Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებს საბაჟო სფეროში განხორციელებული ცვლილებები გააცნო


კახა ბანდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
კახა ბანდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდა და ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმები გააცნო. საგადასახადო და საბაჟო სამსახურის ელექტრონული დეკლარაციის სისტემაზე გადასვლა, საბაჟო პროცედურების გამარტივება, ოქროს სიის დამკვიდრება და სხვა - ის ცვლილებებია, რომლებსაც მეწარმეების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის სისტემაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. მაგალითად, გამარტივდა საბაჟო პუნქტებში ტვირთების გადმოკვეთის პროცედურები, მათ შორის, ტვირთების აწონის პრაქტიკა. თუ ადრე საბაჟო პუნქტში შემოსული ყველა სატვირთო ავტომობილის წონის გამოვლენა აუცილებელი იყო, ახლა შერჩევითი აწონა ხორციელდება ზენორმატიული ტვირთის გამოსავლენად. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ამან საგრძნობლად შეამცირა თითოეული ტვირთის განბაჟების დრო.

”15 წუთით შემცირდა თითოეული ტვირთის განბაჟების პროცედურა. ყველაფერი გადავიდა რისკების მართვაზე.”

რისკების მართვის პრინციპს ემყარება ეგრეთ წოდებული „ოქროს სიაც“, რომელში ჩაწერილი კომპანიების ტვირთი საზღვარს საბაჟო შემოწმების გარეშე გადმოკვეთს. მათგან ფიზიკური დათვალიერება გასული წლის მანძილზე მხოლოდ ერთ პროცენტს ჩაუტარდა. რეფორმის შედეგად, ხუთი საბაჟო პროცედურიდან მხოლოდ ერთი დარჩა.

ამ ცვლილებების მიზანია საბაჟო ბიუროკრატიის შემცირება. ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ასოციაციის წევრები არაერთგვაროვან შეფასებას აძლევენ საბაჟო ადმინისტრირების რეფორმას:

გიორგი ჭირაქაძე, ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი
”ჩვენთან, ასოციაციაშიც, არიან მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები. მიმაჩნია, რომ ამ ცვლილებებს დეტალური განხილვა სჭირდება.”

საბაჟო სფეროში განხორციელებული ცვლილებების მიმართ უფრო კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ხადური:

”ეს ცვლილებები, ჩემი აზრით, მაინც არ იყო შინაარსობრივი და იყო უფრო ფორმის ცვალებადობა, იმიტომ რომ საბაჟოზე ისევ არის პრობლემები - რიგები და ასე შემდეგ.”

კიდევ ერთი რეფორმა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა, ელექტრონული დეკლარირების სისტემაა. ბოლო ერთი წელია გადასახადის გადამხდელ კომპანიას საშუალება აქვს საგადასახადო სამსახურთან საქმე ინტერნეტით აწარმოოს. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ამ სისტემის მომხმარებელთა რაოდენობამ ბოლო თვეების მანძილზე გადამხდელთა 80 პროცენტი შეადგინა.

”ისეთი შედეგებია, რაც მეტყველებს, რომ ბიზნესს აღარ სჭირდება საგადასახადო ორგანოში მისვლა. დღეს უკვე შეიძლება ბიზნესი ისე არსებობდეს, რომ არ მოუწიოს საგადასახადო სამსახურში მისვლა.”

თავდაპირველად ელექტრონული დეკლარირების სისტემას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ექსპერტი ნოდარ ხადური, მიუხედვად იმისა, რომ სისტემას სხვადასხვა ხარვეზები აღმოაჩნდა, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის ელექტრონულ მეთოდზე გადასვლას დადებითად აფასებს:

”სისტემის სრულყოფილად ამოქმედების შემდეგ მართლაც გაუადვილდებათ დეკლარირება მეწარმეებს, აღარ იქნება რიგები საგადასახადოში და ასე შემდეგ, რაც გაამარტივებს ამ ურთიერთობებს.”

მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 2010 წელს საგადასახადო-საბაჟო ადმინისტრირების სფეროში დაწყებული რეფორმა გაგრძელდება და ბიუროკრატიასთან ერთად არსებული ხარვეზების რაოდენობის შემცირება, ანუ სისტემის დახვეწა, მეწარმეების უფრო აქტიური ჩართულობითა და დახმარებით მოხერხდება.
XS
SM
MD
LG