Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სამხედროებს ავღანეთში თავდასხმის მოგერიებისთვის


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მადლობა გადაუხადა სამხედრო პირებს, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებს, ავღანეთში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისათვის. საინფორმაციო სააგენტო „დე-პე-ა“-ს ცნობით, შტაინმაიერმა მკაცრად დაგმო ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მოწყობილი თავდასხმა. სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში, გერმანიის საკონსულოსთან წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმკვლელმა საკონსულოსთან ააფეთქა დანაღმული სატვირთო ავტომანქანა. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ აფეთქების შედეგად დანგრეული ჭიშკრიდან ტერორისტებმა სცადეს საკონსულოს ტერიტორიაზე შეღწევა, რაც უსაფრთხოების ძალებმა აღკვეთეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიის საკონსულოს თანამშრომლები არ დაშავებულან და ამჟამად უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ძლიერი აფეთქების შედეგად დაინგრა, ან დაზიანდა საკონსულოს მახლობლად მდებარე სახლები და მაღაზიები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა დაჯგუფებამ, „თალიბანმა.“ ექსტრემისტების განცხადებით, მათ შური იძიეს ამერიკული ავიაციის მიერ ქალაქ ყუნდუზში, გასულ კვირაში განხორციელებული ავიაიერიშისთვის, რომლის შედეგად დაიღუპა 32 მშვიდობიანი მოსახლე.

XS
SM
MD
LG