Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა


აჰა, გვეღირსა! ნაც-მოძრაობა ბეჭებზე წევს, სასწაულს ველოდით და მივიღეთ კიდეც, ველოდით გამარჯვებას და თავადვე გვეწვია: ქართულ პოლიტიკას მძლეთამძლე მატრონა უბრუნდება! დიდი ქალი - დიდ პოლიტიკაში... რეგიონის იმედი, პარტიული ყოფის გამომაცოცხლებელი, სილის გამწნავი და უბადლო მოპაექრე, ტელედებატთა დიდოსტატი და "ფაქტებზე დამყნობილი არგუმენტებით" მოფარიკავე...

ყველანი ველოდით (და ჯერაც ველით) სასწაულს და ეჰა, გვამცნეს: "ქართულ ოცნებას", სავარაუდოდ, არც მეტი, არც ნაკლები, გუგული მაღრაძე შეუერთდება...

მაშ, ტყუილად არ მიუღია ბ-ნ ობამას "კოჭლ იხვად" წოდებული ქართველთ პრეზიდენტი - ამერიკამ მოქმედება დაიწყო...

ფაქტია, "ქართულ ოცნებაში" ერთიმეორეზე ეფექტურ ნაბიჯებს დგამენ...

მაგრამ, ვშიშობ:

ვაი რომ, ერთი გუგული ვერ მოიყვანს გაზაფხულს...


საუკეთესო წლები

გვეკითხებიან: ვინ ცხოვრობს ყველაზე კარგად დღევანდელ საქართველოში?

ასახალებენ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსთა ცოლებს, მეწარმეებს, მათ ცოლებს...

მე კი ვფიქრობ, რომ თუკი არის დღეს ვინმე ბედნიერი, ეს ეთერ კაკულიაა...

ტელეარხი არაა, სადაც ეს ოპტიმანტი არ იჯდეს და ხმამაღლა არ იცინოდეს!

ეს მისი ოქროს ხანაა!

ყველგან ისაა, ყველგან მისით ავსებენ ეთერს...

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი თაობები მისი ჰომერული ხარხარის ფონზე იზრდებიან!

თუმცა მთავარი ინტრიგა მაინც წინ გველის: მოახერხებს კი გუგული ეთერის განდევნას დიდი ეთერიდან? აი, სად გათამაშდება სამკვდრო-სასიცოცხლო ვარსკვლავური ომი...


შაგრენის ტყავი

კიდევ ერთი შეკითხვა: რა შენდება საქართველოში ყველაზე აქტიურად?

პასუხი: პოლიციის შუშის შენობები და ეკლესიები (ახლა გვეშველა, მეჩეთებიც მიემატა ამ სიას).

შუშამ, შეიძლება ითქვას, მთელი რიყე გადაფარა. და აი, მორიგი ენით აღუწერელ-უნიკალური სიმახინჯეც გაჩნდა: კაზინო "შანგრილა", "შაგრენა" თუ "ბალზაკულა".

კაზინოს მრგვალი კოსნტრუქცია გიგანტური რვაფეხასავითაა გაწოლილი "სუშის" შუშის ხიდის მახლობლად. გვერდით ჩაუვლი და გულს უხარია (და ცოტა გულიც გერევა ოღონდ): ძველ თბილისში კი არა, რომელიმე ასტანაში გგონია თავი! თითქოს წითელა ან ჯინჭრის ციება ჰქონდეს შეყრილი, წარწერა ავისმომასწავებლად წითლად ციმციმებს და ჯამში, მეტად სასიამოვნო ალერგიულ ეფექტს ახდენს გამვლელზე: იქით შუშის ხიდი, აქეთ ასიმეტრიული შუშის ბეჰემოტი...

რა კოხტად ჩასვა არქიტექტორმა! რა გემოვნებიანად მიურგო მტკვარსა და მეტეხს! არქიტექტორი, სახელად აღა-მაჰმად-ხანი...

თბილისის ამ კუთხეს ყაჯარი აღაც კი არ მოქცევია ასე სასტიკად... ძალიან არ უნდა მოგწონდეს ეს ქალაქი, თუკი ამსისქე რეპტილიების ჩანერგვა გინდება მასში...

არ შეიძლება, რომ ეს კაზინო გახსნამდე მოიშთოს?

ქალბატონო გუგულ, ამოიღეთ ხმა!
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG