Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში პრეზიდენტმა ფიცი დადო


ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელორუსიის პრეზიდენტი
ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელორუსიის პრეზიდენტი
პარასკევს ბელორუსიაში საპრეზიდენტო ფიცი დადო ალექსანდრ ლუკაშენკომ, პოლიტიკოსმა, რომელიც კიდევ ხუთი წელიწადი გაუძღვება ქვეყანას. მისი არჩევა მოხდა სადავო კენჭისყრის შედეგად. არჩევნებს მოჰყვა არეულობა, წამყვანი ოპოზიციონერების დაპატიმრება. ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მა თავიანთი წარმომადგენლები პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ მიავლინეს.
რესპუბლიკის სასახლე მინსკის ცენტრში მდებარეობს. იქ შეკრებილების თანდასწრებით, რომელთა შორის დასავლელი სტუმრები არ იყვნენ, ლუკაშენკომ საზეიმოდ დადო ფიცი:

“ვიბარებ რა ბელორუსიის პრეზიდენტის თანამდებობას, საზეიმოდ ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო ბელორუსიის რესპუბლიკის ხალხს, პატივი ვცე და დავიცვა ადამიანის და მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, დავემორჩილო და დავიცვა რესპუბლიკის კონსტიტუცია, ფხიზლად და პატიოსნად შევასრულო ჩემთვი დაკისრებული მაღალი მოვალეობები.“

როცა მინსკში ბელორუსიის ჰიმნი ჟღერდა, დასავლეთში მსჯელობდნენ, როგორი უნდა იყოს სანქციები ამ ქვეყნის ახლა უკვე კიდევ ხუთი წლით პრეზიდენტის სავარძელში მჯდომი ლუკაშენკოს მიმართ, რომლის მკაცრ ხაზსაც უკავშირდება 19 დეკემბრის არჩევნების შემდგომი მოვლენები: დაპატიმრება არა მხოლოდ, უბრალოდ, აქტივისტებისა, არამედ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატებისაც. მაშინ სულ 700 პირი დააკავეს, 30-მდე ადამიანი გაასამართლეს და მცირე ხნით პატიმრობა მიუსაჯეს. ინაუგურაციის წინა დღეს, 20 იანვარს, ევროკავშირის მინისტრებმა დაადგინეს, რომ 31 იანვარს გადაწყვეტენ, რა სანქციებს მიმართონ. შესაძლოა, მოგზაურობა აუკრძალონ თვით ლუკაშენკოსა და მის ახლო თანამშრომლებს; შესაძლოა, მინსკს საერთაშორისო საფინანსო დახმარება შეუწყვიტონ.
მაგრამ ლუკაშენკოს ახლა თავი მტკიცე პოლიტიკოსად მოაქვს და ინაუგურაცია თავისი აზრის სათქმელადაც გამოიყენა.

„მინდა შევახსენო ბელორუსიის არაკეთილმოსურნეთ ხალხური სიბრძნე: „ნუ შეუნთებ ცეცხლს მეზობლის სახლს, ის შეიძლება შენს საცხოვრებელსაც გადმოედოს“, თქვა ლუკაშენკომ, რომელმაც ბრალად დასდო გერმანიასა და პოლონეთს, ბელორუსიაში მეამბოხეებს აქეზებდნენო, რასაც ბერლინსა და ვარშავაში აბსურდი უწოდეს. ლუკაშენკომ ამავე გამოსვლაში თავის ქვეყანაზე ილაპარაკა როგორც ძლიერ, სტაბილურ სახელმწიფოზე, რომელსაც არ ემუქრება, როგორც მან თქვა, „ფერადი რევოლუციების ვირუსი“. მინსკელი ლიდერის თქმით, ის მხოლოდ სუსტ ქვეყნებს უქმნის საფრთხეს, რომელთა სახელმწიფო ორგანიზმი დასუსტებულია ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით, ხელისუფლება კი მოსახლეობასთანაა დაპირისპირებული. ბელოუსიაში ამ ვირუსს, უბრალოდ, არა აქვს ხელსაყრელი გარემო, თქვა მან.

ეს ასეა, მაგრამ ბელორუსიის პრეზიდეტმა მაინც აღნიშნა, უსაფრთხოებას და სტაბილურობას დავიცავთ გარე და შიდა მტრებისგანო:

„ჩვენს საზოგადოებას არავითარი „მეიდნები“ არ ემუქრება. ბელორუსული სახლის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ყოველგვარი გარე და შიგა მცდელობებისგან დავიცავთ.“

ლუკაშენკო თავის ქვეყანას მტკიცე ხელით მართავს 1994 წლიდან. მას აშშ-ის წინა პრეზიდენტმა ევროპის „უკანასკნელი დიქტატორი“ უწოდა. და აი, ამ „დიქტატორმა“ სანქციებით დასავლეთის მუქარასთან დაკავშირებით განაცხადა, სანქციებს მკვეთრი ნაბიჯებით ვუპასუხებთო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG