Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჯარმა უკან დაიხია ქალაქ თიქრითიდან, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ


ერაყის მთავრობის ჯარებმა უკან დაიხიეს ქალაქ თიქრითიდან და ახლა ემზადებიან ახალი იერიშისთვის ქალაქზე, რომელიც დაპყრობილი აქვთ ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებს, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ექსტრემისტებმა დანაღმეს ქალაქის ცენტრისაკენ მიმავალი გზა. ერაყის მთავრობა სუნიტ მეამბოხეებთან დაპირისპირებაში აპირებს რუსეთისაგან შეძენილი საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებას. ბაღდადმა უკვე მიიღო თვითმფრინავების პირველი პარტია და აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში უკვე შეუდგება SU-25 ტიპის ხუთი, ნახმარი მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებას. მალე კი რუსეთისაგან მიიღებს მეტ ასეთ შეიარაღებას. ერაყის მთავრობას, ცნობების თანახმად, 500 მილიონ დოლარად დაუჯდა რუსეთისაგან მოიერიშე თვითმფრინავების შეძენა. სუნიტმა მეამბოხეებმა ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიპყრეს ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ წამოიწყეს თავდასხმითი ოპერაცია.

XS
SM
MD
LG