Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიული ბრძოლა პარლამენტში


რას იფიქრებდა დეპუტატი ბობოხიძე, რომ ოთხმილიონიან ქვეყანაში მხოლოდ მას მოუწევდა სამშობლოს ღირსების დაცვა!

კაცმა მარტომ იბრძოლა პარლამენტში...

ერთი კია, მის გარდა, მგონი, ვერავინ გაიგონა, რა თქვა ისედაც საკმარისად რთულად მოსაუბრე დეპუტატმა მამრაძემ... თუმცა ისეთი ყურებდაცქვეტილი პატრიოტი, როგორიც დეპუტატი ბობოხიძეა, აუცილებლად ამოიცნობდა რაღაც მავნებლურს დეპ. მამრაძის აბსტრაქტულ შორისდებულებში.

მაგრამ ეჭვი მაქვს - ვგონებ, პროვოკატორი მამრაძეც ვერ მიხვდა, რა მიზეზით ჩაჰკრა ხელი საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა კოლეგამ...

პარლამენტის თავმჯდომარეც გვიან გამოერკვა - ბობოხიძე, როგორც ერეკლე მეორე კრწანისის ბრძოლის დროს, მთელი ათი წუთის განმავლობაში ("წუთი, როგორც საუკუნე", - ბრძანებს პოეტი) სრულიად მარტო იბრძოდა ვერაგი მტრის წინააღმდეგ და დ. ბაქრაძეც როდის-როდის მიეშველა თავისი ცნობილი ტექსტით: "დაიცავით თავი, რითიც შეგიძლიათ... ჩანგლებით, დანებით, წალდებით და წალდუნიებით!"

გახსოვთ "ჰენრი მეათეს" ფინალური სცენა? რაინდი კაიუსი ცარიელ სცენაზე მიმორბის და უხილავ დემონებს წყევლის...

სწორედ ხსენებული კაიუსი მომაგონა დეპ. ბობოხიძემ!

ყველაზე მეტად კი იმან მომიკლა გული, კაცს რომ აბსოლუტურად მარტოს მოუწია ამ მდუმარე მონსტრ-მამრაძესთან შერკინება...

ვერაგი მამრაძე მოწამლული სოკოსავით დარჭობილიყო ჩვენს მიკროფონთან (მანდატურთა ცნობით, პირი და, რაც მთავარია, ნესტოები ჩვილ ქართველთა სისხლით ჰქონია მოთხვრილი) და გამაღიზიანებელ წინააღმდეგობას უწევდა დეპუტატთა შორის საუკეთესოს...

მებრძოლს თავდაპირველად მხოლოდღა თანაპარტიელი ხათოვან გოგორიშვილი შეეშველა; მართალია, მჯდომარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ მაინც ღონივრად მოაჭყივლა - დაჰკა, კაკოვ, მაგას! დაჰკათ, ქართველებო, ამ მოღალატე მამროლოგსო!

- არ შეგეშინდეთ ამ ჰახვრის! - ყვიროდა დაჭრილი და უბობოხოდ დარჩენილი ბობოხიძე, - ერთი ქართველი ათ მამრაძეს მოუგებს!

- ჩამირთეთ მიკროფონი, - სისინებდა მტერი.

- მოიმარჯვეთ ფიცრუნები და წალდუნიები! - გაიძახოდა სპიკერი.

- გავერთიანდეთ, არ შეგვეშინდეს! - ჭყიოდნენ უმცირესობაში მყოფი უმრავლესობის წარმომადგენლები.

- თვალებში არ შეხედო, დაგწყევლის! - უყვიროდა ბობოხიძეს დეპ. მაჭავარიანი (მოგეხსენებათ, მამრაძისნაირ მტერს თარსი თვალები აქვს).

- სავარცხელი გადაუგდე, წინ ვეღარ წამოვა, - ღელავდა უმრავლესობის ლოდერი.

- წიქარას სახელით... წიქარას დროშით... - წინ მიიწევდა ბობოხ-მართალი.

კიდევ კარგი, რაინდს დეპუტატ-სპასპეტი ელდარ კვერნაძე შემოუერთდა თავისი ლაშქრით:

- აქა ვარ, ძმებო!.. მერე ბუფეტში ჩავიდეთ, დავილოცოთ, - დასჭექა მან და მტერს წარმოუდგენელი ოსტატობით აართვა წმინდათა წმინდა მიკროფონი.

- მეხუთე მიკროფონი ჩვენია! მეხუთე მიკროფონი დავიბრუნეეეთ! - აყვირდნენ გამარჯვებული ქართველები და სპიკერმაც რიხიანად შემოსცხო ლაღიძის "ტყე შეუნახე შვილებსა" (უბრალოდ, იმწუთას სხვა სიმღერა არ გაახსენდა და ამიტომ).

სხდომა ქართველთა დიადი გამარჯვებით დასრულდა... მტერი მანდატურებმა ჩაკორტნეს, ხოლო ბრძოლით დაქანცულმა (თუმც შეუდრეკელმა) დეპუტატმა ბობოხიძემ ამაყად მიაშურა სისხლითა და ოფლით მოპოვებულ მიკროფონს:

- ყველას ვცემ, ვისაც საქართველო ჩემნაირად არ უყვარს, - აღმოხდა მას.

სხდომა ჯგუფური ფოტოსესიით დაიხურა: "პარლამენტის გმირები ბრძოლის ველზე". ეს თარიღი კი უქმედ გამოცხადდა; აწ ასე ჩაწერენ კალენდარში: "ქართველთა გამარჯვების დღე რუსების პაბეგუშკა პ. მამრაძეზე".
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG