Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატ კოენი. ნაწილი I


ანატ კოენი
ანატ კოენი

"ის არასოდეს ცდილობს მსმენელის გულის მოგებას. მაშინაც კი, როცა წარმოუდგენლად მაღალ რეგისტრებში თავბრუდამხვევი ტემპით იმპროვიზირებს, ეს არა შოუს ნაწილი, არამედ მისი სულიერი მოთხოვნილებაა. ამგვარი გულწრფელობა თანამედროვე სცენაზე იშვიათობას წარმოადგენს" - ასე დაახასიათა ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ჯაზურმა გამოცემა "დაუნბითმა" ამერიკაში მოღვაწე ისრაელელი კლარნეტისტი, საქსოფონისტი და ბენდლიდერი ქალი - ანატ კოენი.

​ანატ კოენი 1975 წელს თელავივში დაიბადა. კლარნეტზე დაკვრის ხელოვნებას 12 წლიდან ეუფლებოდა და ძმებთან ერთად ხვეწდა იმპროვიზაციის უნარებს. გოგონამ სწავლა თელმა იელინის ხელოვნების აკადემიაში განაგრძო, სადაც ჯაზის ფაკულტეტზე ჩააბარა. შეიცვალა ინსტრუმენტიც - სონი როლინსის, დექსტერ გორდონისა და ჯონ კოლტრეინის შემოქმედების გავლენის ქვეშ მოქცეული, ტენორ-საქსოფონზე გადაერთო. 1993-1995 წლებში, ისრაელის სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ბოსტონში, ბერკლის სამუსიკო სკოლაში, მოხვდა. სწორედ აქ, აკადემიურ სივრცეში, გამოიკვეთა ანატის შემოქმედებითი პოტენციალი. პედაგოგების აზრით, მისი ინსტრუმენტი კლარნეტი გახლდათ, რადგან ყველაზე უკეთ ამ საკრავზე ახდენდა ინდივიდუალურობისა და უჩვეულო საშემსრულებლო სტილის წარმოჩენას. ჰოდა, მანაც გაითვალისწინა ბრძენკაცთა რჩევა და კვლავ ბავშვობის ახირებას დაუბრუნდა.

ანატ კოენი. ნაწილი I
please wait

No media source currently available

0:00 0:04:22 0:00
გადმოწერა

სწავლის პარალელურად ანატი საკონცერტო საქმიანობასაც ეწეოდა. სხვადასხვა ბენდის ფორმატში უკრავდა ბოსტონისა და ნიუ-იორკის ღამის ჯაზკლუბებში. ხშირად ებრაულ ქორწილებშიც იწვევდნენ, სადაც კლეცმერს, აღმოსავლეთევროპელი ებრაელების მიერ შექმნილ საცეკვაო და სასიმღერო მუსიკას, ასრულებდა. თუმცა ყველაზე მეტად ე. წ. "world music"-ის ჟანრი აინტერესებდა. უფრო ზუსტად კი, ბრაზილიური ფოლკლორის ერთ-ერთი უძველესი მიმართულება, შორო, შეუყვარდა. შორო სამბისა და ბოსა-ნოვის წინაპარია, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ჯაზისთვის რეგტაიმი.​ "ამ ჟანრში კლარნეტს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. ევროპული ჰარმონიული მიდგომები გამოიყენება და ინსტრუმენტზეც კლასიკური ტექნიკით უნდა დაუკრა. შოროში ყველაფერია: სამბის მხიარულება, ნოსტალგია და სევდა, წამლეკავი ენერგეტიკა. კარგი შესრულება მუსიკოსების ურთიერთპატივისცემასა და იმპროვიზაციულ დიალოგზეა დამოკიდებული" - ასე ახასიათებს ანატ კოენი უძველესი ჟანრის თავისებურებებს.

​ანატ კოენის ლათინოამერიკული ვნებები უყურადღებოდ არ დარჩენილა. ცნობილმა ბრაზილიელმა გიტარისტმა, შოროს შემსრულებელმა არტისტმა პედრო რამოსმა საკუთარ ანსამბლში მიიწვია, რომელიც ნიუ-იორკის ცნობილი უბნის, გრინვიჩ-ვილიჯის, კლუბებში მართავდა კონცერტებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მუსიკოსი ბენდის ფორმატში ირჯებოდა, სწორედ ამ კოლექტიურ სივრცეში გაითქვა სახელი და ნიუ-იორკიც ახალ, პერსპექტიულ კლარნეტისტზე ალაპარაკდა. აღიარებას მოჰყვა შემოთავაზებებიც. არტისტმა ჯერ არგენტინელ პიანისტ პაბლო აბანედოს ოქტეტთან ითანამშრომლა და ორი ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კოლუმბიელ ბასისტ ხუან მონსალვიეს შეეკრა პროექტში "Nebuloso",

ხოლო სახელოვანი ბრაზილიელი დრამერის, დუდუა და ფონსეკას, კვარტეტთან ერთად ამერიკულ ტურნეში გაემგზავრა.

შოროსა და ლათინოამერიკული პროექტების შესახებ შემდეგ სიუჟეტში გავაგრძელებ საუბარს და იმ რამდენიმე ჯაზურ ალბომზეც მოგახსენებთ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG