Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ და პუტინმა განიხილეს სირიასა და უკრაინაში შექმნილი ვითარება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, მოსკოვში, გამართეს ოთხსაათიანი შეხვედრა, რომლის მსვლელობაშიც განიხილეს სირიასა და უკრაინაში შექმნილი ვითარება. პუტინთან მოლაპარაკება კერიმ შეაფასა, როგორც „ნაყოფიერი“. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. იქ კერიმ აღნიშნა, რომ მან და პუტინმა იმსჯელეს აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედითი საზავო შეთანხმების მიღწევის გზებსა და უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს ბედზე. სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ 22 მარტს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერის თქმით, მან მოსკოვს მოუწოდა, სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნების ნება დართოს. ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა კერის სავჩენკოს საკითხში თავისი პოზიცია განუმარტა. რუსმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი უკრაინას „უბიძგებს“ მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ, რაც, ლავროვის თქმით, ხელს შეუწყობდა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ნორმალიზებას. ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგას დაჰპირდა, რომ, ამავე მიზნის მისაღწევად, რუსეთი ზეწოლას მოახდენს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობაზე. ჯონ კერიმ ჟურნალისტებს აუწყა, რომ, სირიის პრობლემაზე მსჯელობისას, ის და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ ამ ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის საჭიროებაზე.

XS
SM
MD
LG