Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთანხმების რატიფიკაცია და ხელჩართული ჩხუბი უკრაინის პარლამენტში


აყალ-მაყალი უკრაინის პარლამენტში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:47 0:00
გადმოწერა

აყალ-მაყალი უკრაინის პარლამენტში

უკრაინისა და რუსეთის პარლამენტებში დღეს რატიფიცირებულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, 25 წლით გაგრძელდა ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დისლოცირების ვადა. რატიფიცირების პროცესი, უკრაინის შემთხვევაში, მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა: პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის ათასობით მომხრე გამოხატავდა პროტესტს, მაშინ როცა პარლამენტის შიგნით, სხდომათა დარბაზში, უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. პარლამენტის თავმჯდომარეს ქოლგის მომარჯვება მოუხდა მისთვის ნასროლი კვერცხებისაგან თავის დასაცავად.

რამდენად მწვავე უთანხმოებას იწვევს უკრაინაში რუსეთის ფლოტის დისლოცირების ვადის გაგრძელებაზე გაფორმებული შეთანხმება, გამოჩნდა ნამდვილი აყალ-მაყალით, რომელმაც პარლამენტი მოიცვა შეთანხმების რატიფიცირების დღეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვერცხები დაუშინეს პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ ლიტვინს. ის მათზე არანაკლებ კარგად აღჭურვილი აღმოჩნდა: ქოლგით იცავდა თავს კვერცხების ნამდვილი სეტყვისაგან, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი თეთრ კვამლში გაეხვია...
ვიღაცამ საკვამლე კოჭა ააფეთქა.

პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველი კოალიციის წევრებმა მაინც შეძლეს ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დისლოცირების ვადის გაგრძელების რატიფიცირება. ამის შესახებ, სტვენისა და აპლოდისმენტების ფონზე, გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ვოლოდიმირ ლიტვინმა: „მომხრეა 236. გადაწყვეტილება მიღებულია. (პაუზა) გთხოვთ ყურადღებას: მომხრეა 236! გადაწყვეტილება მიღებულია.“

ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში, შეთანხმება რუსეთშიც, სახელმწიფო სათათბიროში იქნა რატიფიცირებული.

შეთანხმებას გასულ კვირაში მიაღწიეს იანუკოვიჩმა და მისმა რუსმა კოლეგამ, დმიტრი მედვედევმა. რუსეთისთვის ყირიმში სამხედრო ბაზის იჯარის გაგრძელების სანაცვლოდ, მოსკოვმა უკრაინას 30 პროცენტით გაუიაფა ბუნებრივი აირი. აი, როგორ დაიცვა იანუკოვიჩმა ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მაშინვე მკაცრი კრიტიკა მოჰყვა უკრაინაში: „მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უკრაინას ჰქონდა გაზის შესახებ 10-წლიანი კონტრაქტი, რომელიც გვანადგურებდა. ეს იყო მთავარი პრობლემა. გამოსავალი უნდა გვეპოვა“.

მაგრამ ამ „გამოსავალს“ უკრაინაში ბევრი ოპონენტი ჰყავს, უწინარეს ყოვლისა, იანუკოვიჩის წინამორბედი პრეზიდენტის პოსტზე, ვიქტორ იუშჩენკო და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო. ისინი რუსულ სამხედრო ბაზას უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ მტრულ ძალად მიიჩნევენ და, შესაბამისად, მის შეძლებისდაგვარად მალე გაყვანას მოითხოვენ. მაგრამ თუ იჯარის ვადა, დღევანდელ კენჭისყრამდე არსებული შეთანხმებით, 2017 წელს უნდა ამოწურულიყო, ახლა ის
25 წლით გაგრძელდა.

ტიმოშენკო უკრაინის ისტორიის „შავ ფურცელზე“ ლაპარაკობს. პარლამენტთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, მან ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდა 11 მაისს მასობრივ დემონსტრაციაში მონაწილეობისაკენ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

„ჩვენ გაერთიანებას შეუძლია არა ხუთ წელიწადში და არა სამში ან ორში, არამედ საკმაოდ მალე მიგვიყვანოს იქამდე, რომ უკრაინას ახალი საპარლამენტო უმრავლესობა და ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“, ირწმუნება ტიმოშენკო. ის გამოვიდა აგრეთვე მოწოდებით, პარლამენტში, უნივერსიტეტებში, საწარმოებში შეიქმნას საგანგებო კომიტეტი „უკრაინის გასაარჩენად“.

„უკრაინის გადარჩენის კომიტეტს“, ტიმოშენკოს განმარტებით, მარტო ერთი ლოზუნგი შეიძლება ჰქონდეს: „ყირიმის მიწას ფასი არა აქვს. უკრაინა არ იყიდება! არა აქვს ფასი ჩვენი განვითარების სტრატეგიულ სექტორებს. უკრაინა არ იყიდება!“

დღეს კიევში კონტრ-დემონსტრაციაც მოეწყო. იანუკოვიჩის მომხრეებმა რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

უკრაინის პარლამენტში შეთანხმების რატიფიცირებას მიესალმა რუსეთის პრეზიდენტიც: „მე ეს ძალიან მიხარია. ეს აჩვენებს, რომ გონიერება იმარჯვებს და რომ უკრაინის სტრატეგიულმა ინტერესებმა გაიმარჯვა ემოციებზე, რომლებიც ... ხმაურის სხვადასხვაგვარი ეფექტებითა და საკუთარი შეხედულებების დემონსტრირების სხვა საშუალებებით გამოიხატებოდა“. ეს შეფასება პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს, ნორვეგიაში ვიზიტის დროს გამოთქვა.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან არის განთავსებული ყირიმში, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსკოვს ფლოტის 2017 წლამდე გაყვანაზე დაყაბულება მოუწია. ახლა ეს ვადა 2042 წლამდე გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG