თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო "რუსთავი 2-ის" პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას. "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის ქონება სრულად დააყადაღეს და ყადაღა დაედო მის მფლობელთა წილებსაც. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ასევე დაყადაღებულია "რუსთავი 2"-ის სახელზე გაფორმებული ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. დავის დასრულებამდე "რუსთავი 2"-ს ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა "რუსთავი 2"-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი. არხის მეწილეები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია "საქართველო" - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი.
ყველაზე პოპულარული
1