Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ამბოხების დაწყებიდან ერთი წელი გავიდა


ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში მომუშავე 200 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც სირიის რეჟიმზე ზეწოლას გააძლიერებს იმ მიზნით, რომ მან დაასრულოს უკვე ქვეყანაში მიმდინარე სისხლისღვრა.

ხუთშაბათს ერთი წელი შესრულდა სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების დაწყებიდან. უფლებადამცველმა და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა - მათ შორის, „ჰიუმან რაითს უოჩმა“, „ქრისჩიან ეიდმა“ და „ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ“ - ერთობლივი განცხადების გავრცელება სწორედ ამ დღეს დაამთხვიეს.

რუსეთმა, რომელიც სირიის რეჟიმის სტაჟიანი მოკავშირე და იარაღის მიმწოდებელია, და ჩინეთმა უკვე დაბლოკეს დასავლეთისა და არაბული სახელმწიფოების რამდენიმე მცდელობა, უშიშროების საბჭოს სირიის ძალადობის დასრულების მიზნით რეზოლუცია მიეღო.

უფლებადამცავი ორგანიზაციების განცხადება რეჟიმს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „სამოქალაქო პირებით დასახლებული უბნების განურჩეველი დაცხრილვა და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები, შეწყვიტოს შემთხვევითი დაჭერები და წამების პრაქტიკა და ადგილზე დაუშვას ჰუმანიტარული სფეროს მუშაკები, ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები.“

ეს რევოლუციაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - რევოლუცია ჩაგვრის, ტირანიისა და კორუფციის წინააღმდეგ ...
აბუ ომარ ალ-ჰომსი
სირიის მთავრობა არეულობას „შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს“ აბრალებს.

ხუთშაბათს გავრცელებული ცნობებით, სირიის მთავრობის ჯარები განაგრძობენ საარტილერიო ცეცხლის დაშენას ჩრდილოეთის პროვინცია იდლიბში ოპოზიციის გამაგრების ადგილებისთვის.

აქტივისტები თვითმხილველთა ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ოთხშაბათის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 40 ადამიანი იქნა მოკლული.

როგორც იუწყებიან, სამხრეთის პროვინცია დერააში რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები იმართება.

ჰომსში - ოპოზიციის ბასტიონში, რომლის წინააღმდეგაც მთავრობის ძალები სისტემატურ რეპრესიებს ახორციელებენ - აქტივისტმა აბუ ომარ ალ-ჰომსიმ ჟურნალისტებს უთხრა, სირიის ხალხი გააგრძელებს თავისუფლებისთვის ბრძოლასო: „ეს რევოლუციაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - რევოლუცია ჩაგვრის, ტირანიისა და კორუფციის წინააღმდეგ. როგორც აქტივისტები, სირიის ხალხს ერთადერთ რამეს ვთხოვთ - მტკიცედ დადგნენ და გააგრძელონ ქუჩებში გასვლა, თავისუფლებისა და ტირანის დამხობისკენ მოწოდებებით. სხვას არაფერს ვითხოვთ.“

ოპოზიციის პასუხად, სირიის რეჟიმმა ხუთშაბათს მთავრობის მხარდამჭერ აქციებს გაუკეთა ორგანიზება დამასკში, ალეპოში, ლატაკიასა და სხვა ქალაქებში. ამ აქციების მონაწილეთა განცხადებით, ისინი „სირიის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულებას“ აპროტესტებდნენ.

გაეროს შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სირიაში ძალადობას 8,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. იძულებით ადგილნაცვალ პირად იქცა 230,000-ზე მეტი სირიელი.

ხუთშაბათს თურქეთმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სირიიდან 1,000-მდე ადამიანი მიიღო. ამით თურქეთში რეგისტრირებული სირიელი ლტოლვილების რიცხვმა დაახლოებით 14,000-ს მიაღწია.

საერთაშორისო იზოლაციის მორიგი ნიშანია ის, რომ დამასკში თავისი საელჩო დახურა და დიპლომატები უკან გაიწვია საუდის არაბეთმა.

საუდის არაბეთი სირიელი მეამბოხეების ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად იქცა. ის საერთაშორისო ძალებს მოუწოდებს შეისწავლონ გზები, რომლითაც ასადის მოწინააღმდეგეებისთვის დახმარებისა და იარაღის მიწოდება გახდება შესაძლებელი.

პარალელურად, ბრიტანეთში გამომავალმა გაზეთმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა ცნობები ათასობით პირადი იმეილის შესახებ, რომლის ავტორებიც, გაზეთის თქმით, ალ-ასადი და მისი მეუღლე არიან.

„გარდიანი“ წერს, რომ ეს იმეილები სირიის ოპოზიციის ძალებმა მიაწოდეს.
გაზეთის თანახმად, იმეილები მოწმობს, რომ ასადმა ამბოხების ჩახშობის ფორმების შესახებ რჩევები თავისი მოკავშირე ირანისგან მიიღო.
ამავე სტატიის ცნობით, ასადი იმეილებში დაპირებული რეფორმების შესახებ ქილიკობს - მათ „პარტიების, არჩევნების, მედიის სულელურ კანონებს“ უწოდებს.

ამასთან, გაზეთში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტმა შეძლო აშშ-ის სანქციებისთვის გვერდი აევლო და ინტერნეტიდან - აიტიუნსის მომსახურებიდან - პოპმუსიკის ჰიტები აქვს ჩატვირთული.
სირიის მთავრობა კომენტარს არ აკეთებს - იმეილების ავთენტურობა ჯერჯერობით ბოლომდე დადგენილი არ არის.
XS
SM
MD
LG