Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლა დელ პონტე: ქიმიური იარაღი სირიელმა მეამბოხეებმა გამოიყენეს


სირიის საკითხზე გაეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის წევრმა კარლა დელ პონტემ განაცხადა, რომ დღემდე მოძიებული მტკიცებულებების მიხედვით, სირიელმა მეამბოხეებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. „ომის და კაცობრიობის წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულობებების დასადგენად ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოვიპოვეთ რამდენიმე მოწმის აღიარება, რომლითაც ცხადი გახდა, რომ გარკვეული სახეობის, კერძოდ ნერვული ზემოქმედების აირი გამოიყენეს. და რაც ჩვენი გამოძიების შედეგად ირკვევა, ქიმიური იარაღი სირიის რეჟიმის ოპონენტებმა, მეამბოხეებმა გამოიყენეს.“ იტალიურენოვანი შვეიცარიული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კარლა დელ პონტემ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა სირიის მეზობელ ქვეყნებში დაკითხეს ქიმიური იარაღის სავარაუდო მსხვერპლი და ის ექიმები, ვინც დაშავებულებს მკურნალობენ. დელ პონტემ განაცხადა, რომ მიცემული ჩვენებები ადასტურებს სირიელი მეამბოხეების მიერ ზარინის აირის გამოყენებას. კარლა დელ პონტეს თანახმად, საგამოძიებო კომისიას ჯერ არ გააჩნია სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებები. დელ პონტეს არ დაუზუსტებია როდის და სად იყო გამოყენებული ზარინის აირი. მეამბოხეებმა უარყვეს ასეთი ბრალდება. აშშ-მა განაცხადა, რომ ერთობ სკეპტიკურად უყურებს მსგავს მტკიცებას. სირიის სამხედრო ობიექტებზე ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დამასკის მახლობლად, 42 სამხედრო დაიხოცა, იუწყება ლონდონში დაფუძნებული სირიელთა უფლებადაცვითი ჯგუფი. ისრაელი აცხადებს, რომ მისი მიზანი რადიკალური ჯგუფის, ჰეზბოლასთვის შეიარაღებაში ხელის შეშლაა და რომ ეს არ არის ასადის მთავრობის წინააღმდეგ ქმედება.
XS
SM
MD
LG