Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადგენილია დარიალის ხეობაში ნაპოვნი დაღუპული პირის ვინაობა


საქართველოში, დარიალის ხეობაში მიაგნეს 17 მაისს მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ერთ-ერთი დაკარგულის გვამს. ინტერნეტპორტალი "ნეტგაზეთი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ დაღუპულის ვინაობა დადგენილია - ის რუსეთის მოქალაქე იყო და სამშობლოში რამდენიმე დღეში გადაასვენებენ. ამჟამად დაკარგულად ითვლება კიდევ ხუთი ადამიანი, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოკვლევამ დაადგინა, რომ მეწყრის შემდეგ დაკარგული იყო ექვსი და არა შვიდი ადამიანი, როგორც თავიდან აცხადებდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე 23 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გვამი აღმოაჩინეს დარიალის ხეობაში საავტომობილო გზაზე მეწყრის შედეგად ჩამოშლილი ქანობის მასის ქვეშ მოყოლილ სატვირთო ავტომანქანაში. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას სტიქიური უბედურების ადგილზე.
XS
SM
MD
LG