Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ჭელაში მინარეთს ჯერ არ აღმართავენ


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთი, რომლის ორშაბათს (26 აგვისტოს) დემონტაჟსაც მწვავე პროტესტი მოჰყვა, დასაწყობდება და დაილუქება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებაში. ტექსტში ვკითხულობთ, რომ მინარეთი უნდა "დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ; არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა საბჭოს შორის; ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყოს მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობების მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებაში. ასევე ხუთშაბათს, ახალციხეში შეიკრიბნენ აქციაზე, რომლის მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენის გეგმის გამო. უფრო ადრე კი ჯერ ახალციხეში, შემდეგ ბათუმში აქციებს მართავდნენ მუსლიმი მოქალაქეები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებდნენ და მის აღდგენას მოითხოვდნენ. დაპირისპირების მოსაგვარებლად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელები ხუთშაბათს საპატრიარქოში შეხვდნენ საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს. მოგვიანებით საპატრიარქოს წარმომადგენლები ახალციხეში ჩავიდნენ, სადაც მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა მათ მოწოდება არ შეისმინა.
XS
SM
MD
LG