Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვჩქარობ?


წლევანდელ ზაფხულში მხოლოდ 2-3 დღე გამოერია ისეთი, როცა კაცი სიამოვნებისგან იტყოდი: “დავისვენე რა!”. წლევანდელმა ზაფხულმა ნებივრობის გარეშე ჩაიარა, დასვენებამ და სიმშვიდემ წელსაც მიმატოვა (ბოლო წლებში სულ დავავიწყდი). წლევანდელი ზაფხულიც, ისევე, როგორც წლის ყველაზე დატვირთული თვეები (ჩემთვის ესენია - მაისი, სექტემბერ-ოქტომბერი და დეკემბერი) ფიქრებში, გადარბენებში და ფაცხა-ფუცხში გავატარე, საქმეების ბოლომდე მიყვანის წყურვილი, ახალი საქმეების დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული ფორიაქი, უძილო ღამეები... მგონია, რომ ადამიანმა პირველ რიგში უნდა მოისვენო, რომ დასვენება შეძლო. თუ არ მოისვენე, ვერ დაისვენებ! დედაჩემის (და მრავალი სხვა დედის) ჯადოსნური სიტყვა “მოისვენე!” ახლა სულ სხვანაირად ჩამესმის. ეს აღარაა იმპერატივი, მკაცრად ნათქვამი ბრძანება, არამედ უფრო მეგობრული რჩევაა.

სიჩქარე და 2 დღეში ორკვირიანი ხარვეზის ამოვსება ყოველთვის ძალიან მაზარალებდა ხოლმე. სწორედ ამიტომაა, რომ ბევრი რაღაცა ბოლომდე დამრჩა მისაყვანი: დაუმთავრებელი წიგნები - ერთის დამთავრებას 2 თავის დაწერაღა აკლია, მეორეს მხოლოდ შესავალი და ბოლო სამი თავი აქვს, მესამე თითქოს მსუქნად გამოიყურება, შესაბამისად ამოსაყრელია რაღაცეები.

იგივე შეიძლება ითქვას შუა გზაში მიტოვებულ ენებზეც, რომელსაც სწორედ სიდინჯე დავაკელი, თანმიმდევრულობა და მოთმინება. მე რომ სიამოვნებებს არ გადავყოლოდი, კითხვით დაწყებული და ენო-გასტრონომიული ჰედონიზმით დამთავრებული, ახლა 2-ით მეტი ენა მეცოდინებოდა, თან ხომ იცით, როგორი ძნელია უცხო ენის წიაღში არსებული გამოცდილების გაზიარება ამ ენის სამფლობელოსგან მოშორებით. თბილისელი რეპეტიტორების წყალობით, ანდა პარალელური ტექსტების კითხვითა და შტუდირებით დაგროვილი ლექსიკური მარაგი არაა საკმარისი უცხოელთან ურთიერთობისთვის და ხშირად შევთხოვთ ხოლმე იმ უცხოელს, ცოტა შეანელოს ტემპი და გვაცალოს ნათქვამის ბოლომდე გააზრება. ანუ აქაც შენელებაა საჭირო, და სიდინჯე და მოთმინება სხვებსაც შეგვიძლია მოვთხოვოთ.

მართლაც, საკმარისია ვუთხრათ რომელიმე გერმანელს - "შპრეხენ ზი ბიტე ლანგზამ” - და ისიც მაშინვე გამოერკვევა, ჯერ თავაზიანად მოგვიბოდიშებს, შემდეგ კი მშობლიური ენის "საოცრად გამჭვირვალე”, მდორე ნაკადში ჩაგვითრევს. ნაკადში, სადაც ჰუმანიტარული დახმარებასავით მოედინება გერმანული კონცეპტების მთელი მარაგი.

ევროპელთა ასეთი თავაზიანობა ერთად-ერთი ხსნაა ახალ სამყაროში ჩვენი უკეთ ორიენტაციისთვის, დინჯი მეტყველების გარეშე ხომ შეუძლებელია ნათქვამის გაანალიზება, უცხო მნიშვნელობათა გაგება. სხვა კულტურათა სივრცეებში მხოლოდ აუჩქარებლად, ნელი ნაბიჯით შევაღწევთ და ამიტომ ნურავის ჰგონია, რომ სინათლის სიჩქარით მსრბოლავ მერანზე ამხედრებულები შევგრიალდებით იქ. ასეთი სისწრაფის მოყვარულთ ვურჩევ, ინტერნეტში იჯირითონ - მაუსზე ხელის ერთი დატკაცუნება საკმარისია, რათა ბედის სამზღვართან მიახლოების ექსტაზი იგრძნო.

ტოტალური და მყისიერი შემეცნების ეს ტიპი თანამედროვე მსოფლიოში უკვე ნორმად იქცა. დღეს ნებისმიერ რაღაცაზე წამიერად შეგვიძლია მივიღოთ პასუხი. სხვა საქმეა დროის და სივრცის ამბავი. მატარებლების, თვითმფრინავებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების ფარდობით სიჩქარეს, დღეს სინათლის აბსოლუტური სიჩქარე დაუპირისპირდა, რეალურ სივრცეს - რეალური დრო ჩაენაცვლა, მოხდა დროის და არა სივრცის მოხმარების ორგანიზაცია, დროში სიახლოვემ სივრცობრივი მიმდებარეობა გააუფასურა, დაშორებული მეზობელზე, გვერდითმყოფზე უფრო "დაგვიახლოვა”, მომიჯნავე კი საერთოდ დაგვავიწყა "ცხრამთასიქითასთან” ასეთმა "ტელემიმდებარეობამ”.

მითიური კატეგორიისა (ცხრამთასიქითა) და ხელოვნურად შექმნილი ტექნიკური ტერმინის (ტელემიმდებარეობა) ეს უცნაური მეზობლობა არც ისე უცნაურად მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე მეცნიერებისა და ფილოსოფიის მთავარი პერსონაჟი, სიჩქარე, არსებითად სწორედ ასეთ მითიურ-ექსტატიურ ფორმებთან ამჟღავნებს ნათესაობას. ანალიზის ახალი სფეროს, დრომოლოგიის (მეცნიერება სიჩქარის შესახებ) მამა, პოლ ვირილიო აგერ უკვე ოცდაათი წელია, კონფერენციიდან კონფერენციაზე მიმოქრის (ისევ სიჩქარე) და აუწყებს მსოფლიოს ამგვარი სიამოვნების შესაძლო სახიფათოობას. არადა, თავად კონფერენციის პრაქტიკაც, როგორც დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანების თავყრილობისა, ნელ-ნელა თმობს პოზიციებს, კარგავს თავის მნიშვნელობას - მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, კონფერენცია ინტერნეტით: მეცნიერები თვალის ერთ დახამხამებაში იყრიან თავს, ასევე სწრაფად გადიან რეგისტრაციას (თუკი, რა თქმა უნდა, ვინმე ჩვენებურმა არ გააჯანჯლა საქმე) და იწყება ურთიერთობა, სადაც არც სივრცე არსებობს, არც სხეული და არც ჟესტი, ვერც შადრევნიან ეზოში გაისეირნებ სხდომის დამთავრების შემდეგ და ვერც ჩოგბურთს ითამაშებ. ქალებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თუმცა არა, ვცდები, "ტელემიმდებარეობამ” ეს პრობლემაც მოხსნა: ერთი უცნაური ჩაფხუტია, თავზე ჩამოიცვამ, ხელთათმანს გაიკეთებ და მიდი, ეფერე რამდენიც გინდა შორეულ სატრფოს, “გულისა სიცხე განიგრილე” მის საყურეთა ჩრდილქვეშ.

სწორედ ამ თემებზე ვარიაციებით იწყება მილან კუნდერას 1995 წელს გამოქვეყნებული რომანი სახელწოდებით "სიდინჯე” (და არა "აუჩქარებლობა”, როგორც ზოგი თარგმნის ამ სათაურს, ძირითადად რუსულ неспешность-ის წაბაძვით ) - მწერლის მიერ ფრანგულ ენაზე შექმნილი პირველი დიდი ნაწარმოები.

რომანის მნიშვნელოვანი ნაწილი, არსებითად, ანალიზს ეთმობა. იქნება ეს XVIII საუკუნის ფრანგული კულტურისთვის ნიშანდობლივი სიდინჯისა და აუჩქარებლობის იდეალი, თუ ჩვენი, თანამედროვე ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი უგულისყურობა და სიბრიყვე. ამ უკანასკნელის ფონზე, XVIII საუკუნე ავტორს ნამდვილ სამოთხედ წარმოუდგება: "რატომ გაქრა სიდინჯით, სიზანტით ტკბობის ხელოვნება? სადღა არიან ახლა გარდასულ დროთა უქმად მოხეტიალე რაინდები?” - სვამს კითხვას ავტორი და იხსენებს ჩეხურ გამოთქმას, რომელიც ასეთ მცონარე ნეტარებაში მყოფ ადამიანებს ძალზე საინტერესო მეტაფორით ახასიათებდა: "ისინი უფლის სარკმლებს მისჩერებიან”.

მისჩერებიან და არ ადარდებთ სხვათა მზერა, მათკენ მომართული.

ამ დინჯი ჯეელების გაუჩინარებასთან ერთად სივრცის ადამიანური, ტრადიციული გაგებაც გაქრა. თავის რომანში, "უკვდავება” (1990) კუნდერა მთელ პასაჟს უძღვნის ამ თემას და შემდეგ დეფინიციას გვთავაზობს: გზა - სივრცისადმი მიძღვნილი ჰიმნია, გზატკეცილი კი სივრცის გაუფასურებას მოასწავებსო.

თანამედროვე ცივილიზაცია, კუნდერას აზრით, გზატკეცილების ცივილიზაციაა, გზები აღარ არსებობს, რადგანაც მანამ, სანამ ლანდშაფტებიდან გაქრებოდა, გზები ადამიანის სულიდან გაქრა. ადამიანები აღარ ოცნებობენ გასეირნებაზე, უქმად ყიალს გადაეჩვივნენ, ფეხით გავლაც აღარ ანიჭებთ ისეთ სიამოვნებას და ამიტომ მათი ცხოვრება ერთი წერტილიდან მეორე წერტილისკენ მიემართება მხოლოდ, კაპიტნის ჩინიდან - გენერლობამდე, დამწყები მწერლიდან – კლასიკოსობამდე, ბავშვურობიდან - ხეპრეობამდე და ა.შ.. ცხოვრების დრო მათთვის ერთიან წინაღობად იქცევა, რომელიც სულ უფრო დიდი სიჩქარეებით უნდა დაძლიო.

გზა და გზატკეცილი მშვენიერების ორი სხვადასხვა გაგებაა - გზის მშვენიერება აუცილებლად გაჩერებას, შეყოვნებას, ჩამოხდომას გულისხმობს. გავიხსენოთ ბარათაშვილი: "ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,/ ოდეს შვენება შენი იხილოს,/ რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,/ რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს,/ როგორ იქნება არ განისვენოს”, გზატკეცილების სამყაროში კი პეიზაჟი ნიშნავს მშვენიერების კუნძულს, რომელიც გრძელი, უსასრულო ხაზითაა შეერთებული მეორე ასეთივე კუნძულთან. ერთხელ მახსოვს, საფრანგეთში მძღოლს მანქანის გაჩერება ვთხოვე, გარშემო ვენახები იყო, ძალიან მომინდა გადასვლა, “ჩამოხდომა”... მძღოლს ძალიან გაუკვირდა. მერე მითხრა, ჯანდაბას, ადგილს ვიპოვი და ცოტა ხანში გავაჩერებო. 20-25 წუთი კიდევ ვიარეთ, იქ სადაც მანქანა გაჩერდა, ვენახები აღარ იყო, მხოლოდ საზ. ტუალეტი და მოწყენილობა. არანაირი მშვენიერების კუნძული.

ვიცი, იტყვით, მცონარობა და არხეინობა ქართველებს ნამდვილად არ გვაკლიაო, მაგრამ რა ვქნა, ძალიან რომ მომენატრა უდარდელი დღეები და დასვენება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიმშვიდემ წელსაც მიმატოვა (ბოლო წლებში ხომ საერთოდ დავავიწყდი).

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG