Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკ მიგრანტებს რუსეთიდან დეპორტაციას უპირებენ


რუსეთი: ტაჯიკი მიგრანტი მოსკოვის ერთ-ერთი გარეუბნის ბაზარში
რუსეთი: ტაჯიკი მიგრანტი მოსკოვის ერთ-ერთი გარეუბნის ბაზარში
ამ კვირაში ტაჯიკეთში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელსაც მოსკოვის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. სამხრეთ ტაჯიკეთის ქალაქ კურგონ-ტეპაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ავიაკომპანიის ორი პილოტი, რომელთაც ბრალად ედებათ იარაღის კონტრაბანდა. პარასკევს რუსეთის ფედერალურმა საიმიგრაციო სამსახურმა გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან დეპორტაციას უპირებენ ასამდე ტაჯიკ უკანონო მიგრანტს.

ამ ცნობებმა ბევრს გაახსენა 2006 წლის მოვლენები - რუსეთიდან ქართველი მიგრანტების გაძევება... გავიხსენოთ: 2006 წლის სექტემბერში საქართველოში დააკავეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი რუსი ოფიცერი. მათი მალევე გათავისუფლების მიუხედავად, რუსეთმა, რომელსაც უკვე აკრძალული ჰქონდა საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი, მკაცრი ზომები მიიღო: შეწყვიტა საქართველოსთან საფოსტო და სატრანსპორტო კავშირი, თბილისიდან გაიწვია დიპლომატიური კორპუსის დიდი ნაწილი, შეუდგა რუსეთის ტერიტორიიდან ქართველი მიგრანტების დეპორტაციას.

ტაჯიკეთის საბედნიეროდ, გაცილებით უფრო რბილია ზომები, რომლებსაც მოსკოვში მიმართავენ მას შემდეგ, რაც კურგონ-ტეპაში გაასამართლეს რუსეთის ავიაკომპანიის ორი მფრინავი. პარასკევს ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ რომოდანოვსკიმ განაცხადა:

„საიმიგრაციო სამსახური, შინაგან საქმეთა ორგანოებთან ერთად, დაკავებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ტაჯიკეთის ასამდე, კანონდარღვევების ჩამდენი მოქალაქის დეპორტაციასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადაჭრით.“

თუმცა ტაჯიკების რიცხვი, რომლებსაც დეპორტაცია შეეხება, შესაძლოა გაიზარდოს. რომოდანოვსკის თქმით, ხუთშაბათს მოსკოვში დააკავეს ტაჯიკეთის 211 მოქალაქე, რომლებსაც დარღვეული აქვთ მიგრაციის შესახებ კანონი და რომლებსაც, სავარაუდოდ, სამიდან ხუთ წლამდე ვადით აეკრძალებათ რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნება.

ტაჯიკეთის მკვიდრთათვის საქმე ეხება უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს - მილიონამდე ადამიანი, ანუ ტაჯიკეთის, პრაქტიკულად, ყოველი მეშვიდე მოქალაქე მონაწილეობს სეზონურ სამუშაოებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ფული, რომელსაც ისინი შინ, ოჯახის წევრებისათვის აგზავნიან, ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ტაჯიკეთის არცთუ ძლიერი ეკონომიკისათვის.

როგორც იუწყებიან, პარასკევს მოსკოვს მიაშურა დუშანბეში რუსეთის ელჩმა, იური პოპოვმა, რომელიც მანამდე ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა, პილოტების გასამართლების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე მოსალაპარაკებლად.

პილოტებს - რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ სადოვნიჩის და ესტონეთის მკვიდრ ეთნიკურ რუსს, ალექსეი რუდენკოს - სასამართლომ ამ კვირაში მიუსაჯა 10,5 წლით პატიმრობა, იარაღის კონტრაბანდის, საზღვრის უკანონოდ გადაჭრისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე. განაჩენი უმალვე შეამცირეს ორ წლამდე - ტაჯიკეთში ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისად. ორი მფრინავი მარტში დააკავეს სამხრეთ ტაჯიკეთის ქალაქ კურგო ტეპაში, რომლის აეროპორტშიც მათ ნებართვის გარეშე დასვეს თვითმფრინავი, ავღანეთიდან რუსეთის მიმართულებით ფრენისას. თვითმფრინავი ტვირთთან ერთად იქნა კონფისკებული.

ამ ინციდენტს მოსკოვის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია. მაგრამ ვითარება შეიცვალა მფრინავებისათვის განაჩენის გამოტანის შემდეგ. ვიდრე მიგრაციის ფედერალური სამსახურის დირექტორი, რომოდანოვსკი გამოაცხადებდა ტაჯიკი უკანონო მიგრანტების დეპორტაციის გეგმაზე, რუსეთმა სასამართლოს განაჩენს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
XS
SM
MD
LG