Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმარ-მასპინძელი


კვირის დასაწყისი

ნუ, გეებს რომ ომალოში აღარ ჩაესვლებათ, ფაქტია. და ვშიშობ, აწი ჰეტეროსექსუალებიც ბევრს იფიქრებენ, სანამ თუშეთში წასვლას გადაწყვეტენ.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მედიასააგენტომ მეტად უსიამოვნო ცნობა გაავრცელა: ომალოში გერმანული გეი-წყვილი გაუკოჭავთ და, არც მეტი, არც ნაკლები, მდინარეში ჩაუგდიათ.

ყმაწვილები ადგილობრივებს სუფრასთან მიუწვევიათ, არყით გაუჭყიპავთ და მერე (რბილად რომ ვთქვათ) მეტად გაჰკვირვებიათ, როცა მთვრალ ვაჟკაცებს კოცნაობის სურვილი მოსძალებიათ. ესენი მეტრაკეები ყოფილანო - გადარეულან მასპინძლები და, თავადაც მთვრალებს, დამფრთხალი და გაკოჭილი ბიჭები მდინარეში გადაუგდიათ.

გაწამებული გეები სხვა, ფხიზელ ადგილობრივებს ამოუყვანიათ წყლიდან.

გერმანელებს ისე სწრაფად მოუკურცხლავთ, პოლიციაშიც კი არ წასულან, თბილისამდე სხვადასხვა ავტობუსით უმგზავრიათ (ეშინოდათ, ერთად რომ დაგვინახონ, ისევ რაღაცას მოგვწევენო) და დილითვე გაჰყოლიან კიევის რეისს (კიევიდან, მოგეხსენებათ, იაფია). ფატალური ზასაობა კი მხოლოდ მას შემდეგ განუახლებიათ, რაც ევროკავშირის ზონაში გასულან; ჩახუტებულან, უტირიათ და პირობა მიუციათ ერთმანეთისთვის, აღარასდროს შეედგათ ფეხი მთაგორიან პოსტსაბჭოეთში.

თუმცა რაკი პოლიციაში არ გამოცხადებულან, შესაბამისად, არც საქმე აღძრულა, და მეტიც, ისიც კი ითქვა, ეს ყველაფერი საქართველოს მტრების მოგონილია (ნიკარაგუელებს, ვენესუელელებსა და ნაურუელებს ასახელებენ), რათა ტურისტები აღარ ჩამოვიდნენო. ამათი შავი PR უნდა იყოსო. ასეა, ჩემს მტერს გადაეკიდა ნაურუელი - ყველაფერს იზამს, რომ საქმე გაგიფუჭოს!

მაგრამ თუკი ეს სიცრუე არაა და უცხოელი გეები მართლაც სასიკვდილოდ გაიმეტეს პატიოსნების დამცველმა კაციჭამიებმა, სულ მცირე, ან ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე უნდა გადადგეს თავისი თანამდებობიდან, ან თუში დეპუტატი პ. ცისკარიშვილი გაიგდოს პარლამენტიდან (მაინც ტყუილად აცდენს სკამს). ვინმე ხომ უნდა დაისაჯოს! თუმცა მთავარი ისაა (ვიმეორებ, ამ ამბის დადასტურების შემთხვევაში), მოძალადეები მოინახონ და კუნძულ მიკონოსზე იქნან გადასახლებულნი... კუნძულ ლესბოსის მახლობლად. თუ რატომ, თავად უნდა მიხვდეთ.


კვირის ბოლო

ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში ორ ახალგაზრდა მამაკაცთან გამოქვეყნდა ინტერვიუ. ახალგაზრდები სწორედ ის გეები აღმოჩდნენ, რომელთა "განწმენდის პროცედურაც" ასე შემზარავად განხორციელდა ზემო ომალოში.

ყმაწვილებს არ უარყვიათ მდინარეში ჩაგდების ფაქტი, მაგრამ ისიც თქვეს, გაკოჭვით არავის გავუკოჭივართო.

გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან (პუბლიკაციის სათაურია: "როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მეტად თავისუფალ ხალხთან ვართ სტუმრად").

ჟურნალისტი: ხომ ვერ გვეტყვით, ზოგადად, როგორ ფუნქციონირებს გეობა საქართველოში?

პირველი ყმაწვილი: წარმოდგენა არა მაქვს. იქ მხოლოდ ოთხი დღე დავყავით და ეს დროც საკმაოდ აგრესიულ ჰეტეროსექსუალებთან ერთად გავატარეთ.

ჟურნალისტი: მართლა მდინარეში ჩაგაგდეს?

მეორე ყმაწვილი: დიახ, წყალი კისრამდე გვწვდებოდა.

ჟურნალისტი: იქნებ მიზეზი აგეხსნათ?

მეორე ყმაწვილი: დავლიეთ, დავთვერით და მერე მასპინძლებმა (უმეტესად კაცები იყვნენ) ერთმანეთს დაუწყეს კოცნა-ხვევნა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ გეები არიან და ბუნებრივად ავყევით.

პირველი ყმაწვილი: დიახ, მთაში მცხოვრები გეები გვეგონენ...

მეორე ყმაწვილი: ხო, კისერში, ტუჩებში და მუცელზე კოცნიდნენ ერთმანეთს...

პირველი ყმაწვალი: მაგრამ რატომღაც მაინც გაბრაზდნენ ჩვენზე და მდინარეში ჩაგვყარეს...

ჟურნალისტი: არ გიფიქრიათ, რომ ეს მათი პერვერსიული თამაშის ნაწილი იყო?

პირველი ყმაწვილი: ვითომ? არა მგონია...

ჟურნალისტი: ასე ვთქვათ, შხაპი სექსის წინ... მდინარეში ჩაგდებას ვგულისხმობ... თქვენ კი ვერ მიუხვდით...

მეორე ყმაწვილი: ისე, სხვებს რომ დროულად არ ამოვეყვანეთ, სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი ორგიაში გადაზრდილიყო...

ჟურნალისტი: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ! ხალხო, თქვენ პერვერტების საოცნებო ქვეყანაში ჩასულხართ და ვერ მიმხვდარხართ... არ გეშინიათ, რომ ახლა შესაძლოა ჩამორჩენილობა დაგწამონ?

ყმაწვილები მორცხვად დუმან.

მართლაც, ძალიან რთულია უცებ აუღო ალღო სხვათა ტრადიციებს...
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG