Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობა დაასრულა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომისიის სხდომამ


თბილისში მუშაობა დაასრულა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომისიის სხდომამ. მიღებულია ერთობლივი, რეკომენდაციების შემცველი განცხადება, რომელიც ოფიციალურად ხვალ გამოქვეყნდება. პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ 35-პუნქტიანი დოკუმენტი მნიშვნელოვანი დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ტექსტია. დარჩიაშვილის განმარტებით, განცხადებაში საუბარია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ კონფლიქტსა და დევნილთა მდგომარეობაზე. ”იქმნებოდა ილუზია, რომ საქართველოში ეთნიკური კონფლიქტები იყო, მაგრამ ეს არის კონფლიქტი რუსეთთან", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. მასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარემ მილან ცარბნოხმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისგან. ცარბნოხმა საქართველოს უსურვა თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები. "გვსურს, რომ საქართველოში არჩეული პარლამენტი წარმომადგენლობითი იყოს და მოქალაქეების ნებას გამოხატავდეს”, - განაცხადა მილან ცარბნოხმა. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, მისი ნათელი მომავალი თავად ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა უზრუნველყონ, ევროკავშირს კი, მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა და დახმარება შეუძლია.
XS
SM
MD
LG