Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ონიშჩენკო: საქართველოში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორია შესაძლოა, რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ


აშშ-ის დახმარებით საქართველოში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორია შესაძლოა, რუსეთის საწინააღმდეგო დივერსიებისთვის იყოს გამოყენებული - განუცხადა დღეს სააგენტო ”ინტერფაქსს” რუსეთის სანიტარიული სამსახურის უფროსმა გენადი ონიშჩენკომ. მისივე შეფასებით, საქართველოში არსებული ლაბორატორია აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური პოტენციალის მნიშვნელოვანი რგოლია. ონიშჩენკოს თქმით, ლაბორატორიის მიზანია რუსეთსა და ამიერკავკასიაში ვირუსების ცირკულაციის ბუნებრივი კერების შესწავლისას შეიმუშაოს რეცეპტურა, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ”კიდევ ერთხელ გვსურს, ყველას შევახსენოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკონტროლო ლაბორატორიის საქმიანობითაა გამოწვეული”, - განაცხადა ონიშჩენკომ. მან აღნიშნა, რომ ქართული პროდუქციის იმპორტის გაფართოების საკითხს რუსეთი იმის მიხედვით განიხილავს, განაგრძობს თუ არა საქართველოში მუშაობას ამერიკული ლაბორატორია. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითმა ცენტრმა უკვე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამშვიდობო და სამეცნიერო მიზნებს ემსახურება და რუსეთის წარმომადგენლებს ვითარების გაცნობა ადგილზე შესთავაზეს.
XS
SM
MD
LG