ავღანეთში საერთაშორისო ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯონ ალენმა დღეს დაადასტურა, რომ უცხოელმა ჯარისკაცებმა „არამართებულად“ გადაყარეს ისლამური რელიგიური მასალა, მათ შორის ყურანის ეგზემპლარები. გენერალი ბოდიშს უხდის ავღანეთის მთავრობასა და ავღანელ ხალხს და აღნიშნავს, რომ შეურაცხმყოფელი ქმედება განზრახ არ ჩაუდენიათ. „გავეცი განკარგულება, ჩატარდეს გამოძიება მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ღამით მივიღე, რომ ISAF-ის წევრებმა ბაგრამის საჰაერო ბაზაზე არამართებულად გადაყარეს დიდი რაოდენობით ისლამური რელიგიური მასალა, ყურანების ჩათვლით. როგორც კი შევიტყვეთ ამ ქმედების შესახებ, დაუყოვნებლივ ჩავერიეთ საქმეში და ის შევაჩერეთ. მასალას, რომლის გადარჩენაც მოხერხდა, სათანადოდ მოუვლის შესაბამისი რელიგიური ხელმძღვანელობა", - განაცხადა ავღანეთში საერთაშორისო ძალების სარდალმა. ასევე სამშაბათს ბაგრამის ბაზის გალავანთან გაიმართა დემონსტრაცია ყურანის შეურაცხყოფის გასაპროტესტებლად. აქციაში 2000-მდე ავღანელი მონაწილეობდა. დემონსტრანტების ნაწილმა აალებადი ყუმბარები ისროლა, ისმოდა შეძახილები „სიკვდილი ამერიკელებს“. ნატოს ჯარისკაცებმა საპასუხოდ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. საპროტესტო აქცია გაიმართა ქაბულშიც.
ყველაზე პოპულარული
1