Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებიანი სიახლოვე


ცოტაც უნდა გავიჭირვოთ. სუუუულ ცოტაც. აი, ძალიან-ძალიან-ძალიან ცოტაც. სულ-სულ-სულ ცოტაც და უკვე ჰა და ჰა, "ნატოში" ვიქნებით... ძალიან ცოტაღა დაგვრჩა. ძალიან.

თან, მე მგონი, ვიყავით უკვე... უბრალოდ გამოგვრჩა. რადგან ის დაპირება, რომელიც ბუქარესტის ლეგენდარულ სამიტზე მივიღეთ, "ნატოს" წევრობაზე უფრო მნიშვნელოვანია... არც მეტი, არც ნაკლები, ბ-ნი გია ბარამიძეც კი მიგვანიშნებს ამაზე. თან სმოკინგითურთ. მადლიერმა ხალხმა მას ჯერ კიდევ წლების წინ მიუძღვნა ეს ლექსი: "მე ამ აიპაპს დავარქვი შენი სახელი..." და ა. შ.

ცოტაც მოვითმინოთ. ცოოტაც გავიჭინთოთ და მოვა "ნატო", მოვა...
მაგრამ ბუქარესტს ნუ დავივიწყებთ! გამახსენეთ, მიუღიათ კი ოდესმე ამ ქალაქში ამაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება? არასდროს! ჩემი აზრით, პასპორტში უნდა ჩავიწეროთ ეს სიტყვები და, ჯვარი გვწერია, ასი წლის მერე, საფლავში ჩაგვატანონ ისტორიული გადაწყვეტილება: "საქართველო აუცილებლად გახდება "ნატოს" წევრი!". მართალია, ის კი აღარ ვიცი, თავად "ნატო" თუ იარსებებს იმ დროს, მაგრამ ჩემი "გუამი" კი ნამდვილად იქნება.

მეტსაც ვიტყვი, რაღად გვინდა "ნატო", როცა ჯიბეში ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება გვიდევს? განა ეს არაა საკმარისი? მეტს რაღას ვითხოვთ ჩვენი მთავრობის მუშა-ბიჭებისგან! ხომ მაინც გამოგლიჯეს გადაწყვეტილება... კბილებით, შეიძლება ითქვას.

საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს "ნატოსთან", როგორც დღეს არის. აი, ძალიან-ძალიან ახლოს ვართ. უხერხულად ახლოსაც კი. მერიდება კიდეც, ისე ახლოს.

ამას ადასტურებს თუნდაც ბრიჯიტ ბარდოს მიერ თბილისის მერის სახელზე გამოგზავნილი წერილი. "დაიცავით ცხოველები!" - მოგვიწოდებს ევროპელი ქალბატონი. მეტი რა ქნას ამ ხალხმა! აი, ესაა ევროპა! აბა, რუსეთში კი არ გაგზავნიან ასეთ წერილებს! რახან ახლოს ვართ, ამიტომაც გველაპარაკებიან "ზოგად-ევროპულ ენაზე", თორემ მართლა ცხოველებზე კი არ გვწერენ;

ეს დაშიფული ენაა. კითხულობ "ცხოველს" - გულისხმობ "ადამიანს".

ახლა ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გვაქვს - ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება და ბრიჯიტ ბარდოს წერილი.

სახეზე უნდა ააფარო ეს დოკუმენტები ჩვენს მტრებს!

უკვე მართლაც აუტანლად ახლოს ვართ "ნატოსთან"... ჩვენი არჩევნებით, ჩვენი პროკურატურით, ჩვენი მოსამართლეებით, ჩვენი მედიით, ჩვენი გ. ბარამიძის სმოკინგით, ქ-ნ ბ. ბარდოს წერილით, პრეზიდენტის შვიდსაათიანი ტელემონოლოგებით...

მეტი რაღა ვქნათ?.. ამაზე ახლოს როგორღა მივიდეთ?..
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG