Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას


თბილისში ლიტერატურულ კაფეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ნაციონალური მოძრაობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს და თეოლოგ ნოდარ ლადარიას. ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ჭიაბერაშვილი და ლადარია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ზურაბ ჭიაბერაშვილს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული, ლადარიას კი სახეში ცხელი წყალი შეასხეს. ჟურნალისტებთან საუბრისას ჭიაბერაშვილმა ინციდენტის დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ კაფეში ის და ნოდარ ლადარია ერთად შევიდნენ, სადაც მათი მეგობარი თორნიკე შარაშენიძე დახვდათ. 10-15 წუთის შემდეგ კი ორი ადამიანი - რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე - შევიდა კაფეში. "რეზო თაბუკაშვილს ხელში ეჭირა ჩაის ჭიქა, მდუღარე ჩაი შეასხა ნოდარს სახეში და შემდეგ ეს ჭიქა ისე, რომ მე ადგომა ვერ მოვასწარი, თავში ორჯერ ჩამარტყა. როცა წამოვდექი, უკვე თავსა და საფეთქელს შორის ჩამარტყა. ერთადერთი რამ თქვეს, რომ როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ საერთოდ აქ, გაეთრიეთ აქედანო და გაიქცნენ", - მოჰყავს ჭიაბერაშვილის სიტყვები სააგენტო მედიანიუსს.
XS
SM
MD
LG