Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სასწავლებელი


ორშაბათი
აღსრულდა! გვეღირსა! როგორც იქნა, გაცხადდა, რითი დასაქმდება პრეზიდენტი, როცა უმაღლეს პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება. ის, არც მეტი, არც ნაკლები, ტექნოლიგიურ სასწავლებელს გახსნის და თავადვე გახდება მისი დირექტორი.

პრეზიდენტს მრავალი შესანიშნავი ტელემონოლოგი ჰქონია, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც დაუვიწყარი იყო, და უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ განცხადების გამო.

პრეზიდენტობიდან დირექტორობამდე!

მეტი რაღა ჰქნას, ამაზე მეტი დემოკრატია რაღაა; იქნება კერძო სასწავლებლის ხელმძღვანელი, იცხოვრებს ყვარლის პაწია სახლში და ჩიტები კი კეთილხმოვანი სტვენით აიკლებენ მიდამოს...

სამშაბათი
რაც მთავარია, ახალ სასწავლებელშივე მოხდება ამჟამინდელი მინისტრების გადამზადებაც. ჩვენში ხომ მეტად წარმატებული ფორმულა დამკვიდრდა: ჯერ მინისტრობა - მერე სტუდენტობა.
ამ მოდელს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, თუმცა როგორი სკეპტიკურებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ათი თავით სჯობს ბნელი ოთხმოცდაათიანების "წარმატების ფორმულას". შეგახსენოთ? "ქურდბაცაცობიდან - პროფესორობამდე".
ჯერ კარგი მინისტრი უნდა იყო, წარმატებული სტუდენტი რომ გახდე. კიდევ უკეთესი, თუკი სტუდენტობამდე რამდენიმე სამინისტრო სავარძლის გამოიცვლასაც მოასწრებ. რაც უფრო მეტია გამოცდილება, მით უფრო მეტი შანსია, გამოცდები არ შეგეტენოს.

ოთხშაბათი
წარმომიდგენია, რამდენი ხალხი ჩააბარებს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გახსნილ სასწავლებელში. შეიცვლება პრეზიდენტ-დირექტორის რიტორიკაც. პოლიტიკური ოპონენტების ნაცვლად, სავარაუდოდ, კონკურენტ კოლეგებს დაუწყებს დამუნათებას:

"გინდათ ტატულია ან მურღულია? წადით და მიეყიდეთ ტატულიას და მურღულიას! გინდათ ევროპა და გაბრწყინებული კახური პროფტექნიკუმები? მაშინ მოდით და ახლავე შემოიტანეთ ჩემთან საბუთები!"

ხუთშაბათი
შესანიშნავად მოეწყობა სასწავლების პატარა ეზოც. ეზოში გაჭირვებით, მაგრამ კოხტად ჩაიდგმება ყველა ის ქანდაკი, რომელსაც მიზეზთა გამო გადმოიტანენ დედაქალაქიდან...

ზ. წერეთლის ე. წ. წმინდა გიორგი შენობის წინ განთავსდება (ხოლო მის ძველ ადგილზე, თბილისში, ოქროსფერ პინგვინთა წრიული კომპოზოცია დამონტაჟდება), რეიგანისა და ლევან რამიშვილის ბრინჯაოს სკულპტურას ფოიეშივე დადგამენ (წარწერით: "მომქანცველი ცოდნა და უზრუნველი ალცჰაიმერი"), ხოლო დეპუტატ ნ. წიკლაურს - სხვა ფუნქციის შეურჩევლობის გამო - ცოცხლად დაარჭობენ მისივე კერპის, სასწავლებლის დირექტორის მისაღებში.

პარასკევი
ზოოლოგიის გაკვეთილებზე მხოლოდ ერთი სიტყვის ხმარება არ ჩაითვლება მიზანშეწონილად. ეს სიტყვა ასო პ-ზე დაიწყება...

"პ", რომელიც ზოგჯერ მერცხლებს ყლაპავს.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG