Accessibility links

ახალი ამბები

ნიგერიაში აფეთქებებმა ათობით ადამიანი შეიწირა

ნიგერიელი ოფიციალური პირების ცნობით, ათობით ადამიანი დაიღუპა ქალაქ ჯოსში ორი აფეთქების შედეგად. ჯოსი ცენტარულ ნიგერიაში მდებარეობს. ერთი აფეთქება ავტობუსის სადგურზე მოხდა, მეორე კი ბაზარში. ჯერ უცნობია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ თავდასხმებზე, მაგრამ ექსტრემისტი მუსლიმების ჯგუფ „ბოკო ჰარამს“ ბოლო თვეებში რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ მისი მოწყობილი იყო ძალადობის მსგავსი აქტები. "ბოკო ჰარამის" წევრებს ასევე ადანაშაულებენ აპრილში 200-ზე მეტი მოსწავლე გოგონას მოტაცებაში.

ყველა ახალი ამბავი

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა გაიმართება თებერვალში

აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა თებერვლის მეორე ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა პარასკევს, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სპეციალური წარგზავნილის, კიმ ენ ჩხოლეს შეხვედრის შემდეგ.

ჯერჯერობით გარკვეული არ არის შეხვედრის ადგილი და დრო. პირველი სამიტის მსგავსად, რომელიც გასულ წელს სინგაპურში გაიმართა, მომავალი შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა იქნება.

დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, კიმ ენ ჩხოლეს შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრას უწოდა „კარგი“ და აღნიშნა, რომ მსჯელობა შეეხებოდა ვალდებულებებს, რომელიც ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სინგაპურის სამიტზე იკისრა.

ქეთევან ციხელაშვილი: გამარტივდა პასპორტების აღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის

ქეთევან ციხელაშვილი

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის და პასპორტის აღების პროცედურა გამარტივდა, - სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად, ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პარასკევს განაცხადა.

„ეს ეხება ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც დაიბადა საქართველოში ამ ტერიტორიებზე, ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე ან არის ასეთი პირის შვილის შთამომავალი. უშუალოდ პროცედურა მარტივდება, ანუ მარტივდება პირის იდენტობის დადგენა მოქალაქეობის ფაქტის დადგენისთვის, მათ შორის იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც მათ აქვთ ხელთ“, - განაცხადა მინისტრმა.

პროცედურის გამარტივებასთან ერთად, როგორც ციხელაშვილი აცხადებს, შემჭიდროვდა ვადებიც. ხოლო საქართველოს მოქალაქეობის დადგენა 1 თვის განმავლობაში უფასოდ მოხდება.

პრაღის ცენტრში კაცმა თავის დაწვა სცადა

ვაცლავის მოედანი

18 იანვარს პრაღის ცენტრში, წმინდა ვაცლავის ძეგლის წინ შუახნის მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შორიახლოს მყოფმა ადამიანებმა მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა, ვიდრე შემთხვევის ადგილზე პოლიცია მოვიდოდა. მამაკაცს, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, სასწრაფო დახმარების ცნობით, დამწვრობა აღენიშნება სხეულის 30 %-ზე. პოლიცია იძიებს ინციდენტს და ცდილობს დაადგინოს მამაკაცის მიერ თავის დაწვის მცდელობის მოტივი.

შემთხვევა პრაღის დროით შუადღის სამ საათზე მოხდა ვაცლავის მოედანზე, სადაც ჩეხეთის ეროვნული გმირის, იან პალახის მემორიალია აღმართული. ჩეხეთში სულ ახლახან აღინიშნა 50 წლისთავი იან პალახის მიერ თავის დაწვისა, რითიც 20 წლის სტუდენტმა გააპროტესტა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ბლოკის მიერ 1968 წელს განხორციელებული ინტერვენცია.

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში სასამართლოს წინაშე წარსდგება

საფეხბურთო ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მომავალ კვირაში მადრიდში ჩავა და სამშაბათს დაესწრება სასამართლოს, რომელზეც ესპანელი პროკურორები მოითხოვენ ფეხბუთელისათვის 23 თვიან პატიმრობას ან დიდ ფულად ჯარიმას.

მოელიან, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი, რომელიც მადრიდის „რელიდან“ გასულ წლის ივლისში გადავიდა იტალიის „იუვენტუსში“, თავს დამნაშავედ აღიარებს მას შემდეგ, რაც გასული წლის ზაფხულში მიაღწია შეთანხმებას, გარიგებით მოაგვაროს დავა 18,8 მილიონი ევროს (21,43 მილიონი აშშ-ის დოლარის) გადახდაზე ესპანეთის საგადასახადო ორგანოებთან.

სააგენტო "როიტერსის" თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფეხბურთელს მიესაჯოს გარკვეული ვადით პატიმრობა, ვინაიდან ესპანეთის კანონმდებლობა, პირველი დანაშაულისათვის მისჯილი, ორ წელზე უფრო ნაკლები ვადის სასჯელის შემთხვევაში, პირობით პატიმრობას ითვალისწინებს.

ესპანეთის პროკურატურა აცხადებს, რომ იგი ფეხბურთელისაგან მოითხოვდა 5,7-ევროს ჯარიმას, რაც რონალდუმ უკვე გადაიხადა და ასევე 1 მილიონის ევროს საურავს.

33 წლის რონალდუ მოპასუხეა კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომლის გამოძიებაც აშშ-ი მიმდინარეობს კეტრინ მაიორგას საჩივრის საფუძველზე. გასული წლის სექტემბრის ბოლოს აშშ-ის შტატ ნევადაში კეტრინ მაიორგამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ რონალდუმ ის ლას-ლას ვეგასში გააუპატიურა 2009 წელს. ქალმა 2010 წელს 375 000 აშშ დოლარი მიიღო ინციდენტის შესახებ გაჩუმების სანაცვლოდ, მას შემდეგ, რაც მასზე ზეწოლა განახორციელეს რონალდუს წარმომადგენლებმა.

კრიშტიანუ რონალდუ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სექსუალური კავშირი ორმხრივ სურვილის შედეგი იყო.

ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ დაპატიმრებული უკრაინელი მეზღვაურები უნდა გათავისუფლდნენ

ჰაიკო მაასი და სერგეი ლავროვი შეხვედრაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ. ამის შესახებ მაასმა განაცხადა 18 იანვარს მოსკოვში ყოფნის დროს, სადაც თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვედა.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეეხენ ასევე გამალებული შეიარაღების განახლების საფრთხეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს გამოვიდეს 1987 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შესახებ (INF).

მოსკოვში მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა რუსეთს, ხელი შეუწყოს ამ ხელშეკრულების შენარჩუნებას, რისთვისაც მოსკოვს მოუწევს გაანადგუროს იმ კატეგორიის რაკეტები, რომლებიც, არღვევენ (INF)-ს და ვაშინგტონს აიძულებს გავიდეს ხელშეკრულებიდან.

ლაპარაკია მიწისზედა ბაზირების საშუალო სიშორის ფრთოსან რაკეტა 9М729 –„ნოვატორზე“, რომელსაც 5500 კმ სიშორეზე შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა.

მოსკოვი აცხადებს, რომ იგი არ არღვევს ხელშეკრულებას საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შესახებ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-თან ამ ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები უპერსპრექტივოა, ვაშინგტონის მტკიცე გადაწყვეტილების გამო.

აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში გავა INF -დან, თუ მოსკოვი გააგრძელებს საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დაღვევას.

ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს გერმანია თავშესაფარს აღარ მისცემს

გერმანიიის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, პარასკევს უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი და მხარი არ დაუჭირა შუამდგომლობას აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე, - იუწყება სააგენტო "როიტერსი".

ამ ნაბიჯს დიდი ხნის განმავლობაში უჭერდნენ მხარს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი და მემარჯვენე კანონმდებელთა ნაწილი, რომელიც იმიგრაციის შეზღუდვას მოითხოვს. თუმცა, საკითხს კენჭი უნდა უყაროს გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ, სადაც „მწვანეები“ აცხადებენ, რომ შეეცდებიან დაბლოკონ ბუნდესტაგის გადაწყვეტილება, რაც მათ ერთხელ უკვე მოახერხეს გასულ წელს.

გერმანელი „მწვანეებისათვის“, რომლებიც ეწინააღდგებიან უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის ზომების გამკაცრებას, - ასეთ მიდგომას არ შეუშლია ხელი, რომ მოეპოვებინათ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ხმები ბოლო რეგიონულ არჩევნებზე.

გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის მიერ 2015 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ასეულათასობით დევნილისათვის თავშესაფრის მიცემაზე, გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოსკენ ფართოდ გაუხსნა ულტამემარჯვენე ძალებს.

სწორედ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი ხელმძღვანელობს მემარჯვენე პოლიტიკოსთა ფრაქციას, რომელიც თავის ამოცანად მიიჩნევს, ზოგიერთი ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ მთავრობას არ დაუკარგავს კონტროლი იმიგრაციაზე.

საქართველოს, ტუნისის, მაროკოსა და ალჟირის გამოცხადება უსაფრთხო ქვეყნებად, გააიოლებს თავშესაფრის შუამდგომლობაზე უარის თქმას.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ზეეჰოფერმა, პარლამენტში აღნიშნა, რომ უფრო ადრე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცხადებას უსაფრთხო ქვეყნებად, არ მოჰყოლია არანაირი გართულებები.

შესწორება: პირვანდელ ვარიანტში ქვედა პალატა შეცდომით იყო მითითებული

მამუკა ბახტაძე იუმორს უწოდებს კახა კალაძის განცხადებას „გამოქანების“ შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადება ხაბეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის თბილისის ანძიდან და ჰოლანდიიდან გამოქანების შესახებ იუმორია და „იუმორი არის ძალიან კარგი“.

„მე მარტივად გიპასუხებთ, რაზეც პასუხი არაერთხელ გამიცია: ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად რაც ჩვენ უკანასკნელ არჩევნებში გვქონდა, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის კახასიც, პოზიცია იყო, არის და იქნება ის, რომ სიძულვილის ენა მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იმავე რეჟიმში ცხოვრებას იმიტომ, რომ ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად, არსებობს იუმორიც და იუმორი არის ძალიან კარგი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

18 იანვარს თბილისის მერი კახა კალაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას თბილისის მერის დაკითხვის აუცილებლობაზე, ასე გამოეხმაურა: "ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით, ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ეს არის ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებებიც და მესიჯებიც არის ერთგვარი. ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ და შეუძლიათ ეს ადამიანები ვინც ჩამოვთვალე, აბრძანდნენ და გამოექანონ. ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- თქვა თბილისის მერმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძის განცხადება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით “არ იყო დედაქალაქის მერის განცხადება და ის უფრო ჰგავდა დამნაშავე ბიზნესმენის პოზიციას, რომელიც თავის გამართლებას ცდილობს“.

18 იანვარს, თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში უნდა მოუხადოს ხალხს იმ მდგომარეობის გამო, რომელიც ბოლო წლებში დედაქალაქში შეიქმნა: "ეს ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, ვაკის პარკში გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა; ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და სამშენებლო ნებართვა გასცა; ადამიანები, ვინც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მოედანი გაასხვისა და მისცა მშენებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შესაბამისად, ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრების პროცესში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი“.

ილონ მასკი: „ტესლა“ თანამშრომელთა 7%-ს დაითხოვს, მომავალი „ძალიან რთული“ იქნება

ილონ მასკი

კომპანია „ტესლას“ გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ კომპანია თანამშრომელთა 7%-ს დაითხოვს და რომ მომავალი „ძალიან რთული“ იქნება.

ელექტრომანქანებისა და მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის უფროსმა თანამშრომლებს იმეილით შეატყობინა შემცირებებისა და სხვა გეგმების შესახებ.

მასკის თქმით, „ტესლა“ იმედოვნებს, რომ მცირე მოგებას ნახავს მიმდინარე კვარტალში, მაგრამ გასულ წელს მუშახელის რიცხვის 30%-ით გაზრდა აღემატება იმას, რის უზრუნველყოფაც კომპანიას შეუძლია.

„ტესლაში“ 45 ათასი ადამიანია დასაქმებული. შვიდპროცენტიანი შემცირება 3150 ადამიანს შეეხება.

კომპანია აცხადებს, რომ გასულ წელს 245 000 ელექტრონული მანქანა აწარმოა, რაც თითქმის იმდენია, რამდენიც წინა წლებში ერთად აღებული.

მაგრამ 2018 წელს პროდუქცია დიდად ჩამორჩებოდა თითქმის სამი წლის წინ დაგეგმილ წელიწადში 500 000 მანქანას.

ადვოკატი: ჯერჯერობით უცნობია, რას ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, „ყაზტრანსგაზ - თბილისის" თანამშრომლის, თორნიკე ტატიშვილის ადვოკატის თამარ ჯაფარიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ჯერჯერობით ჩვენება არ მიუცია და შესაბამისად, უცნობია, რას ედავება თორნიკე ტატიშვილს გამოძიება: "ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. როგორც ვიცი სამსახურში დააკავეს. ჯერ არ გავსაუბრებივარ, არც ჩვენება მიუცია, უბრალოდ დოკუმენტაციას ამზადებენ. ჯერ არ ვიცით რას ედავებიან", - აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე 18 იანვარს ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი დააკავეს. საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას დიდ დიღომში, 16 იანვარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 8 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია:სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები.

აშშ რუსეთს მოუწოდებს, გამოიძიოს ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლებზე თავდასხმები

აშშ ღრმად შეშფოთებულია ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლებზე თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გამო და მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ამ დარღვევების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რობერტ პალადინოს განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ-მა მოუწოდა რუსეთს, უზრუნველყოს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დამცველთა უფლებების სრული დაცვა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც უკანონოდაა დაკავებული, მათ შორის უფლებადამცავი ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი.

იანვრის შუა რიცხვებში რუსეთის ლგბტ თემი იტყობინებოდა, რომ ჩეჩნეთში კვლავ დაიწყო გეებისა და ლესბოსელების დევნა. ორგანიზაციის თანახმად, დეკემბრის ბოლოდან რესპუბლიკაში უკანონოდ დააკავეს სულ ცოტა 40 მამაკაცი და ქალი, ორი მამაკაცი წამებისას გარდაიცვალა.

მამუკა ბახტაძე: „თიბისისთან“ დაკავშირებით, მე დავინახე პოლიტიკური სპეკულაცია

„სამწუხაროდ, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე არგუმენტირებული პასუხი“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. პრემიერი მოუწოდებს საზოგადოებას დაელოდოს გამოძიებას, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი: „ჩემი პირადი მოსაზრებაა, ისევე როგორც ჩემი გუნდის და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის, რომ როდესაც ჩვენი ფინანსური ინსტიტუტები, განსაკუთრებით კომპანიები წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ბირჟაზე, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას გაფრთხილება უნდა. ამასთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი არის განსაკუთრებით მდგრადი რეგიონში და ამავე დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. მე ძალიან შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ თუ კითხვები გაჩნდა რომელიმე ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ ძალიან დიდი მონაპოვარის გარკვეულ შესუსტებას. სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე არგუმენტირებული პასუხი. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პირადად მე არ მიმაჩნია პრობლემად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პროკურატურა 2008 წელს „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ტრანზაქციაზე გამოძიებას აწარმოებს. ინფორმაცია ამის შესახებ 9 იანვარს დაადასტურა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. მათი განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე.წ.ფულის გათეთრების) ფაქტზე. პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის. თუმცა გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს გულისხმობს. „თიბისი ბანკი“ მის მიმართ ზოგიერთი მედიით გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. პოლიტიკურ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ პროცესს, შესაძლოა, პოლიტიკური საფუძველი ჰქონდეს.

ჩაკეტილ ახალგორს ერთი დღით გახსნიან

ახალგორი

19 იანვარს ერთი დღით გაიხსნება ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა დე ფაქტო ადმინისტრაციამ მოსახლეობის თხოვნით მიიღო და სპეციალურ სიას ადგენს. 11 იანვრიდან, როცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ „ღორის გრიპის“ გამო დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი, დაბიდან გასვლას ვეღარ ახერხებენ ახალგორელი სტუდენტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 20-მდე ახალგაზრდა ელოდება ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას. გარდა ამისა, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ახალგორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ და სამსახურის გაცდენა უწევთ. ამიტომ დე ფაქტო ადმინისტრაციამ ე.წ. გამშვები პუნქტის ერთი დღით გახსნა გადაწყვიტა და 19 იანვარს ორმხრივი გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური სიით. თამარ მეარაყოშვილის ცნობით, დღის განმავლობაში მოქალაქეს მხოლოდ ერთხელ გადაადგილების უფლებას მისცემენ. წინასწარი ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორი ჩაკეტილი იქნება კიდევ ერთი თვის განმავლობაში.

ბახტაძე: თუ "გაზპრომთან" ახალი კონტრაქტი იქნება ამას საზოგადოება გაიგებს

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მორიგი მოლაპარაკება რუსულ კომპანია „გაზრპომთან,“ რომელიც საქართველოს გავლით სომხეთს აწვდის ბუნებრივ აირს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მამუკა ბახტაძეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რა პირობებით აპირებს მთავრობა „გაზპრომთან“ სატრანზიტო ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა. „ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას. საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ღებულობს ზოგადად სატრანზიტო ფუნქციიდან და ამას გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი ინტერესი. თუ ახალი ხელშეკრულება დაფიქსირდება, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას ჩვენი მასმედიის დახმარებით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. შეკითხვას ოპოზიციის შიშზე, რომ საქართველოს მთავრობა შესაძლოა, კაბალურ, ქვეყნისთვის წამგებიან პირობებს დათანხდეს, ბახტაძემ უპასუხა, რომ ყოველთვის ცდილობს შინაარსობრივ პასუხს და უკვე თქვა, რომ საქართველო განაგრძობს სარგებლის მიღებას ნებისმიერი სატრანზიტო საქმიანობიდან. „რაც შეეხება შიშებს და მოლოდინებს, იგივე პოლიტიკური გუნდი მათ შორის საუბრობდა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რომ მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ბასიანისა" და "გალერის" რეიდამდე დაკავებულ ორ პირს ნარკოტიკების გასაღებისთვის 7 და 8 წელი მიუსაჯეს

თბილისის ღამის კლუბებში, ბასიანსა და გალერიში მაისის სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დაკავებულ ორ პირს, ნარკოტიკების გასაღებისთვის, პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი აბები შეიძინა და ნაწილი, რეიდებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2018 წლის 28 აპრილს "ბასიანის" შესასვლელთან გაასაღა. სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ცნობით, კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა მდმა-ს შემცველი აბები 2018 წლის 5 მაისს, თბილისის კლუბ "მტკვარზე" გაასაღა. მას 8-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

2018 წლის 12 მაისს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა თბილისის ცნობილ ღამის კლუბებში, ბასიანსა და გალერიში რეიდი ჩაატარა. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, კლუბების შიდა ტერიტორიაზე, მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს, დანარჩენი 7 - გარეთ.

რეიდის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, თბილისში საპროტესტო "რეივ აქციები" იმართებოდა, სადაც სამართალდამცავების მხრიდან "ძალის გადამეტებას" აპროტესტებდნენ. აქციები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ, ბოდიშის მოხდის შემდეგ დასრულდა.

შსს: დაკავებულია "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები.

ათასლარიანი ჯარიმა ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო თბილისის მერიის “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო” პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორმა 1000 ლარისთ დააჯარიმა.

დაჯარიმების თაობაზე ცნობა ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ გაავრცელა, თავის ფეისბუკის გვერდზე.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის მერიამ ნოემბერში გააფღხილა, რომ საპროტესტო აქცია უნდა უშეეწყვიტათ საახალწლო ნაძვის ხის განთავსების გადაწყვეტილების გამო, ან განმარტებას თბილისის მერიამ თან ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები დაურთო.

საკითხის გარკვევის შემდგომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა,, რომ თბილისის მერიის “საზოგადოებასთან კომუნიაციის განვითარების სააგენტომ” დაარღვია “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი, რის საფუძველზეც ის 1000 ლარით დააჯარიმა.

ორი პირი დააკავეს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს ორი დღის უკან, გაზის გაჟონვას მოყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, რამდენიმე წუთის უკან მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება და გარწმუნებთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოვლენილი ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა ბახტაძემ.

16 იანვარს, დიდ დიღოში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 8 პირი.

მოსკოვში დააკავეს ბელორუსი მოდელი ნასტია რიბკა

ნასტია რიბკა

რუსეთმა დააკავა ბელორუსი მოდელი, რომლის თქმით, მოეპოვება იმის მტკიცებულება, რომ კრემლი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში ეხმარებოდა. ანასტასია ვაჩუკევიჩი, რომელიც ნასტია რიბკას სახელითაცაა ცნობილი, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც მას დეპორტაცია გაუკეთეს ტაილანდიდან.

რიბკა და ტაილანდიდან დეპორტირებული კიდევ სამი ადამიანი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს, იტყობინება ერთ-ერთი დაკავებულის ცოლი.

როგორც ტასი იუწყება რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, დაკავებული ოთხი ადამიანი პროსტიტუციაში სხვების ჩართვაში არიან ეჭვმიტანილი.

2018 წელს ნასტია რიბკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში, რომელიც ეხებოდა ვიცე-პრემიერ სერგეი პრიხოდკოსა და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას. ნავალნი ამტკიცებდა, რომ პრიხოდკომ დერიპასკასთან ერთად ნორვეგიის ნაპირებთან, ამ უკანასკნელის იახტაზე, სამი დღე გაატარა „საესკორტო სააგენტოს გოგონებთან“ ერთად. ეს ამბავი ნასტია რიბკას წიგნიდან და ინსტაგრამიდან გახდა ცნობილი. ნავალნიმ პრიხოდკოს კორუფციაში დასდო ბრალი.

კახა კალაძე: გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ

"ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით, ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ეს არის ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებებიც და მესიჯებიც არის ერთგვარი. ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ და შეუძლიათ ეს ადამიანები ვინც ჩამოვთვალე, აბრძანდნენ და გამოექანონ. ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების საპასუხოდ.

ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა კახა კალაძე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში დაკითხოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძე ყაზტრანსგაზის არაოფიციალური მენეჯერია.

რუსეთი აცხადებს, რომ გაზის გაჟონვა რჩება მაგნიტოგორსკში აფეთქების მთავარ სავარაუდო მიზეზად

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გაზის გაჟონვა რჩება მთავარ სავარაუდო მიზეზად აფეთქებისა, რომელსაც დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ მაგნიტოგორსკში. 31 დეკემბერს მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი ნგრევის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ამ ვერსიას. როგორც საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ტრაგედიის ადგილზე ასაფეთქებელი მასალის არავითარი კვალი არ არის ნაპოვნი და, რომ დიდი ალბათობით საქმე გვაქვს საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებასთან. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ ყოველკვირეულ საინტერნეტო პუბლიკაციაში განაცხადა, რომ მისი მოწყობილია აფეთქებები მაგნიტოგორსკში და ურალში.

დიდ დიღომში ახალი სასწავლო კომპლექსი შენდება

18 იანვარს საფუძველი ჩაეყარა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას, რომელიც გააერთიანებს შემდეგ სივრცეებს: ბაღი, სკოლა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ტექნოპარკი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორია, ხელოვნების სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი.

კომპლექსი დიდ დიღომში აშენდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ საძირკველში კაფსულა ჩადეს. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სავარაუდოდ, კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. 2019 წელს იგეგმება სხვა მსგავსი კლასტერების მშენებლობაც. მინისტრისავე განმარტებით, ამ კომპლექსის აგება თანამედროვე მიდგომებისათვის საჭირო სივრცის ნაკლებობამ გამოიწვია. პროექტი ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირების ფარგლებში განხორციელდება.

თბილისის ყოფილი მერი არ გამორიცხავს "ყაზტრანსგაზის" მიმართ კახა კალაძის ბიზნესინტერესს

გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა ნაწილობრივ მართალი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზში“ შესვლას აპირებს კახა კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია. უგულავას განცხადებით, უკვე მერვე წელია „ყაზტრანსგაზი“ არც კერძო და არც სახელმწიფო კომპანიაა და შესაბამისად, არ აქვს განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია.

„გამოსავალია, რომ სახელმწიფომ უნდა წამოიღოს და ამის ლეგალური ბერკეტი არსებობს, და შემდეგ უნდა მოხდეს გამჭვირვალე ტენდერის ჩატარება, გასხვისება, მართლა ინვესტორის და არა ხვიჩა მაქაცარიას შემოყვანა, რათა კომპანია განვითარებაზე იყოს ორიენტირებული და თანამშრომლებს ჰქონდეთ იმდენი ხელფასი, რომ ასე უგულისყუროდ არ ეკიდებოდნენ თავის სამუშაოს და ინვესტიცია ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში, რომელიც მთლიანად მოძველებულია“ - განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით, თუ ხვიჩა მაქაცარია მართლაც აღმოჩნდა „ყაზტრანსგაზის“ მფლობელად, კომპანია იქნება კალაძის საკუთრებაში, რადგან ისინი ბევრ ბიზნესში არიან პარტნიორები. გიგი უგულავას თქმით, თბილისელებს უნდა ჰქონდეთ ათი თვალი და ათი ყური.

ქუთაისში იმატა ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოებით დაინტერესებული მოქალაქეების რიცხვმა

ქუთაისში იმატა ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოებით დაინტერესებული მოქალაქეების რიცხვმა. "სოკარ ჯორჯია გაზის" თანამშრომლები ქუთაისში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. კომპანიის განცხადებით, გამოძახებებმა იმატა 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 8 დაშავდა.

როგორც კომპანიის იმერეთის რეგიონის ექსპლუატაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე გაბრიჭიძე აცხადებს, მთავარ პრობლემას ხშირ შემთხევაში წარმოადგენს მოქალაქეების მიერ სახლში თვითნებურად დამონტაჟებული მოწყობილობები, რომლებსაც გაზის კომპანია ვერ აკონტროლებს. ალექსანდრე გაბრიჭიძე ამბობს, გარდა გამოძახებებისა, კომპანია წელიწადში ერთხელ ახორციელებს შემოწმებას.

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად რამდენიმე თვის წინ ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩაზე მამაკაცი დაშავდა.

18 იანვრის საღამოდან წითელას აცრა უფასო გახდება

მთავრობის 18 იანვრის სხდომაზე გავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა, დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.

„გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა, დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას“, - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

დაავადეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში წითელას, მწვავე ვირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებაა.

ამირან გამყრელიძე: მოსახლეობის დიდ კოჰორტას არ აქვს იმუნურობა წითელას მიმართ

„მოსახლეობის დიდი კოჰორტაა, დაახლოებით 200 ათასი და მეტი, რომლებსაც იმუნურობა წითელას მიმართ არ აქვს. ამიტომ აუცილებელია, რომ ისინი აიცრან. ძირითადად ლაპარაკია 20-დან 40 წლის ასაკის ადამიანებზე. აუცილებელი, რომ მათ ერთი აცრა მაინც ჩაიტარონ“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში წითელას, მწვავე ინფექციური ვირუსის ეპიდაფეთქებაა. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი გაორმაგებულია. ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მშობლებს დაუყოვნებლივ გადაამოწმონ შვილების აცრის კალენდარი: „თუკი ბავშვი არ არის აცრილი ერთი წლისა და ხუთი წლის ასაკში, ისინი აუცილებლად უნდა აცრან“.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG