Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საინვესტიციო გარემოს


ფეხსაცმლით მოვაჭრე თბილისის ერთ-ერთ ბაზრობაზე
ფეხსაცმლით მოვაჭრე თბილისის ერთ-ერთ ბაზრობაზე
ახლახან მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შესწავლილია საინვესტიციო ნაკადების მიმოქცევისათვის არსებული პირობები 87 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. საინვესტიციო გარემოს შეფასებისას ექსპერტები ძირითადად ეყრდნობიან ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ბაზას და მათი აღსრულებისთვის შექმნილ გარემოს. ანგარიშის ავტორთა დასკვნით, ქვეყნები, რომლებიც კრიზისის პირობებში მაქსიმალურად გაუხსნიან კარს უცხოურ ინვესტიციებს, შედარებით ადვილად მოახერხებენ კრიზისიდან გამოსვლას.

მსოფლიო ბანკის გამოკვლევა ”ინვესტიციები საზღვრებს გარეშე” აღწერს იმ გარემოს, რომელიც მსოფლიოს 87 ქვეყანაშია შექმნილი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად. მათ შორის საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს. მაგალითად, ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო პროცედურების თვალსაზრისით, საქართველო, სადაც უცხოელ ბიზნესმენს საქმიანობის წამოსაწყებად ოთხ დღეში მხოლოდ ოთხი პროცედურის გავლა უწევს, მეორე ადგილზეა. საქართველოს შემდეგ მოდის კანადა და სხვ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ისაკაძე, მიიჩნევს, რომ საქართველოში უცხოური ბიზნესის რეგისტრაციის შეფასებისას მსოფლიო ბანკი ობიექტურია:

გიორგი ისაკაძე, საქართველოს ბიზნესასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
”თუ სხვა ქვეყნებში 6-8 თვე სჭირდება საწარმოს რეგისტრაციას, აქ საუბარია მაქსიმუმ 1 კვირაზე. ესეც პესიმისტური პერიოდია აღებული. მსოფლიო ბანკის ეს ანგარიში არის კიდევ ერთი გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმები სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც საქართველოს განასხვავებს სხვა ქვეყნებისგან და უფრო მიმზიდველს ხდის პოტენციური ინვესტიციებისთვის.”

მსოფლიო ბანკის კვლევაში, რეგისტრაციის პროცედურების გარდა, შეფასებულია ქვეყნებში უცხოური ინვესტიციით სხვადასხვა ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა - მაგალითად, ბანკის გახსნა თუ მედია საშუალების დაფუძნება. საქართველოს ყველა გრაფაში 100 ქულიანი შეფასება აქვს. საქართველოს მთავრობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მსოფლიო ბანკისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მსგავს შეფასებებს. მათ მნიშვნელობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი ამბობს:

”საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ინვესტორს ყოველდღიური და ყოველწამიერი სურათი ჰქონდეს, თუ რა ხდება საქართველოში, ეს იქნება საფონდო ინდექსი თუ სხვა ინდიკატორები. ამიტომ ასეთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს აქვს გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჩვენთვის, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის.”

უცხოელი ინვესტორების ნდობის მოპოვება კი საქართველოს მთავრობას პირდაპირი ინვესტიციების მოსაზიდად ესაჭიროება. სწორედ უცხოური ინვესტიციებისათვის კარის ფართოდ გაღებას ურჩევენ ქვეყნებს ავტორები ანგარიშისა ”ინვესტიციები საზღვრებს გარეშე”, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. მათი აზრით, კრიზისის პირობებში გამოსავალი მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მაქსიმალურ მოზიდვაშია. უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოს მთავრობაშიც ბევრს საუბრობენ. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს მოვუსმინოთ:

კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
”ქართული ეკონომიკის განვითარების ერთადერთი საშუალება არის უცხოური ინვესტიციები. სხვა განვითარების საშუალება საქართველოს არ გააჩნია. რთული ვითარება შეგვექმნა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, შეგვექმნა რუსეთის შემოტევის გამო, იმიტომ რომ მოხდა ინვესტორების ეროზია არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ ზოგადად ინვესტიციებმა დაიკლო. ჩვენთან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მცირე ინვესტიციები შემოდის. მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამებს და გვინდა, რომ მათ ხელი შევუწყოთ.”

ერთ-ერთ ასეთ ახალ პროგრამად სახელდება საქართველოს რკინიგზის ბონდების ლონდონის ბირჟაზე გატანა, რაც ერთგვარი ინდექსის როლს შეასრულებს საქართველოს ბიზნესის შესაფასებლად. ანალოგიურ მისიას ასრულებს საქართველოს მიერ 2008 წლის ომამდე გამოშვებული ევროობლიგაციები, რომლის ღირებულების დინამიკაც ინვესტორების საქართველოსადმი ინტერესის თვალსაჩინო სურათს ხატავს. თუმცა ყველა თანხმდება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაპოვებლად უფრო მეტი მიმზიდველობაა საჭირო. აი, რას ამბობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, ინვესტორმა რომ საქართველო, მაგალითად, ესტონეთს ამჯობინოს:

”ჩვენ ის პრობლემები, ის დანაკარგი თუ წინააღმდეგობები, რაც ჩვენთან შეიძლება ინვესტორს შეხვდეს, ყველაფერი უნდა გავაუქმოთ და პლუს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ და ესტონეთს ერთი და იგივე პირობები გვაქვს, რაც შეეხება ინვესტორების მოპყრობას, მაგრამ ესტონეთს უფრო მაღალი გადასახადები აქვს. ამიტომ გირჩევთ ჩვენთან ინვესტირებას.”

გია ჯანდიერი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი
გია ჯანდიერი საუბრობს გადასახადების შემცირების აუცილებლობაზე, რაზეც საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპზე უარი თქვა და ახალი საგადასახო კოდექსის პროექტში საგადასახადო ბაზის მოცულობა გაზარდა.

ეკონომიკის ექსპერტთა მეორე ნაწილი კი გადასახადების შემცირებაზე უფრო მეტ მნიშვნელობას ისეთი გარემოს შექმნას ანიჭებს, სადაც ბიზნესმენს მარტივად რეგისტრირებული საქმის წარმოება აღარ გაუჭირდება.

ამ გარემოს მსოფლიო ბანკის ანგარიშის მესამე ნაწილი აღწერს და ეს მიმართულება კანონი და კომერციული დავების მდგომარეობაა. აქ საქართველოს მაჩვენებელი საშუალოა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი შედარებით ძლიერია, რეალურად იურიდიული დახმარების მიღება მხოლოდ ბიზნესმენთა ნახევარზე ცოტა მეტს შეუძლია. ინგლისში ეს მაჩვენებლები ას პროცენტსაა მიახლოებული. მაგრამ საქართველოში ვითარება თანდათან იცვლება. უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, სასამართლოში ბიზნესმენებსა და სახელმწიფოს შორის წარმოებული დავების თითქმის ნახევარი ბიზნესმენების სასარგებლოდ წყდება.
XS
SM
MD
LG