Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა სულ უფრო მეტად აფერხებს საჰაერო მიმოსვლას


ეიაფიოლმა დიდი რაოდენობით ფერფლი ამოისროლა
ეიაფიოლმა დიდი რაოდენობით ფერფლი ამოისროლა
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა სულ უფრო მეტად აფერხებს საჰაერო მიმოსვლას: საქმე გვაქვს გლობალური საჰაერო სივრცის ყველაზე მასშტაბურ შეზღუდვასთან იმ ზომების შემდეგ, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს მოჰყვა საჰაერო მიმოსვლაში.

საჰაერო მიმოსვლა ქაოსით არის მოცული ფერფლის გიგანტური ღრუბლის გამო, რომელიც ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ვრცელდება. ბრიუსელში განთავსებული „ევროკონტროლის“ - ევროპის საჰაერო ნავიგაციის სააგენტოს - ცნობით, საჰაერო მიმოსვლის ვულკანური ფერფლით გამოწვეული შეფერხება კიდევ, სულ ცოტა, 24 საათი გასტანს.

ეს კი ნამდვილად არ არის სასიხარულო ცნობა მგზავრებისთვის მსოფლიოს სულ უფრო მეტ რეგიონში, უწინარეს ყოვლისა, ევროპაში. გადადებული რეისის გამო პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, ბევრ სხვა მგზავრთან ერთად უწევს ლოდინი ექტორ ტუშეს. ის პარასკევს, დილის 10 საათზე უნდა გაფრენილიყო ბრაზილიაში, მაგრამ „ერ ფრანსის“ რეისი გააუქმეს - ისევე როგორც სხვა რეისებიო, დასძენს ტუშე.
ვულკანის ამოფრქვევა ავიამიმოსვლას აფერხებს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:35 0:00

ლოდინი უწევთ აზიის აეროპორტებშიც, მაგალითად ჰონ კონგში, სადაც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტი გამოელაპარაკა ჰოლანდიელ ბიზნესმენ მარკ ზილსტრას. „ამსტერდამში მივდივარ, ჩემი რეისი წუხელ, 11 საათზე იყო, მაგრამ დღეს საღამოს 11-მდე გადაიდო. ასე რომ, 24 საათით დაგვიანდა და ამას შესაძლოა, კიდევ 24 საათი დაემატოს. ასე რომ, სულ 48 საათი გამოდის, თუ დღეს საღამოს ბედი არ გამიღიმებს“, ამბობს ბიზნესმენი, რომელსაც ამსტერდამში ეჩქარება.

ვულკანი, რომელსაც ორი სახელწოდებით იცნობენ - როგორც აიუჰვედლეუკს, ან ეიაფიოლს - და რომლის ამოფრქვევაც ოთხშაბათს დაიწყო, აქტივობის შეწყვეტის არანაირ ნიშანს არ ამჟღავნებს. მან უკვე ამოისროლა დიდი რაოდენობით ფერფლი, დიდი ნაწილი იმ სიმაღლეზე, რომელზეც რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავები დაფრინავენ.

მეცნიერთა განმარტებით, ფრენისთვის საშიშია ის, რომ ფერფლმა, რომელიც ლითონის ნაწილაკებს შეიცავს, შესაძლოა რეაქტიულ ძრავში შეაღწიოს, ის გაჭედოს და გააჩეროს.

„ფერფლი შედგება კვარცის, რკინის, ალუმინის, მაგნეზიის, ბევრი ელემენტისაგან და ამ ფეფრლის დნობის წერტილი 1000-დან 1050-მდე გრადუსია ცელსიუსით. არადა, ძრავები 1400 გრადუსზე მუშაობს, ამდენად, ამ ფერფლს ადნობს, რის შემდეგაც ძრავები გარსს იკრავს და სიმძლავრეს კარგავს“, განმარტავს ისლანდიელი ვულკანოლოგი, არმან ჰოსკულდსსონი. მისივე თქმით, ვულკანების ამოფრქვევას აქამდეც არაერთხელ შეუქმნია საფრთხე თვითმფრინავებისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ისლანდია შუაგულ ატლანტის ოკეანეში, მის ჩრდილოეთში მდებარეობს, საჰაერო მიმოსვლა უპრეცედენტოდ შეიზღუდა: ევროპა (განსხვავებით ინდონეზიის, ან სამხრეთ ამერიკისაგან, სადაც ასეთი ამოფრქვევები მომხდარა) ძლიერად არის დამოკიდებული საჰაერო მოძრაობაზე.

ბრიტანეთში, რომლის საჰაერო სივრცეც ყველაზე მეტად დაზარალებულებს შორის არის, გამოაცხადეს, რომ საჰაერო მოძრაობა, სულ ცოტა, შაბათამდე მაინც აკრძალული რჩება, თუმცა ზოგ რეისს მაინც დაუშევებენ შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შემთხვევებში. სკანდინავიაში სურათი არაერთგვაროვანია: შვეციისა და ნორვეგიის საჰაერო სივრცე თანდათან იხსნება ავიაციისთვის, დანიასა და ფინეთში კი ფრენა კვლავაც აკრძალული რჩება.
ლონდონის ჰითროუს აეროპორტში რეისების უმრავლესობა გაუქმდა

დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც გამოაცხადეს საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. დახურულია აერპორტები მეზობელ პოლონეთშიც - ყველა, კრაკოვის აერპორტის ჩათვლით. არადა, ამ ქალაქში კვირას, 18 აპრილს, ათობით სახელმწიფოს ლიდერებს მოელიან ავიაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დაკრძალვასთან დაკავშირებით.

გერმანიაში 11 საერთაშორისო აეროპორტი დაიკეტა სულ 16-დან, მათ შორის გერმანიის უდიდესი, ფრანკფურტის აეროპორტი. რეისების დიდი ნაწილი გააუქმეს ბრიუსელის, ამსტერდამისა და ჟენევის აეროპორტებმა. ამასობაში, ფერფლის ღრუბელი აღმოსავლეთით მიიწევს, როგორც იუწყებიან, მოსკოვს უახლოვდება.

რამდენ ხანს გასტანს კრიზისი, ამის წინასწარ განსაზღვრა, ექსპერტების განმარტებით, პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუმცა, არის ერთი სასიხარულო ცნობაც: აიუჰვედლეუკიდან ამოფრქვეული ფერფლი საფრთხეს არ უქმნის ჩვენს, ხმელეთზე მყოფთა ჯანმრთელობას! ფერფლის ღრუბელი ზემოთ რჩება, დედამიწის ზედაპირიდან ათამდე კილომეტრის დაშორებით.
XS
SM
MD
LG