Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიის ხელისუფლება სამოქალაქო პირებს ხოცავს


ნავი პილაი
ნავი პილაი
ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი, გამოდის მოწოდებთ სასწრაფოდ გატარდეს საერთაშორისო ზომები სირიაში სამოქალაქო პირების დასაცავად - იმ ფონზე, როცა სირიაში მთავრობის ჯარები განაგრძობენ საცხოვრებელი უბნების დაცხრილვას ანტისამთავრობო გამოსვლების ცენტრად ქცეულ ქალაქ ჰომსში.

„იმ ფაქტმა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შესძლო შეთანხმება მკაცრ, კოლექტიურ ნაბიჯებზე, როგორც სჩანს, სირიის მთავრობა კიდევ უფრო მეტად შეაგულიანა თავისი ხალხის დახოცვის და პროტესტის ჩახშობისთვის“ - აცხადებს პილაი.

შაბათს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს არაბთა ლიგის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას სირიაში სამშვიდობო გეგმის შესახებ. პარალელურად, ნობელის სამშვიდობო პრემიის მფლობელი ჰუმანიტარული სააგენტო - „ექიმები უსაზღვრებოდ“ - აცხადებს, რომ დაჭრილ სირიელ პაციენტებს და მათ მკურნალ ექიმებს რეპრესიები და სირიის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან წამების საფრთხე ემუქრებათ.

ამასობაში საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დაეჭვებით ისაუბრეს რუსეთის ინიციატივაზე, იშუამავლოს სირიის კრიზისში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალენ ჟუპემ განაცხადა, რომ არ სჯერა სირიის რეჟიმის მიერ გამოცხადებული არცერთი პირობის - მათ შორის მათი, რომლებიც სამშაბათს დამასკში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოაცხადა. ჟუპემ „მანიპულაცია“ უწოდა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადსა და ლავროვს შორის გამართულ მოლაპარაკებას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონიც ამბობს, რომ, ფაქტობრივად, არ სჯერა რუსული ინიციატივის ეფექტიანობის.

დამასკში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ლავროვმა განაცხადა, ასადი მზად არის ძალადობა დასრულდესო. პარალელურად, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს თქვა, საერთაშორისო თანამეგობრობა ზედმეტად ტლანქად არ უნდა მოიქცეს სირიაში ჩარევითო. თურქეთი აცხადებს, რომ სირიის საკითხზე რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს საერთაშორისო ძალების კონფერენცია.
XS
SM
MD
LG