Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში გამოეთხოვნენ ყოფილ პრეზიდენტს


ქაბული, 23 სექტემბერი: ბურჰანუდინ რაბანის დაკრძალვის ცერემონია
ქაბული, 23 სექტემბერი: ბურჰანუდინ რაბანის დაკრძალვის ცერემონია
ავღანეთში დაკრძალეს ყოფილი პრეზიდენტი, ბურჰანუდინ რაბანი - ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის ხელმძღვანელობდა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

პარასკევს ქაბულში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, მშვიდობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბურჰანუდინ რაბანის დაკრძალვაზე. 70 წლის რაბანი, ეთნიკური ტაჯიკი, სამშაბათს გამოასალმა სიცოცხლეს თვითმკვლელმა თავდამსხმელმა - მამაკაცმა, რომელმაც თავი წარუდგინა თალიბანის წარმომადგენლად.

დაკრძალვის ოფიციალურ ცერემონიაზე მისულების, მათ შორის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის უსაფრთხოების დასაცავად, ქაბულში მკაცრ ზომებს მიმართეს. დედაქალაქის ცენტრის დიდი ნაწილი გადაკეტეს სამგლოვიარო პროცესიის გადასაადგილებლად. რაბანის კუბო, გახვეული ავღანეთის სამფეროვან დროშაში, სამხედრო ფორმით შემოსილ ჯარისკაცებს მიჰქონდათ. აღევლინა ლოცვა, რის შემდეგაც სამხედრო ორკესტრმა შეასრულა ეროვნული ჰიმნი.
ვაგრძელებთ რა ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად, რაც იყო ჩვენი ძვირფასი, წამებული ბურჰანუდინ რაბანის ოცნება, ჩვენს პასუხისმგებლობად მივიჩნევთ თავდაჯერებულ მოქმედებას მშვიდობის მტრებთან მიმართებით...

თუმცა, იუწყებიან დაძაბულობის შესახებაც. დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილების ნაწილში გაისმა თალიბანის დამგმობი შეძახილები და პაკისტანის კრიტიკა, თითქოსდა, ავღანეთში კონფლიქტის გაღვივებისათვის. კრიტიკისაგან არ დაინდეს არც შეერთებული შტატები და მისი მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტი კარზაი. იყო მომენტი, როცა დაკრძალვაზე შეკრებილების ნაწილმა ქვების სროლა დაიწყო, რის შემდეგაც პოლიციამ ჰაერში გაისროლა უკმაყოფილოთა გასაფრთხილებლად.

უკმაყოფილების ეს ამოხეთქვა და შეფასებები, რომ რაბანის სიკვდილის შემდეგ აზრი აღარა აქვს თალიბანთან შერიგების მცდელობას, ცხადჰყოფს ავღანეთის ხელისუფლების სუსტ პოზიციას და ქმნის კონტრასტს უფრო ადრე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ, მოწესრიგებულ სამგლოვიარო ცერემონიასთან.

რაბანის დაკრძალვის დღეს, ის „მშვიდობისათვის წამებულად“ მოიხსენია არაერთმა ადამიანმა, მათ შორის პრეზიდენტმა კარზაიმ. „ვაგრძელებთ რა ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად, რაც იყო ჩვენი ძვირფასი, წამებული ბურჰანუდინ რაბანის ოცნება, ჩვენს პასუხისმგებლობად მივიჩნევთ თავდაჯერებულ მოქმედებას მშვიდობის მტრებთან მიმართებით“, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.

რაბანის შვილმა, სალაჰუდინ რაბანიმ კი შეკრებილებს შეახსენა, რომ მამამისმა სიცოცხლის უდიდესი ნაწილი, ნახევარ საუკუნეზე მეტი შესწირა ავღანეთის თავისუფლებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას. „ჩვენ, წამებულის მომხრეები და შვილები, ავღანეთის მთავრობას ვთხოვთ, გულდასმით გამოიძიოს მისი მკვლელობა“ - რაბანის შვილის ამ მოწოდების კონტექსტში საყურადღებოა, რომ არავის უკისრია პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაზე, მათ შორის არც თალიბანს.

ბურჰანუდდინ რაბანი 1940 წელს დაიბადა ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში. ის ისლამურ სამართალს სწავლობდა ქაბულსა და კაიროში. გასული საუკუნის 80-ან წლებში, რაბანი იყო მოჯაჰედების ლიდერთაგანი ავღანეთის მმართველ კომუნისტურ რეჟიმთან და საბჭოთა ჯარებთან ბრძოლაში, იყო ქვეყნის პრეზიდენტი 1992- 96 წლებში, ვიდრე ქაბულს თალიბანი დაიპყრობდა. 1996 წელს ის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად შეუდგა თალიბანის მოწინააღმდეგე, ჩრდილოეთის ალიანსის ხელმძღვანელობას. ამ ალიანსმა ხელი შეუწყო თალიბანის რეჟიმის დამხობას 2001 წელს ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი ჯარების ინტერვენციის შემდეგ.

პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელიც პუშტუნია, ტაჯიკი რაბანი დანიშნა მშვიდობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, ავღანეთში დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად. საბჭოს შექმნიდან გასული ერთი წლის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი შედეგისათვის არ მიუღწევიათ. კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია წინსვლა ბურჰანუდინ რაბანის მკვლელობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG