Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი ადასტურებენ, რომ არ ცნობენ ყირიმში რეფერენდუმის შედეგს


აშშ-მა და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არ ცნობენ ყირიმის უკრაინისაგან გამოყოფაზე რეფერენდუმის შედეგს. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კვირას, ტელეფონით საუბრისას მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომ მოსკოვმა მხარი დაუჭიროს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებას. ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ ერთობლივ განცხადებაში დაადასტურეს, რომ ევროკავშირი უკანონოდ მიიჩნევს ყირიმის რეფერენდუმს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს მიიღებენ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე. ამასობაში, კრემლმა გაავრცელა ცნობა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის თაობაზე. ამ ცნობით, პუტინმა მერკელს უთხრა, რომ რეფერენდუმი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და რომ მოსკოვი აპირებს, „პატივი სცეს“ ყირიმელი ამომრჩევლის ნებას.
XS
SM
MD
LG