Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ვიცოდეთ?


რეკლამა
ჩვენში კარგა ხანია დამკვიდრდა ერთი მეტად უხერხული პრაქტიკა:
პოლიტიკური ოპონენტი მოსისხლე მტრად ითვლება, რომელიც სრულად (მორალურ-სოციალური თვალსაზრისით - დედაბუდიანად) უნდა დაექვემდებაროს განადგურებას.
ამ მხრივ, ნუ გვეწყინება და, ველურები ვართ.

ქართულ უბედურებათა სათავე ჩვენი ინფანტილური მაქსიმალიზმია (ამ სიტყვების ფატალური გაგებით).

ქუდი
ცოცხალმკვდარ, ერთსახოვან და კლაუსტროფობიულ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი მოთამაშე შემოიჭრა, ჰოდა, როგორც წესია, სამთავრობო არხებმაც მოაღეს პირი...

ისეთებს მოისმენ (დიახ, სწორედ მოისმენ, თორემ ნახვით ვინ რას განახებს), თმა ყალყზე დაგიდგება. სულ ამაოდ დამშვრალა ცხონებული კონსტანტინე სერგის ძე სტანისლავსკი; ვინღა ფიქრობს დამაჯერებლობაზე... მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ტრადიციულად, საუკუნის ყველაზე საშიშ, თარს, მომაკვდინებელ და ჯოჯოხეთურად იდუმალ მოვლენად ცხადდება.

სიუჟეტი პირველი
"ესაა უკანასკნელი რუსული პროექტი (პირველი რუსული პროექტი, შეგახსენებთ, გენერალ ტოტლებენის გორაზე გადასვლა გახლდათ), თუკი წარმატებით მოვიგერიებთ ამ ახალ მტრულ ცხოველს, მერე აღარც არაფერი შეაჩერებს ორმოცწლიანი ქართული სინგაპურის მშენებლობას".

სიუჟეტი მეორე
"თუკი ის მოვა ხელისუფლებაში, საზღვებს ჩაკეტავს და გასასვლელს მხოლოდ რუსეთისკენ დაგვიტოვებს (ამასაც ოსეთ-აფხაზეთის გავლით). იტყვის: ახლა ასეა საჭირო ჩვენი ეკონომიკისთვისო. კლაუსტროფობია მერე ნახეთ".

სიუჟეტი მესამე
"ჩვენ სულებს იყიდის (თან შეურაცხმყოფელად იაფად) და უწმინდესს უმრევლოდ დატოვებს. შედეგად, აღარც ხმები შეგვრჩება და აღარც სულები, დავშთებით ოდენ შუშის სასახლეების ამარა".

სიუჟეტი მეოთხე
"თურმე, ვიდრე თავად შეჭამდეს რამეს, ჯერ საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ასინჯებს კერძს - მოწამლული არ იყოსო. პირს არ აკარებს არაფერს, მანამ ქ-ნი ბესელია არ გაუგებს გემოს. ბრძენს უთქვამს: ახლებურ პარანოიდალურ ვნებებს ძველი პარანოიდალური ვნებები გერჩივნოსო".

სიუჟეტი მეხუთე
"ჭორვილას საქართველოს საპორტო (!) დედაქალაქად გამოაცხადებს".

სიუჟეტი მეექვსე
"ვეღარასდროს მოვიშორებთ. ჩვენი სულების გამოსყიდვას მსოფლიო ბანკიც კი ვერ შეძლებს."

სიუჟეტი მეშვიდე
"სასწავლებლად მოხუც ინტელიგენტებს გაუშვებს უცხოეთში (წაიკითხე - რუსეთში), ახალგაზრდების მიმართ სრულ გულგრილობას გამოიჩენს; გაჩნდება ტერმინი (მერე კი ეგებ იატაკქვეშა პარტიაც) "იგნორირებული ახალგაზრდობა".

სარეკლამო ჭრა
ოჰ-ოჰ-ოჰ, წარმომიდგენია, კიდევ რეებს ვნახავთ. კიდევ რეებს მოვისმენთ...

ქართული აბსურდი გრძელდება. ხელისუფლება გადამწყვეტ ისტერიულ ფაზაში შედის, საქართველო კი, ჩვეულებისამებრ, ახალი მესიის მოლოდინშია.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG