Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალინა ქელეხსაევა - პედაგოგი


1 იანვარი, კვირა
12 საათზე, ტრადიციულად, ოჯახთან ერთად შევხვდი ახალ წელს. პირველი ჩავიფიქრე, რომ 2012 წელს დავბრუნდეთ ჩვენს კუთხეში, ჩვენს ლამაზ დიდი ლიახვის ხეობაში, ჩვენს ქემერტში. საახალწლო მაგიდა გავშალეთ და მივუსხედით ჩემი მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. ეს საღამო მხიარულად და ხალისიანად გავატარეთ. 2 საათზე მთელმა ოჯახმა დავისვენეთ...

დილის 8 საათზე მეკვლეს დაველოდე. მეკვლედ მყავდა მეზობლის პატარა გოგონა. სუფრას ამშვენებდა მოხარშული ღორის თავი, ტკბილეული და სხვა ნამზადი. მეკვლემ შემოიტანა ტკბილეული და წარმოთქვა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი!“ ტრადიციულად, მეკვლემ მოაჭრა ღორის თავს მარჯვენა ყური.

მთელი დღის განმავლობაში მილოცავდნენ ყველა კუთხიდან. მომილოცეს არასამთავრობო ორგანიზაციისა და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. მისურვეს, რომ ეს წელი იყოს სურვილებისა და ოცნებების ასრულების...

დაძინებისას ჩემს თავს ტიტას ვადარებ: მეც, ტიტასავით, ღამით „დახურული“ ვარ, ხოლო დღისით, მოსახლეობასთან შეხვედრისას, გული გახსნილი მაქვს.

თავისუფლების დღიურები - ნათელა ქელეხსაევა
please wait

No media source currently available

0:00 0:09:23 0:00
გადმოწერა


2 იანვარი, ორშაბათი
ბედობის დღეა. როგორც ყველა, ჩვენც აღვნიშნავთ ბედობას. როდესაც მეკვლე შემოდის, ვსვამთ ერთ ადგილას და ფეხებთან ვუყრით ხორბალსა და სიმინდის მარცვლებს. დაახლოებით 15-20 წუთი მეკვლე უნდა იჯდეს, ოთახში სიარული არ შეუძლია, რათა კრუხმა ბლომად წიწილები გამოჩეკოს... 9 საათზე შემოვიდა მეზობლის გოგონა, რომელმაც ზუსტად დაიცვა ჩვენი ეს ტრადიცია.

ჩვენს სოფელში ამ ტრადიციებს ყოველთვის ვიცავდით. ნეტავ, ახლა რა ხდება ქემერტში? არ მშორდება ამაზე ფიქრი. სიზმარშიც მახსენდება ის საშინელი დღე, როცა იქიდან გამოვრბოდით...

ჩვეულებრივად გათენდა 8 აგვისტო ქემერტში. გამთენიისას შევუდექი ჩემს საქმეებს - რამდენი რამეა გასაკეთებელი სოფელში! შუადღე გადასული იყო, რომ მოულოდნელად თვითმფრინავები გამოჩნდა და საშინელი გრუხუნის ხმა გაისმა. პირდაპირ მოდიოდა ბომბები ჩვენს სოფელზე. თავიდან ვერც მივხვდი, რომ ბომბები ფეთქდებოდა. აბა, მანამდე რა ვიცოდი, ბომბი რა იყო...

მთელი სოფელი წამოიშალა და დავიძარით: ზოგი მანქანებში ჩახტა, ზოგიც ფეხით გარბოდა. სოფელში, ძირითადად, კაცები დარჩნენ. ჩემი ქმარიც დარჩა და დედაჩემიც - ვერ წამოვიყვანე, ლოგინად იყო ჩავარდნილი. ვიფიქრე, მერე დავბრუნდები და წამოვიყვან-მეთქი. მე და ჩემი ბიჭი წამოვედით - გოგო თბილისში მყავს გათხოვილი. გზაზე რომ გამოვედით, უკვე კაზაკები იდგნენ, ხალხს მაღლობიდან უყურებდნენ და ესროდნენ.

ცხინვალზე გზა დაკეტილი იყო და ტყით გადმოვედით. ერედვთან დავინახე „ნივა“ და ორი ადამიანი, რომლებიც სისხლში ცურავდნენ. ვერავინ მიეკარა - ყველას ეშინოდა და საკუთარი თავი გასჭირვებოდა. სული ტკბილია, თურმე...

გვიან ღამით ჩამოვაღწიეთ თბილისში. დაგვხვდნენ და გაგვანაწილეს. ჩვენ მუხიანში, საბავშვო ბაღის შენობაში ჩაგვასახლეს. ასე ერთ დღეში შეიცვალა ჩემი ცხოვრება...

უკვე მეორე და მესამე დღეს კაცებიც წამოვიდნენ. გაიგეს, რომ შემოვლით გზებზეც დადგნენ კაზაკები. ყველა წამომსვლელს ხვდებოდნენ და, თუ რამე მოეწონებოდათ, ართმევდნენ. ჩემი ქმარიც მეორე დღეს წამოვიდა. რის ვაი-ვაგლახით ჩამოაღწია ჩვენამდე.

დღეს, 11 საათზე, მიწვეული ვიყავი პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილ ნაზიკო ბერაშვილის ოჯახში. მე დიდი ლიახვის ხეობიდან ვარ, მაგრამ ჩემ ახლომახლო სულ პატარა ლიახვიდან დევნილები ცხოვრობენ. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ნაზიკომ თავისი ოჯახის მეკვლედ მიმიწვია. ყოველთვის, ჩვენი შეკრებისას, მშვიდობისა და სახლებში დაბრუნების სადღეგრძელოა პირველი.

3 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბავშვებს საახალწლოდ ტკბილეული მოუტანა ცენტრში და მის განაწილებაში მივიღე მონაწილეობა.

3 იანვარი, სამშაბათი
10 საათისთვის მეზობლები დავპატიჟე ყავასა და ტკბილეულზე. ვისაუბრეთ. მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის - „მომავლის იმედით“ - კომიტეტის თავმჯდომარეს, რამდენიმე შეკითხვა დამისვეს. კერძოდ, რა კეთდება დასახლებაში? მეც ვუამბე, რომ ცენტრმა „აფხაზეთმა“ მოაწყო რიტუალების სახლი, რომლისთვისაც გვჭირდება ინვენტარი. ამის თაობაზეც მაქვს დაწერილი პროექტი. ველოდებით დაფინანსებას.

12 საათზე დასახლებაში მოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობის“ თავმჯდომარე იულია ხარაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ბესო წერედიანი. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით თითოეულ ოჯახს სათავსოს კარკასი გაუკეთეს. სათავსოებს სურათები გადაუღეს. მე, როგორც ამ პროექტის ავტორს, გამესაუბრნენ. ისინი შეგვპირდნენ, რომ ნაგებობებს დაასრულებენ. ამ პროექტით ხალხი კმაყოფილი დარჩა...

2008 წლის 10 სექტემბერი იყო, როდესაც „წითელმა ჯვარმა“ შემიყვანა ქემერტში. ვეღარ ვიცანი სოფლები! არც ერთი სახლი არ იყო მთელი. სულ დამწვარი და განადგურებული იყო. არც სახლი დამხვდა, და არც დედაჩემი... კვალსაც ვეღარსად მივაგენი. ცოცხლად დარჩენილი მხოლოდ ჩემი ორი ძაღლიღა ვნახე. ფეხით წამოვედი ტირძნისამდე. ერგნეთში დამაკავეს და უკან დამაბრუნეს. ცხინვალში ჩამიყვანეს. სასოწარკვეთილი ვიყავი! მაგრამ არც ცხინვალში დამტოვეს, რუსებმა უკან გამომიყვანეს და ტირძნისში წამიყვანეს. ტირძნისიდან უკვე ჩემი ფეხით გამოვაღწიე...

დედა უკვე გამოტირებული მყავდა, როცა მისი ამბავი გავიგე. სამი თვე იყო გასული. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ დედა ცოცხალია და ცხინვალში იმყოფება. ამბავი კი ასეთი ყოფილა: დაჭრილი დედაჩემი, თურმე, ეზოში ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. ოსურად ითხოვდა შველას, გაუგონიათ ოს მაროდიორებს და ეტყობა, მათშიც გაიღვიძა რაღაც ადამიანურმა - ცხინვალში გაუყვანიათ. იქ საავადმყოფოში მოხვდა და ასე გაიგო მის შესახებ წითელმა ჯვარმა.

ცხინვალში როგორღა მივწვდებოდი?! კიდევ ერთხელ გამოვიტირე. და მერე მოვიფიქრე, რა უნდა მექნა: ჩემი და და ორი ძმა ვლადიკავკაზში ცხოვრობენ, ისინი დამეხმარნენ ცხინვალიდან დედის გამოყვანაში...

დღეს, 2 საათზე, სასტუმრო „ვიქტორიაში“ გაიმართა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის - „თანხმობის“ - მიერ ორგანიზებული სამოქალაქო ფორუმი. ესწრებოდნენ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე, გორის საჯარო რეესტრის, არქივისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. განიხილავდნენ ბუფერულ ზონებში მიწის დარეგისტრირების საკითხებს; აგრეთვე, დევნილთა საცხოვრებელი სახლების დარეგისტრირების ამბავს.

4 იანვარი, ოთხშაბათი
9 საათზე გორში, „ვიქტორიაში“, ისევ შეხვედრა გვქონდა. დევნილთა 11 ჩასახლების კომიტეტების თავმჯდომარეები შევიკრიბეთ. მე წამოვაყენე წინადადება, რომ შავშვების დასახლებაში სამი მოსაცდელი გაკეთდეს. ჩვენი დასახლება დიდია, ნარგავები არ არის და მზიან ამინდშიც კი ქარი ქრის. ხალხი თავს ვერსად აფარებს. შემპირდნენ, რომ ჩემს მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. შუადღისას გაგვიმასპინძლდნენ. საღამოს მოსახლეობას შევხვდი და მოსაცდელების შესახებ მოვუყევი. კმაყოფილი დარჩნენ.

5 იანვარი, ხუთშაბათი
გორის მუნიციპალიტეტის დავალებით, 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები გავაფრთხილეთ, რომ 2 საათზე მოსულიყვნენ სოციალურ ცენტრთან, სადაც იქნებოდა მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილი ავტობუსი. ბავშვებს გადავეცით მოსაწვევები და წავიყვანეთ საახალწლო კონცერტზე გორის კულტურისა და ტურიზმის ცენტრში. კონცერტში მონაწილეობდა გორის ბავშვთა ანსამბლი ია თავაძის ხელმძღვანელობით. საახალწლო საჩუქრები დაურიგეს ჩვენს ბავშვებს. გახარებული და კმაყოფილი დაბრუნდნენ დასახლებაში.

6 იანვარი, პარასკევი
უცხოელი დონორების ხელშეწყობით დევნილთა დასახლებაში დაიწყო გრძელვადიანი პროექტის განხორციელება, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება კოოპერატივი 11 კაცის შემადგენლობით. ამ კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ. პროექტი ითვალისწინებს ხუთი წლის ვადით 100 ჰექტარი მიწის მოხვნასა და დათესვას.

11 საათზე გაიმართა შეხვედრა პროექტის კოორდინატორ თეიმურაზ ფსუტურსა და კოოპერატივის წევრებს შორის. შეხვედრაზე გაირკვა, რომ 100 ჰექტარი ფართობი უკვე მოხნულია და ხორბალიც დათესილია; აგრეთვე, შეტანილია „თაგვის წამალი“ და ჰერბიციდი. გვესაჭიროება გვარჯილა, რომლის ღირებულებაც პროექტის თანხაში არ შედის. უნდა მივმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ გვარჯილის შესაძენად საჭირო თანხა გამოგვიყოს.

4 საათზე მე და ჩასახლების კოორდინატორმა მოსახლეობას 30-ლარიანი ვაუჩერები გადავეცით.

7 იანვარი, შაბათი
ადრე ავდექი და ჩემს პატარა მეურნეობას მივხედე.

დღეს თბილისში უნდა ჩავიდე, რადიო „თავისუფლებაში“ ჩაწერა მაქვს. თბილისის ხსენებაზე იქ გატარებული დევნილობის პირველი თვეები მაგონდება. თბილისელების სითბო და თანაგრძნობა...

თბილისიდან გორში გადაგვიყვანეს, სოფელ შავშვების კომპაქტურ ჩასახლებაში. უკვე სამი წელია, ამ დასახლებაში ვცხოვრობ. აქ ცხოვრობს პატარა ლიახვის 14 სოფლიდან დევნილი 177 ოჯახი. ძნელია აქ ცხოვრება... თავიდან საერთოდაც არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ახლა ჩვენი დასახლება ნელ-ნელა ემსგავსება სოფელს. მაინც ძალიან გვიჭირს. ძირითადი პრობლემა დაუსაქმებლობაა.

სოფლის ხალხს შრომა უყვარს, მაგრამ აქ ძნელია რაიმეთი დასაქმდე. მე ამას ვერ შევურიგდები. გონს მოვედი თუ არა, მაშინვე დავიწყე მოძრაობა, არასამთავრობოებს მივმართე, ტრენინგები გავიარე, ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის გრანტების წერა. ამის წყალობით იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დახმარება მივიღე. ახლა ქათმებიც მყავს, ცხვრებიც და ფუტკარიც - 10 სკა. არ ვიცი, რა გამომივა, მაგრამ ვსწავლობ მეფუტკრეობას და ვეცდები, ფუტკრები არ დამეხოცონ...

რაც ვისწავლე, ახლა სხვასაც ვასწავლი: გრანტების წერას, ბრძოლას, აქტიურობას... სხვა გზა ახლა ჩვენ აღარ გვაქვს, მხოლოდ ეს არის გამოსავალი: როგორმე უნდა გავძლოთ. და მერე უნდა დავბრუნდეთ. ამ ფიქრით და ამ იმედით ცხოვრობს შავშვებში ყველა. ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციასაც ასე დავარქვი - „მომავლის იმედით“...

XS
SM
MD
LG