Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსაჯბურთი


საქართველოში სპორტის ახალი სახეობა დამკვიდრდა - მსაჯბურთი. უფრო სწორად, ესაა სიახლე, ან, თუ გნებავთ, ახლებური წესები, რომლებიც ბუნებრივად შეერწყა ქართულ ფეხბურთს.

თუკი ფეხბურთის სამშობლო ინგლისია, მსაჯბურთის დედულეთი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გახლავთ. რა წესებია ეს?
წესები მარტივია: მოულოდნელად თავს ანებებ თამაშს, თავს ესხმი მსაჯს და სცემ. ან საცემად მისდევ. მეტი არაფერი. ცხადია, შესაძლებელია გვერდითა მსაჯების ცემაც.

თუმცა საუკეთესო შედეგს აღწევ, თუკი გულშემატკივრებიც გადმოგყავს მინდორზე, მათთან ერთად დასდევ მსაჯებს და უმოწყალოდ ურტყამ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს.

ამ მხრივ, ფაქტია, დიდებულ შედეგებს გვაჩვენებენ რეგიონები...

არ ვაჭარბებ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ქართული ფეხბურთი გადარჩება, მხოლოდ ამ ინოვაციით.

აბა, "ინგლისური წესებით" მომგები ჩვენ ნამდვილად არ ვართ და ისევ ის ჯობს, ჩვენს ეროვნულ წიაღში გამომუშავებულ მეთოდებს მივხედოთ.

მთელ მსოფლიოში უნდა გავავრცელოთ მსაჯბურთი! უახლოეს (მორიგ) შესარჩევ თამაშზევე უნდა გამოვიჩინოთ თავი; დავცხოთ და დავცხოთ "გლავნი და ვტაროი სუდიებს"...

იქნებ დეპუტატი ბობოხიძეც შემოუერთდეს ჩვენს ნაკრებს - მუშტების ქნევა კი ეხერხება, თავურს მაინც დახვეწს...

ჩემი ნება რომ იყოს, ჩვენს მოჭიდავეებსაც გამოვიყვანდი მინდორზე - რომ დაერეოდნენ ჩვენი ბიჭები გადამთიელების ფეხბურთელებს, სულ მუცლით ახოხიალებდნენ ბალახზე!

ვფიქრობ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე. გოლები ვერ გაგვაქვს და მსაჯები მაინც დავთეთქვოთ. რა ჯობდა იმის ცქერას, მთელი ზესტაფონი რომ მისდევდა ტყიბულელ მსაჯს! იფ, იფ...

ცოტა ძველბიჭობაც უნდა იყოს მინდორზე, ისე როგორ. მარტო გასახდელში ძველბიჭობა არ კმარა. აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ჩაკუზვები (შუა თამაშის დროს), ან, კიდევ უკეთესი, გვერდზე გაყვანა.

რა კარგად იტყოდა კომენტატორი:

"მსაჯმა თამაში შეაჩერა... "დინამოს" კაპიტანმა გვერდზე გაიხმო მოწინააღმდეგეთა მეკარე და, თუ არ ვცდები, ახლა იმის დადგენას ცდილობს, თუ რა უბნელია ეს უკანასკნელი..."

ან ასე:

"თავდამსხმელები კართან ჩაიცუცქნენ - როგორც ჩანს, დროის გაყვანას ცდილობენ... ვფიქრობ, უნდა დაიგინონ კიდეც - ვინც ბურთს ფეხით შეეხება, იმის ასე და ისეო..."

ერთი სიტყვით, ან ასე გადავარჩენთ ქართულ ფეხბურთს, ან მისი გაუქმება მოგვიწევს. ხომ არ გვაქვს ქართული ჰოკეი! არ გვაქვს და არც ვნერვიულობთ. ფეხბურთზეც ასე იქნება.

თუმცა არის გამოსავალი: აქტიურად დავეხმაროთ მსაჯბურთს.

გოლის გატანას ვერა, მაგრამ ერთი მსაჯის ცემას ყოველთვის მოვახერხებთ.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG