Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ ყაზახეთში ვითარება დაძაბული რჩება


ძალადობა, რომელმაც ყაზახეთის დასავლეთში, ნავთობით მდიდარ ოლქ მანგისტაუში, პარასკევს იფეთქა, როცა სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშებს პოლიციასთან მოუხდათ შეტაკება, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შედეგი იყო.

იმის შესახებ, თუ მაინც ვისი ბრალი იყო ვითარების ესკალაცია, მხარეები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ. ცნობილია, რომ მანგისტაუს რეგიონის ქალაქ ჟანაოზენში მღელვარება მუშების სამსახურებიდან დათხოვნას მოჰყვა.

ადგილობრივი მთავრობა, როგორც ჩანს, არ ელოდა მღელვარების ესკალაციას. მთავრობა არეულობას აბრალებს „ხულიგნებს, მაროდიორებს და მენავთობეებს, რომლებიც მათ შეუერთდნენ“, და აცხადებს, რომ მათ ათობით საჯარო და კერძო შენობასა თუ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს და ბანკომატები გაძარცვეს.

პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქალაქ ჟანაოზენში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის ვერსიით, ოლქში ვითარება თანდათან ნორმალური ხდება.

თუმცა, კორესპონდენტების ცნობით, რეგიონში საპროტესტო გამოსვლები 19 დეკემბერსაც გაგრძელდა და მასში 2,000-მდე დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა. ისინი მთავრობისგან მოითხოვდნენ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას, პოლიციას კი სთხოვდნენ არ გამოიყენოს იარაღი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, მთავრობა მკაცრად აკონტროლებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტების მუშაობას. ჩვენი კოლეგის, კზაის ტოგუზბაევის მონათხრობით, ქალაქის ქუჩებში ბევრი პოლიციელია. ისინი გამვლელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცებს, საბუთებს უმოწმებენ:

„ყველა ტროტუარზე, ყველა კუთხეში ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები დგანან. მოედანზე [ავტობუსში] რამდენიმე ასეული ომონელია.“

ჟანაოზენი დანარჩენი ყაზახეთისგან მოწყვეტილია. შეფერხებებით მუშაობს ინტერნეტი და სატელეფონო ქსელი. უსაფრთხოების ძალებს ქალაქის შესასვლელში საგუშაგო აქვთ გამართული.
ოფიციალური მონაცემებით, არეულობას სულ 15 ადამიანი ემსხვერპლა: 14 - ქალაქ ჟანაოზენში, კიდევ ერთი - მეზობელ დასახლება შეტპეში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ხალხს, რომელიც რკინიგზის გადაკეტვას ცდილობდა.

უფლებადამცველები კი თვლიან, რომ დაღუპულების და დაჭრილების რაოდენობა ოფიციალურად დასახელებულზე ბევრად მაღალია.

მღელვარება და ძალადობა უპრეცედენტოა თანამედროვე ყაზახეთისთვის, სადაც ნაზარბაევი მასშტაბური ძალაუფლებით სარგებლობს და ამბოხის გამოვლინებას არ უშვებს.
XS
SM
MD
LG