Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან უიღურები?


ურუმჩი, დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის
ურუმჩი, დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის
ბოლო ხანს დღე ისე არ გავა, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის მკვიდრ უიღურებზე არ მოგვიწიოს საუბარი - კვირას, 5 ივლისს გავრცელდა პირველი ცნობა ქალაქ ურუმჩიში ძალადობის შესახებ, რომელსაც მას შემდეგ - ოფიციალური მონაცემებით - 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ურუმჩი ჩინეთის პროვინცია სინიანის დედაქალაქია და მისი პარტიული ლიდერის, ლი ჟის დღევანდელი განცხადებით, რამდენიმედღიანი ეთნიკური ძალადობის შემდეგ, ვითარებას იქ უშიშროების ძალები აკონტროლებენ. ვინ არიან უიღურები და რა იწვევს ეთნიკურ დაძაბულობას მათს რეგიონში?

სინიანის მკვიდრი უიღურები თურქულენოვანი ხალხია, ტრადიციით სუნიტური ისლამის მიმდევარი და ცენტრალური აზიის ხალხებთან მას გაცილებით მეტი აკავშირებს, ვიდრე ხანებთან, რომლებიც ჩინეთში ეთნიკურ უმრავლესობას შეადგენენ.

მე-8-მე-9 საუკუნეებში 100 წელიწადზე მეტ ხანს იარსება უიღურთა იმპერიამ, რომელიც მანჯურიიდან კასპიის ზღვამდე იყო გადაჭიმული. დღეს კი უიღურები უმთავრესად ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, სინიანის პროვინციაში ცხოვრობენ, თუმცა მათს ეთნიკურ უმცირესობას შეხვდებით უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში...

გასული საუკუნის 40-იან წლებში უიღურებს დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდათ - აღმოსავლეთი თურქესტანი, რომლის ლიდერებიც კონფედერაციის შექმნაზე შეუთანხმდნენ ჩინეთის ახალ, კომუნისტურ რეჟიმს. მაგრამ კონფედერაცია ილუზია გამოდგა: პეკინმა უიღურების რესპუბლიკა ჩინეთში შემავალ სინიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონად აქცია. ეს ავტონომიაც კი არ არსებობსო, ირწმუნება როზიმუხამეტ აბდულბაკიევი - ყირგიზეთში უიღურთა არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი: “მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა სინიანს უიღურთა ავტონომიური რეგიონის სტატუსი მიანიჭა, იქ ავტონომიის ვერანაირ ნიშანს ვერ დაინახავ", ამბობს აბდულბაკიევი. "უიღურებს არანაირი უფლებები არა აქვთ. მაო ძედუნს მათთვის არანაირი უფლება არ დაუკანონებია. ეს არის პოლიტიკური და სოციალური საკითხი. ჩინეთის ტოტალიტარულმა რეჟიმმა ჩაახშო ყველა - სიტყვის, მედიის, პიროვნების, სინდისის თავისუფლება. ცხადია, ამიტომ აჯანყდა ხალხი ამის წინააღმდეგ."

საპროტესტო გამოსვლა და არეულობა კვირას, 5 ივლისს სინიანის პროვინციის დედაქალაქ ურუმჩიში დაიწყო მას შემდეგ, რაც სამხრეთი ჩინეთიდან გავრცელდა ცნობა, რომ, სულ ცოტა, ორი ეთნიკური უიღური მოკლეს ჩინეთის ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ხანებმა სათამაშოების ქარხანაში მომხდარი დაპირისპირების დროს. თუმცა ეს მარტო აისბერგის მწვერვალი იყო: დაპირისპირების სიმწვავე, რომელმაც უკვე 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკმაყოფილების უფრო ღრმა ფესვებზე მიუთითებს. აი, როგორ განმარტავს უიღურთა უკმაყოფილების მთავარ მიზეზს ბრიტანეთში უიღურთა ასოციაციის წარმომადგენელი, ნიზამ სამეტოვი. მისი თქმით, “ხალხი იმიტომ არის ასე უკმაყოფილო ვითარებით, რომ მთავრობას ყოველ დღე ჩამოჰყავს ასობით, ათასობით ჩინელი ჩვენს მშობლიურ მიწაზე, აღმოსავლეთ თურქესტანში - სინიანის ავტონომიურ რეგიონში, მაშინ როცა ჩვენ ხალხს სამუშაო არა აქვს და იტანჯება”.

ამავე დროს, განაგრძობს სამეტოვი, პეკინის პოლიტიკა ითვალისწინებს უიღურთა გადასახლებას სინიანიდან ჩინეთის სხვა რეგიონებში, თვით სინიანში უიღურების კონცენტრაციის შესასუსტებლად. ამ პოლიტიკის შედეგია, რომ უიღურები (8 მილიონამდე ადამიანი) რაოდენობრივად უკვე ცოტაოდენ თუ აღემატებიან იმიგრანტებს.

ბრიტანეთში უიღურთა ასოციაციის წარმომადგენლის ნიზამ სამეტოვის თქმით, "იმის გამო, რომ ჩვენი მიწა ძალიან მდიდარია წიაღისეულით - ნავთობით, გაზით, ხალხი უბრალოდ მოდის და მოდის: ყოველდღე მოჰყავთ ხალხი ცენტრალური ჩინეთიდან ჩვენს მიწაზე. ისინი იმედოვნებენ, რომ მალე ვიქცევით უმცირესობად, მაგრამ ეს არ მოხდება! ეს ჩვენი მიწაა”.

სამეტოვს ჩვენი რადიო ლონდონში დაუკავშირდა. სხვათა შორის, პეკინი სწორედ უცხოეთში მყოფ უიღურებს ადანაშაულებს არეულობის მოწყობაში. ოთხშაბათს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მენგ ჟიანჟუმ, სეპარატისტებს დააკისრა ძალადობისთვის პასუხისმგებლობა: “ყველამ იცით, რომ ეს ინციდენტი გამოიწვია ხალხმა, ვისაც კონფლიქტის გაღვივება სურს, და ამას ღრმა პოლიტიკური ფესვები აქვს. ეს არის კონფლიქტი სეპარატისტებსა და ანტი-სეპარატისტულ ძალებს შორის, და ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც გრძელდება”.

უიღური ემიგრანტები უარყოფენ “კონფლიქტის გაღვივების” ბრალდებას და აცხადებენ, რომ არეულობა გამოიწვია პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნამ.

ოთხშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ ჩინეთს მოუწოდა, თავშეკავება გამოიჩინოს სინიანში არეულობის მოგვარების მცდელობას. ანკარა, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, “გულგრილი ვერ დარჩება” უიღურთა მძიმე მდგომარეობის მიმართ.
XS
SM
MD
LG