Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლამდე პატიმრობა ემუქრება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - რევაზ კარალიძის დაკავების საფუძველს წარმოადგენს მისი მხილება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. ქრთამის აღებაში დახმარების გაწევის გამო ასევე დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც არ არის მითითებული 22 ივლისს, სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამინისტროს ინფორმაციით, ”გამოძიებამ დაადგინა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თავისივე თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ე.წ. ეკოპლაჟის, ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6000 კვ/მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობის დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 000 ლარი. მოლაპარაკების პროცესში, კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა მიწის შესყიდვით დაინტერესებულ პირს აღნიშნული თანხიდან ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 000 ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცველებმა დააკავეს.” გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
XS
SM
MD
LG