Accessibility links

ახალი ამბები

ობამა პაკისტანის პრეზიდენტს ნატოს მიერ მიტანილ იერიშზე ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დღეს თავის პაკისტანელ კოლეგას ტელეფონით დაურეკა და იმ 24 პაკისტანელი ჯარისკაცის სიკვდილის გამო მიუსამძიმრა, რომლებიც ნატოს იერიშს ემსხვერპლნენ. თეთრის სახლის განცხადებით, ბარაკ ობამამ ასიფ ალი ზარდარის აცნობა, რომ მსხვერპლი განზრახ მიტანილი იერიშის შედეგი არ ყოფილა და კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, ჩატარდეს 26 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის „სრულფასოვანი გამოძიება“. ობამას თქმით, პაკისტანთან ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისთვის. თავდასხმის შემდეგ ისლამაბადმა ბოიკოტი გამოუცხადა ავღანეთის შესახებ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბონშია დანიშნული და ორშაბათს უნდა დაიწყოს. ამასთან, პაკისტანი აცხადებს, რომ ნატოს აღარ მისცემს საშუალებას მისი ტერიტორია გამოიყენოს ტვირთის გადაზიდვისთვის ავღანეთში. პაკისტანის სამხედრო სტრუქტურებმა ასევე განაცხადეს, რომ ავღანეთთან საზღვრის გასწრივ განლაგებულ მის სამხედროებს უფლება აქვთ ცეცხლი დააბრუნონ, თუ მათ თავს ნატოს ჯარები დაესხმებიან.

ყველა ახალი ამბავი

დიდი დიღმის პოლიციაში მიმდინარეობს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა

შსს-ს ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთი თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახური აწვდის. ის ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელიც 16 იანვარს, ავთანდილის 8 ნომერში მდებარე იმ კორპუსში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გამოკითხვა სამართალდამცავებმა 16 იანვრის ღამესვე დაიწყეს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საქართელოში იტალიის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო

საქართელოში იტალიის საელჩო მწუხარებას გამოხატავს დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს და თბილისში მომხდარი საშინელი აფეთქებით დაზარალებულებს და მათი ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა

დავით სერგეენკო: ბავშვი კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ბავშვი, რომელიც აფეთქების დროს დაშავდა და იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობას გააგრძელებს. დავით სერგეენკო ბავშვის მდგომარეობას იაშვილის კლინიკაში გაეცნო.

იაშვილის კლინიკაში 16 იანვარს 6 პაციენტი შეიყვანეს. მათგან ხუთი ბავშვი 17 იანვარს დილით გაეწერა. ერთი მკურნალობას კვლავ კლინიკაში განაგრძობს: „ბავშვს ჰქონდა ჭრილობა და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა საჭირო კონსულტაცია და კვლევა ჩატარებული აქვს. ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება", - განაცხადა სერგეენკომ.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 წლის ბავშვი. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან 17 იანვარს გაწერეს და ამ დროისათვის, იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

თბილისში აფეთქებით დაზიანებული სახლის მდგრადობას ამოწმებენ

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის სეპციალისტებმა დაიწყეს დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობის შესწავლა. წინასწარი შეფასებით, შენობის ძირითადი კონსტრუქცია არ დაზიანებულა. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, შეძლებენ თუ არა კორპუსის მცხოვრებნი საკუთარ ბინებში დაბრუნებას. შენობის მეექვსე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა, თითქმის ყველა კედელი დანგრეულია. დაზიანებულია ქვედა სამი სართულიც. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი 2017 წელს ააშენა კომპანია „ლ ჯგუფმა.“

საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე მდებარე ბინაში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს უსამძიმრებს

დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მწუხარებას გამოხატავს. „ღრმა მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს თბილისში მომხდარი გაზის აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო აფეთქების შედეგად დაზარალებული 31 ადამიანი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული 31 ადამიანი სრულად არის უზრუნველყოფილი დროებითი თავშესაფრითა და საკვებით. თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა: „ამ დროისათვის, დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“ - განაცხადა ელოშვილმა. დაზარალებულები სასტუმროებში "შაინსა" და "ტეხასში" გადაიყვანეს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია..

თბილისში მომხდარი აფეთქების გამო ენერგოომბუდსმენი განმარტებებს ყაზტრანსგაზისგან მოითხოვს

საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატის პირველადი სავარაუდო დასკვნით, დიდ დიღომში ბუნებრივი გაზის გაჟონვა და დაგროვება მოხდა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში. ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას მოითხოვს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან." კერძოდ, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. ენერგოომბუდსმენის შეფასებით, სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი.

ამასთან, ენერგოომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, რადგან არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარუდგინა.

„ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო. ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად“ - ნათქვამია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

ვითარების შესასწავლად საქართველოს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გვიან ღამემედე იმყოფებოდა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.

აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდეს გადადოს კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვა

ნენსი პელოსი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გადადოს კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვა, რომელიც 29 იანვარსაა დაგეგმილი. ნენსი პელოსიმ მიზეზად დაასახელა „შატდაუნი,“ რომლის გამოც რთული იქნება კონგრესის შენობაში პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პელოსიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „შატდაუნის“ გამო უსაფრთხოების სამსახური საკმარის დაფინანსებას ვერ იღებს, ამიტომ დონალდ ტრამპს შეუძლია კონგრესს თეთრი სახლიდან მიმართოს. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერის, ჯიმ ჯორდანის შეფასებით, ნენსი პელოსის ქმედება ადასტურებს, რომ დემოკრატები ყველაფერს აკეთებენ, რათა პრეზიდენტს ხელი შეუშალონ ქვეყნის მართვაში.

აშშ-ის ფედერალური მთავრობა 22 დეკემბრიდან იმყოფება „შატდაუნის“ მდგომარეობაში. საბიუჯეტო საკითხებზე პრეზიდენტის და კონგრესის შეუთანხმებლობის გამო 800 ათასამდე სახელმწიფო მოხელე იძულებით შვებულებაშია, ან უხელფასოდ მუშაობს.

აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი კონგრესისგან 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საზღვრის დაცვა და არალეგალური იმიგრაციის და აშშ-ში ნარკოტიკების შეტანის შეჩერება. დემოკრატები, რომლებმაც ნოემბრის არჩევნების შედეგად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და პრეზიდენტს საზღვრის უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ზომების დაფინანსებას სთავაზობენ.

ლევან გორგაძე იანვრის ბაშოს ტრავმის გამო გამოეთიშა

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის ზედმეტსახელით მოჭიდავე ლევან გორგაძემ იანვრის ბაშოზე მონაწილეობა ნაადრევად შეწყვიტა. 2019 წლის სეზონის პირველ სუპერტურნირს ქართველი ოძეკი მძიმე ტრავმით შეხვდა - შეჯიბრების დაწყებამდე რვა დღით ადრე ბარძაყის კუნთი დაიზიანა. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოჩინოშინი ბაშოს გამოტოვებდა, მაგრამ მან კუნთის ბოლომდე გაწყვეტის რისკის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა დოჰიოზე ასვლა.

პირველსავე ტურში გამოჩნდა, რომ ლევან გორგაძეს ტრავმა ჩვეულად ჭიდაობაში ხელს უშლიდა, ფეხს ძალას ვერ ატანდა, მხოლოდ ხელებით ცდილობდა ბრძოლას და შედეგად, ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგო.

სეზონის მეორე ბაშოს, რომელიც მარტში გაიმართება, ტოჩინოშინი კადობანით შეხვდება, რაც ნიშნავს, რომ თუ თხუთმეტი შეხვედრიდან მინიმუმ რვას არ მოიგებს, ოძეკის წოდებას დაკარგავს.

თბილისში მომხდარი აფეთქების გამო "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლების დაკითხვა დაიწყეს

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო, სამართალდამცავებმა გასული ღამიდან დაიწყეს კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების დაკითხვა. კორპუსის მცხოვრებთა ინფორმაციით, 16 იანვარს, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე იგრძნობოდა გაზის ძლიერი სუნი, რის გამოც კომპანიის წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა, მათ რაიმე პრობლემის არსებობა არ დაადასტურეს. პოლიცია საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ეხება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვებიდან კლინიკაში ერთი რჩება

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ბავშვიდან 5 უკვე გაწერეს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან. საავადმყოფოში რჩება ერთი გოგონა, რომელსაც თავის არეში ჭრილობის გამო ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს. ექიმმა თამარ ყიყიშვილმა დღეს დილით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს უფროსი ასაკის ორი დაშავებულიც.

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი გაზის გაჟონვამ გამოიწვია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ეხება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაცორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში გლოვის დღეა თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. 16 იანვარს საღამოს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. გლოვის ნიშნად საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დაწესებულებების და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

იუწყებიან, რომ გორში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა გორში, რის შედეგადაც დაშავდა 66 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი დამწვრობებით. სააგენტო "პრაიმტაიმი" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა გვერდით მდებარე სახლების მინებიც. გავრცელებული ცნობებით, აფეთქება ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამოქმედდა „ცხელი ხაზი“

თბილისის მერიის ცნობით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამოქმედდა გამგეობის საუბნო განყოფილების „ცხელი ხაზი“, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

მერიის თანახმად, ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 237 45 31. „ცხელ ხაზზე“ ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორისაა ერთი ბავშვი.

შსს: გამოძიება მიმდინარეობს უსაფრთხოების წესების დარღვევისა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობის მუხლით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ
დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა."

აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, რომელთა შორის - ერთი მცირეწლოვანია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე 16 იანვარს, საღამოს მოხდა.

პოლიციისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გრძელდება სამაშველო ღონისძიებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში "112"-ზე ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების და სასწრაფო დახმარების ბრიგადების ადგილზე მობილიზება მოხდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია“, - აცხადებს შს სამინისტრო.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი": ზუსტდება დეტალები

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.

"კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება", - აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში". კომპანია უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიძახეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტები, რადგან სადარბაზოში გაზის მძაფრი სუნი იდგა.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარმა აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაშავებულია 10-მდე ადამიანი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები

იაშვილის კლინიკაში, სადაც მკურნალობენ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს, იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას მათ დაღუპულთა ჭირისუფლებს მიუსამძიმრეს და განაცხადეს, რომ დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 8 ადამიანი იმყოფება საავადმყოფოებში, მათგან 6 ბავშვი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ისინი დილამდე დარჩებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის გამო პასუხისმგებლობის დასადგენად.

ბრიტანეთში ტერეზა მეის მთავრობა გადაურჩა პარლამენტში უნდობლობის კენჭისყრას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მთავრობა გადაურჩა პარლამენტში უნდობლობის კენჭისყრას, რომელიც გაიმართა ოპოზიციური ლეიობრისტული პარტიის ინიციატივით, მას შემდეგ, რაც 15 იანვარს ბრიტანელი კანონმდებლების ორმა მესამედმა უარყო მეის გეგმა "ბრექსიტის" თაობაზე. უნდობლობის კენჭისყრას მეი 19 ხმით გადაურჩა, 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ. ტერეზა მეი მიესალმა შედეგს და თქვა, რომ გააგრძელებს ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგზე მუშაობას. მისი თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესის განსახილველად ის დაუყოვნებლივ გამართავს შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.



დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები

დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.

ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. უკვე დადასტურებულია, რომ აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში იგრძნობოდა გაზის სუნი. ამის გამო მათ გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს. „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. უკვე დადასტურებულია, რომ აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოთხს მიაღწია

როგორც იმედის კლინიკამ დაადასტურა, დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა. მის გარდა მანამდე დაიღუპა სამი ადამიანი.

იაშვილის კლინიკაში მოთავსებულია 6 ადამიანი, რომელთაგან ხუთის მდგომარეობა სტაბილურია და, კლინიკის დირექციის თქმით, მათ მალე გაწერენ.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, აფეთქების შედეგად მთლიანი კორპუსია დაზიანებული, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რამდენი ოჯახის ევაკუაცია შეიძლება განხორციელდეს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. უკვე დადასტურებულია, რომ აფეთქებამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დავით სერგეენკო: დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ექვს ბავშვს, რომლებიც იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ, მსუბუქი ხასიათის დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით დაუზუსტებელია ინფორმაცია მეშვიდე არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობის შესახებ.

„სავარაუდოდ დაშავებულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან სამედიცინო დაწესებულებას თანდათან მიმართავენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. უკვე დადასტურებულია, რომ აფეთქებამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კახა საბანაძე: გამოძიება მუშაობს გაზის გაჟონვის ვერსიაზეც

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, დადასტურებულია, რომ დიდ დიღომში მომხდარმა აფეთქებამ სამი ადამიანი იმსხვერპლა. ამ ეტაპზე დგინდება გარდაცვლილთა ასაკი.

ჯერჯერობით არ დაზუსტებულა ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ. ღამის 10 საათისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი დაშავებული არასრულწლოვანი. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, სავარაუდოდ, დაშავებულია ხუთი ადამიანი, საიდანაც ოთხი - ბავშვია.

ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, მეექვსე სართულზე აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს.

ევროპის კავშირი მზად არის, გაურკვევლობის გამო 2020 წლისთვის გადადოს ბრექსიტი

ევროპის კავშირი მზად არის, ბრექსიტი 2020 წლისთვის გადადოს გაურკვევლობის გამო კავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის პირობების გარშემო. ამის შესახებ ოთხშაბათს იტყობინებოდა გაზეთი „ტაიმსი“. არსებული შეთანხმებების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა 29 მარტს უნდა დატოვოს ევროკავშირი. ევროკავშირის ქვეყნებმა ნოემბერში მოიწონეს ბრექსიტის შესახებ შეთანხმება, მაგრამ ამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა.

მას მერე, რაც თემთა პალატაში ჩავარდა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ინიციატივა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს გადადგომა ემუქრება. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა პარლამენტში შეიტანა მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG