Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ტაში MEZZO-ზე


1 მაისს რუსთაველის თეატრში მეტად სასიამოვნო და მნიშვნელოვანი კონცერტი ჩატარდა. სასიამოვნო იმიტომ, რომ შესანიშნავმა პიანისტმა, ელისო ბოლქვაძემ ბეთჰოვენის I საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. და არა მხოლოდ. შესრულდა, ასევე, მოცარტის კონცერტი სამი ფორტეპიანოსთვის, სადაც ელისო ბოლქვაძეს ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტები, ანა ყოფიანი და ნინო გვეტაძე უწევდნენ პარტნიორობას. და კიდევ - ბეთჰოვენის VII სიმფონია და არჩილ გიორგობიანის "აზარი".

ბეთჰოვენი რომ დიდი კომპოზიტორია, ამის შეხსენება, ვფიქრობ, არ გჭირდებათ, მაგრამ არჩილ გიორგობიანი რომ უაღრესად საინტერესო მოვლენაა ქართულ მუსიკალურ (საკომპოზიტორო) ყოფაში, შესაძლოა, არც იცოდეთ. "აზარმა", ჩემი აზრით, ღირსეულად შეავსო მოცარტსა და ბეთჰოვენს შორის წარმოქმნილი პაუზა. მგონი, არ გადავაჭარბებ, თუკი ვიტყვი, რომ მსმენელები მეტად საინტერესო მოაზროვნე-კომპოზიტორის დაბადების მოწმენი გახდნენ.

თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს, "სიმფონიეტას" ფრანგი დირიჟორი, ბენჟამინ ლევი ხელმძღვანელობდა და, შეიძლება ითქვას, შთამბეჭდავადაც. ეს ორკესტრი, მიუხედავად სინორჩისა, ხილულად ყალიბდებდა "ვარსკვლავურ" კოლექტივად. მის ”ხარისხის ნიშნად" გამოდგება თუნდაც "საფირმო", რბილ-ხავერდოვანი ჟღერადობა, რომელიც ასე აკლია ბევრად უფრო ავტორიტეტულ ქართულ ორკესტრებს.

სუბიექტური გადახვევა: შესაძლოა, უტაქტოდ გამომივიდეს და ამის გამო წინასწარ გიხდით ბოდიშს, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ეს შენანიშნავი ორკესტრი გია ბუღაძემ დააარსა და ამით განუზომლად ამაყი ვარ (გია ბუღაძესთან, მოგეხსენებათ, გარკვეული ახლო ურთიერთობა მაკავშირებს); ორი წლის განმავლობაში "სიმფონიეტა" სამხატვრო აკადემიის ორკესტრის სტატუსით გამოდიოდა და ამ პერიოდში საკმაოდ საინტერესო "მუსიკალურ
ორგანიზმად" ჩამოყალიბდა. ერთი რამ ფაქტია, პროგრესი აშკარაა: ეს ორკესტრი ბევრად უკეთ ჟღერს, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ, ელისო ვირსალაძის თელავურ ფესტივალზე ჟღერდა (თუმცა არც მაშინ დაუკრავთ ურიგოდ). "სიმფონიეტას" იმ დღევანდელ წარმატებას კი, ცხადია, უცხოური ორკესტრებიდან ჩამოსულმა რამდენიმე სოლისტმაც შეუწყო ხელი: კერძოდ "მიუნჰენელმა" ჰობოისტმა გიორგი გვანცელაძემ, "როტერდამელმა" ფაგოტისტმა ბრამ ვან სამბეკმა და "ზოგადევროპულმა" კლარნეტისტმა ლევან ცხადაძემ.
ელისო ბოლქვაძემ აბსოლუტურად "სხვა სიმაღლიდან " მოგვასმენინა ბეთჰოვენის I - არტისტულად, "მსუყედ" და ფხიზლად.

საღამოს კულმინაცია, ჩემი აზრით, სწორედ ეს კონცერტი გახლდათ.
მოცარტის "სამი ფორტეპიანო", ცოტა არ იყოს, ერთფეროვნად მომეჩვენა; ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სამ კი არა, ერთ ინსტრუმენტზე უკრავდნენ, "განსხვავებები" კი ამ კონცერტში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა თავისთავად, - ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად - ნამდვილად აღნიშვნის ღირსნი არიან ზემოთ ხსენებული ახალგაზრდა პიანისტები (ნინო გვეტაძემ, მაგალითად, ლისტ-შუმანის ოპუსების ლირიკულ-დახვეწილი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა).

მნიშვნელოვანი კი ეს კონცერტი იმით იყო, რომ მას პოპულარული და - არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმა - ძალიან მაგარი მუსიკალური არხი, MEZZO იწერდა. თბილისურ კონცერტს, როგორც გვამცნეს, მრავალჯერ აჩვენებენ MEZZO-ზე.

გამოვტყდები, პაუზებში, ერთი-ორჯერ ექსპრესიულადაც კი ჩავახველე, რათა შემდეგ, ამ კონცერტის ტელევიზორში ცქერისას, ამაყად მეთქვა: "აჰა, ახლა რომ დაახველა, მე ვარ!". მართალია, კომპოზიტორ გია ყანჩელს არ უყვარს, როცა ადამიანები ახველებენ (ან გაციებულები მოდიან კონცერტზე), მაგრამ რაკი მოცარტს, ბეთჰოვენს და არჩილ გიორგობიანს პრეტენზია არ გამოუთქვამთ, ამიტომაც ვიკადრე ამგვარი რამ.

თუმცა, ზოგადად, მაინც შევრცხვით (და რაც ყველაზე სამწუხაროა, MEZZO-ზე ესეც დაფიქსირდა): პაუზებში - მოჭარბებული ემოციისა თუ გაუთვიცნობიერებლობის გამო - თავგამოდებით ვუკრავდით ტაშს და მერე სხვების მიმართ გამოვთქვამდით ნტ, ნტ, ნტ-იან საყვედურს. მაგრამ ტელეფონს, რაც მართალია, მართალია, არც ერთხელ არ დაურეკავს. ამ მხრივ, გადავრჩით. ერთი კია, ბოლოსკენ ფაქტობრივად სრულად დაიცალა დარბაზი - ხალხი, როგორც ჩანს, ფილარმონიისკენ მიიჩქაროდა პატრირქის კათოლიკურსათაურიანი საგალობლების მოსასმენად და ბეთჰოვენის მეშვიდეზე უკვე დიდი გაწევ-გამოწევაც ყოფილა გასახდელში. მაგრამ ეს კი მეუცნაურა: დარბაზში რამდენიმე მღვდელი მაინც დარჩა. ბეთჰოვენს ბოლომდე უსმინეს. ასე რომ, MEZZO-ზე მათაც ვნახავთ.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG