისაა, რომ, ჟურნალისტების მიმართ ოპოზიციის ლიდერთა გააქტიურების შედეგად, გახშირდა თითქმის ძალადობრივი ქმედებები, ანუ ჟურნალისტები ზეწოლას განიცდიან არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებისგანაც.

დაბოლოს, “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის შემდგენელთა დასკვნით, 12 ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან (ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს არც აქ მოიხსენიებენ) ათში მასმედია “არათავისუფალია”. მასმედიის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ, მსოფლიოს ყველაზე უარესი მაჩვენებლის მქონე ათ ქვეყანას შორის სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა: ბელორუსია, უზბეკეთი და თურქმენეთი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG