Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის მიერ სექტემბერში დაგეგმილ წვრთნებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ნიკოლაი მაკაროვის დეკემბრის განაცხადებას იმის შესახებ, რომ წელს სექტემბერში დაგეგმილია სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლებება „კავკასია 2012." საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროთა თანახმად, წვრთნა ჩატარდება არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, არამედ სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ”რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და შემოჰყავს შეტევითი ხასიათის შეიარაღება, ცდილობს რა პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირებას საქართველოში და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში.” სამინისტროს განცხადებითვე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა და ის განაგრძობს აგრესიულ მოქმედებას, სამხედრო ძალის დემონსტრირებას და პროვოკაციებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ”რუსეთი წარმოადგენს დესტაბილიზაციისა და ნეგატიური მოვლენების წყაროს საერთაშორისო არენაზე.”
XS
SM
MD
LG