Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოსკარი“ ირანულ ფილმს


ირანული კინოს პირველი "ოსკარი"
please wait

No media source currently available

0:00 0:01:16 0:00
გადმოწერა

ირანული კინოს პირველი "ოსკარი"

ლოს-ანჯელესში გამართულ „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიაზე გამარჯვებულებს შორის არის ირანული ფილმი „გაყრა“. ამ სურათს ეს პრესტიჟული პრემია საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში ერგო. როგორც ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ, ფილმის ამ წარმატებას ირანის რეჟიმი პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყენებს, თუმცა აქამდე რეჟიმი არც ამ სურათისა და არც ზოგადად კინოინდუსტრიის მიმართ დიდი ლმობიერებით არ გამოირჩეოდა.

„გაყრას“ სადა და ადამიანური ფაბულა აქვს. ფილმი მოგვითხრობს საშუალო სოციალური კლასის წარმომადგენელი წყვილის - ნადერის და სიმინის - ურთიერთობაში დამდგარი კრიზისის ამბავს. ნადერს მოვალეობის განცდა აწუხებს - მას ირანში დარჩენა უნდა, რათა თავის ხანდაზმულ და დაუძლურებულ მამას მოუაროს. სიმინს კი ქვეყნის დატოვება სურს,უწინარესად, თავიანთი ქალიშვილის, ტერმესთვის უკეთესი სამომავლო პერსპექტივის შესაქმნელად. მაყურებელი წყვილის რამდენიმე მწვავე კონფლიქტის მოწმე ხდება, ბოლოს კი კრიზისს ტრაგიკული შედეგები მოსდევს.
„ოსკარი“ ამ ფილმის პირველი წარმატება არ არის. ეკრანებზე გამოსვლისთანავე მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დადებითად გამოეხმაურნენ მაყურებლებიც და კრიტიკოსებიც. შარშან „გაყრას“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ხვდა წილად დიდი წარმატება: საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მან მთავარი პრემია - „ოქროს დათვი“ - მოიგო, მამაკაცის და ქალის როლების საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა ორივე მსახიობი.

„ახლა მსოფლიოში ბევრი ირანელი გვიყურებს და წარმომიდგენია, რა ბედნიერები არიან - არამხოლოდ მნიშვნელოვანი პრემიის, ფილმის ან რეჟისორის გამო ...
აშღარ ფარჰადი
საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში „გაყრას“ „ოქროს გლობუსიც“ მიენიჭა, კვირას კი, ლოს-ანჯელესში გამართულ ცერემონიაზე, წარმატებისა და პრემიების ციკლი „ოსკარით“ დაგვირგვინდა.

ფილმის რეჟისორმა აშღარ ფარჰადიმ „ოსკარის“ მიღების შემდეგ წარმოთქმულ მოკლე სიტყვაში თქვა, ამ პრემიას ირანელი ხალხის სახელით ვიღებო, და იმ პოლიტიკურ დაძაბულობაზეც მიანიშნა, რომელიც ახლა ირანის გარშემოა შექმნილი:

„ახლა მსოფლიოში ბევრი ირანელი გვიყურებს და წარმომიდგენია, რა ბედნიერები არიან - არამხოლოდ მნიშვნელოვანი პრემიის, ფილმის ან რეჟისორის გამო. ახლა, როცა პოლიტიკოსები გაწევ-გამოწევაში არიან და ერთმანეთის დაშინებას, ერთმანეთში აგრესიის გაცვლა-გამოცვლას მიმართავენ, აქ მათი ქვეყნის სახელი - ირანი - მათი დიადი კულტურის, მდიდარი და უძველესი კულტურის კონტექსტში მოიხსენიება, კულტურისა, რომელსაც პოლიტიკის სქელი მტვერი ფარავს. ამ პრემიას სიამაყით ვთავაზობ ჩემი ქვეყნის ხალხს - ხალხს, რომელიც ყველა კულტურას და ცივილიზაციას სცემს პატივს და სძულს შუღლი და მტრობა. დიდი მადლობა“, - თქვა მან.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიები „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიას არ უჩვენებენ ხოლმე, მაგრამ კინოაკადემიის ჯილდოების გადაცემას სატელიტის გზით მაინც მილიონობით ირანელი უყურებს.

ირანში რეჟიმმა ფილმის წარმატებას სწრაფად დაუდო პოლიტიკური სარჩული: სახელმწიფო ტელევიზიამ ორშაბათს ფარჰადის გამარჯვებას ისრაელზე ტრიუმფი უწოდა. - საქმე ის არის, რომ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში „ოსკარზე“ ისრაელის ფილმიც იყო წარდგენილი. - ირანულმა სურათმა „სიონისტური რეჟიმის“ ფილმი უკან ჩამოიტოვაო, ამცნო ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ აუდიტორიას.

თუმცა „გაყრას“ - და, ზოგადად, კინოინდუსტრიას - ირანის რეჟიმი მაინცდამაინც კარგი თვალით არ უყურებს. ამის მთავარი მიზეზი ის კრიტიკული დამოკიდებულებაა, რომელსაც ირანელი რეჟისორები ამ რეჟიმის ქმედებების მიმართ ავლენენ. მთავრობა კინემატოგრაფისტებს ბრალს სდებს ოპოზიციური, „მწვანე მოძრაობის“ მიმართ სიმპათიების ქონაში.

„გაყრას“, რომელიც გენდერული უთანასწორობის პრობლემას ასახავს და გადმოსცემს ირანელების სურვილს ქვეყანა დატოვონ და უკეთესი მომავალი სხვა ქვეყნებში ეძებონ, კრიტიკით შეხვდნენ ირანელი კონსერვატორები.

2010 წლის სექტემბერში ირანის ოფიციალურმა პირებმა „გაყრის“ გადაღებების შეწყვეტის ბრძანება გასცეს. ერთი კვირით ადრე ფილმის რეჟისორი, ფარჰადი, ირანში გამართულ ერთ-ერთ კინოფესტივალზე გამოვიდა სიტყვით, რომელშიც, როგორც ამბობდნენ, ისურვა, ნეტავი ჩვენთან ერთად იყოს ორი დისიდენტი რეჟისორი, რომლებსაც ოპოზიციურ მოძრაობასთან აქვთ კავშირიო. შემდეგ ფარჰადიმ ბოდიში მოიხადა და გადაღებები განახლდა.

ირანის კინოინდუსტრიას სერიოზული დარტყმა მიაყენა ირანის კულტურისა და ისლამური წინამძღოლობის სამინისტროს გადაწყვეტილებამ კინოს სახლის დახურვის თაობაზე. კინოს სახლი ამ ქვეყნის მთავარი დამოუკიდებელი კინოორგანიზაცია იყო.

როგორც იუწყებიან, კინოს სახლსა და რეჟიმს შორის უთანხმოება 2009 წელს დაიწყო, როცა კინოს სახლმა ირანში ჰოლივუდის დელეგაცია მიიწვია. დაძაბულობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა 2010 წელს, როცა ხუთი ირანელი რეჟისორი დააპატიმრეს და ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-სთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი.
XS
SM
MD
LG