Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის დაცემიდან 20 წელი შესრულდა


სოხუმის დაცემიდან 20 წელი შესრულდა. აფხაზეთის ომში დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში, სადაც მშვიდობიანი მსვლელობები გაიმართა. თბილისში, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 20 წლის წინანდელი ტრაგედიით აფხაზებმა და ქართველებმა უდიდესი დანკლისი განიცადეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დევნილები და სახელმწიფოს ვალია განაგრძოს მათი დახმარება, სანამ საკუთარ მიწას და სახლებს დაუბრუნდებიან. ივანიშვილის განცხადებითვე, სახელმწიფომ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოს ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილი არა მხოლოდ ქართველი, არამედ აფხაზი მოსახლეობის მიმართაც, რადგან პრემიერის თქმით, აფხაზების ხვედრი არანაკლებ მძიმეა. ”სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში გვიწევს პირობითი და მოგონილი გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს ცხოვრება, ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები და შევძლოთ მტკიცე ხასიათით და ისტორიის და ერთმანეთის პატივისცემით ურთიერთობის აღდგენის დაწყება” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და ნდობის აღდგენა მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და ადამიანის უფლებათა პატივისცემას უნდა დაეფუძნოს. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, გამორიცხულია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წინამორბედებისგან განსხვავებით იფიქროს რაიმე სახის აგრესიაზე.
XS
SM
MD
LG