Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრების შურისძიება ვირტუალურ ცხოვრებაზე


ქართული ლიტერატურის ყველაზე სუსტ წერტილად, ალბათ, მაინც რჩება რომანი, რომელიც, არსებითად, ყველა ეპოქაში კრიზისს განიცდიდა, თუ არ ჩავთვლით მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს, როცა ამ ჟანრმა ჩვენში პრინციპული აღმავლობა განიცადა და, ალბათ, ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში საუკეთესო რომანის ნიმუშებიც სწორედ იმ პერიოდში დალაგდა.
მაშინ თითქმის ყველა ქართველი სერიოზული მწერალი რაღაცნაირად თავის პროფესიულ მოვალეობად მიიჩნევდა, ერთი რომანი მაინც დაეწერა და ამით, როგორც ჩანს, საკუთარი ნიჭი და ძალები გამოეცადა. სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგადაც მივიღეთ მეოცე საუკუნის ბრწყინვალე ქართული რომანი და, ალბათ, არაერთი ნიმუშის დასახელება შეგვიძლია, რომელიც ან ჩვენი მწერლობის განვითარების, ან უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც, მსოფლიო ლიტერატურისთვის გარკვეული მნიშვნელობისაა.

დღეს მეოცე საუკუნის გამოჩენილი ქართველი რომანისტების ნაწილი უკვე გარდაცვლილია, ცოცხლად დარჩენილთაგან ზოგი პრაქტიკულად ჩამოშორდა აქტიურ მწერლობას და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი წერს ისევ ძველებური აღტყინებით. ახალი ლიტერატურული თაობა კი არსებითად მცირე ფორმებს ამჯობინებს და ხშირად ის, რასაც დღეს რომანს უწოდებენ, სინამდვილეში, ვრცელი მოთხრობაა ან მოთხრობაც კი არ არის...

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მთელ მსოფლიოში დღეს რომანის ჟანრის კრიზისია, მაგრამ ამ კრიზისს მსოფლიოში და საქართველოში სრულიად სხვადასხვა ძირები აქვს. თუკი მსოფლიო რომანმა თითქოს ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და ამის გამო დაიწყო მისი ფორმისეული და შინაარსობრივი რღვევა, საქართველოში, სადაც ჟანრი სიღრმისეულად არც კი განვითარებულა, ვითარებას სრულიად განსხვავებული მიზეზები აქვს.

ერთ-ერთ მიზეზზე მეოცე საუკუნის ბოლოსაც აქტიურად საუბრობდნენ. დღემდე მე თვითონაც არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ აბობდნენ, რომ რომანის კოლიზიების განვითარებისათვის საქართველოს სინამდვილე არ სთავაზობდა მწერალს შესაფერის ნიადაგს. პატარა ქვეყანაში, სადაც მეგაპოლისისათვის დამახასიათებელი საქალაქო ცხოვრება თითქმის არსად გვხვდება, შეუძლებელია კლასიკური რომანი შეიქმნას, რადგან რომანი მაინც ურბანისტული ყოფის მხატვრულ ასახვას უნდა ითვალისწინებდეს.

ცხადია, საკამათო აზრია, მაგრამ მაინც მგონია, რომ განსჯასა და დაფიქრებას ნამდვილად იმსახურებს.

ყოველ შემთხვევაში, ქართულ ლიტერატურაში მეოცე საუკუნის ბოლოს მოსულ მწერალთაგან მე მხოლოდ რამდენიმე მახსენდება, ვინც რომანის ჟანრში ასე თუ ისე სერიოზული განაცხადი გააკეთა. მაგალითად, პირველ რიგში, აკა მორჩილაძე და ზაზა ბურჭულაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი და თეონა დოლენჯაშვილი, დავით ქართველიშვილი და ზურაბ ქარუმიძე. ცხადია, ეს ჩამონათვალი ოდნავადაც არ ისახავს მიზნად ობიექტური სურათის შექმნას. ამას სპეციალური კვლევა სჭირდება და აქ მხოლოდ ის ავტორებია, ვინც უცებ, ექსპრესიულად გამახსენდა. თუმცა მაინც არა მგონია, რომ სია პრინციპულად შეიცვალოს.

ბოლო წლებში ერთ-ერთი, ვინც, ჩემი აზრით, ყველაზე აქტიურად მუშაობს რომანის ჟანრში, ლაშა ბუღაძეა. ეს უნიჭიერესი მწერალი ახერხებს, თითქმის ყველა ჟანრში, რასაც კი ხელს მოჰკიდებს, იყოს საინტერესო და უამრავ ადამიანს, ლიტერატურით ტოტალური დაუინტერესებლობის პირობებშიც კი, თავი წააკითხოს.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ლაშას ყველაზე უკეთ მაინც დრამატურგია გამოსდის, მაგრამ რომანებიც არანაკლებ საყურადღებო შექმნა და, რაც მთავარია, წიგნიდან წიგნამდე ვხედავ, როგორ იზრდება ის, როგორც ამ ჟანრის პროფესიონალი.

მისი ,,კარიკატურისტი“ და ,,ლიტერატურული ექსპრესი“ უკვე ძალზე საინტერესო იყო, თავის დროზე დიდი ინტერესი გამოიწვია ,,ბოლო ზარმაც“, სულ ახლახან კი ლაშამ კიდევ ერთი რომანი, ,,LUCRECIA 515“, გამოსცა.
ეს წიგნიც, როგორც მისი ნამუშევრების უმეტესობა, ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში” დაისტამბა.

,,LUCRECIA 515”, როგორც წიგნის სატიტულო გვერდზეც სავსებით სწორად არის აღნიშნული, ,,თანამედროვე დონ ჟუანის ტრაგედიაა.“ ამბავი არსებითად სკაიპში ვითარდება, სადაც ერთი საშუალო სტატისტიკური თბილისელი ბიჭი, სანდრო, ცოლისაგან მალულად, სასიყვარულო მიმოწერას აწარმოებს ერთდროულად რამდენიმე ქალთან.

ცხადია, აქედან უკვე კარგად ჩანს რომანის მთავარი პრობლემა - ნამდვილი ცხოვრების, ნამდვილი გრძნობების ჩანაცვლება ვირტუალური ურთიერთობებით და ამ ურთიერთობათა მიმართება ნამდვილ ცხოვრებასთან.
ეს დიდი და მტკივნეული თემაა. შეიძლება ითქვას, თანამედროვე მსოფლიოს ,,საჭირბოროტო საკითხავი“ და ძალიან დიდი იმედი უნდა გქონდეს საკუთარი თავისა, რომ მხატვრულ ტექსტში ასეთი პრობლემის დამუშავებას შეეჭიდო. ამ სერიოზულობამ რომ არ ,,გადაგყლაპოს“, რა თქმა უნდა, შარჟი ყველაზე უკეთესი გამოსავალია და ლაშა ბუღაძეც, ცხადია, აღნიშნულ ხერხს წარმატებით მიმართავს.

მე მინახავს ლაშას ბავშვობაში დახატული კარიკატურები. 11 წლის ბიჭის ნამუშევრები ამ ჟანრის ნამდვილი შედევრები იყო და რატომღაც მისი ახალი რომანის კითხვისას სწორედ ეს კარიკატურები გამახსენდა.

ლაშამ შესანიშნავად იცის, როგორ გამოიყენოს შარჟის მხატვრული პირობითობები და ამით სასურველ ეფექტს როგორ მიაღწიოს, გინდ ლიტერატურული და გინდ გრაფიკული თვალსაზრისით.

სწორედ ამ ეფექტის გათვალისწინებით, ლაშა ბუღაძის ახალი რომანი დიდი ინტერესით იკითხება. იმის მიუხედავად, რომ მწერალი ქვეტექსტით მუდამ შეგვახსენებს, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ ურთერთობებთან და, შესაბამისად, არასერიოზულ სტილისტიკასთან, მაინც პრობლემა იმდენად სიღრმისეულია, რომ რომანი, საბოლოოდ, ბევრ რამეზე გვაფიქრებს და ბევრ ისეთ პრობლემას წამოჭრის, რომელიც სრულიად ახალია ქართული ლიტერატურისთვის.
ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ეს არ არის მხოლოდ ლაშას პრობლემა, რომ ქალები არის ძალიან ძნელი დასანახი ამ წიგნში. მათი მოტივაცია, რატომ დგამენ რაღაც ნაბიჯებს, არის თითქმის გაუგებარი. ქალები არიან ჩრდილებივით, მათ არ აქვთ ანარეკლი...
მაშო სამადაშვილი

ახალი თაობის კრიტიკოსი მაშო სამადაშვილი ამიტომაც აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში: ,,ეს რომანი წავიკითხე გამოსვლისთანავე და ერთი ძალიან დიდი პლუსი, რომელიც მაშინვე მოვნიშნე, იყო ის, რომ ლაშა ბუღაძემ, პრინციპში პირველმა ქართულ ლიტერატურაში, მოახერხა დაესვა პრობლემა კაცისა, რომელიც არის თვითონ. მე ასე მგონია, მან დასვა შუა ასაკის ქართველი კაცის პრობლემა, რომელიც არის ძალიან კომპლექსური, ცოტა სასაცილო, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ძალიან ტრაგიკული, როდესაც ყველგან ეძებს რაღაც ხსნას და ეს ხსნა არსად არ არის და ამ წიგნში, მართლაც, არ დგება კათარზისი და მგონია, რომ არ არის ეს გამოგონილი. ჩემ გარშემოც კი უამრავია ასეთი კრიზისში მყოფი კაცი და ძალიან დასაფასებელია ქართველი მწერლებისთვის, რომლებიც ძირითადად გაურბიან რეალობის ასახვას და სულ ერთსა და იმავე თემაზე წერენ, მართლა ასე პრობლემის დასმა და ამაზე საკმაოდ სქელტანიანი რომანის დაწერა“.

სავსებით ვეთანმხები მაშო სამადაშვილს იმაში, რომ ლაშა ბუღაძის რომანის მთავარი პერსონაჟი მამაკაცი, მართლაც, ძალიან ცოცხალია და იმდენად ხელშესახები, რომ გგონია, ტაბიძის ქუჩის რომელიღაცა კაფედან ახლახან გამოსული, სრულიად გაურკვევლად შეეხეტა ამ ტექსტში და ახლა თვითონვე უკვირს, როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში.

თუმცა ამავეს ვერ ვიტყვი რომანის ქალ პერსონაჟებზე, რომლებიც ძალიან სქემატურნი, უღიმღამონი და არაფრის მთქმელნი არიან.

შესაძლოა, ეს ერთგვარი მხატვრული ხერხი იყოს, რომელიც სწორედ საგანგებოდ აქვს არჩეული მწერალს და ბუნებრივად ჯდება შარჟის საერთო კომპოზიციაში, მაგრამ გარედან ისე ჩანს, რომ ლაშა ბუღაძეს არ აინტერესებს თავისი პერსონაჟი ქალები, საერთოდ არ ცდილობს მათი ხასიათის თავისებურებების გახსნას და თვით სანდროს ცოლიც კი, რომელიც რომანის მთავარი პრობლემის - რეალობისა და ვირტუალური რეალობის შეჯახების - გახსნაში საკვანძო ფიგურაა, ტექსტში უფერულად გამოიყურება.
ამაზე მაშო სამადაშვილმა გვითხრა:

,,ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ეს არ არის მხოლოდ ლაშას პრობლემა, რომ ქალები არის ძალიან ძნელი დასანახი ამ წიგნში. მათი მოტივაცია, რატომ დგამენ რაღაც ნაბიჯებს, არის თითქმის გაუგებარი. ქალები არიან ჩრდილებივით, მათ არ აქვთ ანარეკლი“.

ამის მიუხედავად, მთლიანად რომანი საკმაოდ საინტერესოდ იკითხება და, ჩემი აზრით, ნამდვილად არ ინანებს ის, ვინც წიგნს აიღებს. უფრო სწორად, თუ კითხვა დაიწყო, მერე ვეღარ მოსწყდება და, მიუხედავად მრავალი ხარვეზისა, მაინც ეს ლაშა ბუღაძის მწერლური გამარჯვებაა.
XS
SM
MD
LG