Accessibility links

მიხეილ ჩინჩალაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. გადაწყვეტილება 11 ხმით მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. მიხეილ ჩინჩალაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა წელს ეწურებოდა. მოსამართლედ მიხეილ ჩინჩალაძის განწესებას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი ერთ-ერთი არგუმენტით, მოსამართლის უპირველესი მოვალეობაა საქმის განხილვა, მაშინ, როცა უზენაეს სასამართლოში ათწლიანი საქმიანობის პერიოდში მიხეილ ჩინჩალაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული მხოლოდ 250 საქმის განხილვაში და მათგან 88% მოდის 2007-2008 წლებზე. დღესვე, იუსტიციის საბჭოს წევრებმა 11 ხმით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლედ უვადოდ დანიშნეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, ოთარ სიჭინავა. მას საქმეთა განხილვის გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის სახელით ცნობილი რეფორმის ფარგლებში 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, უვადოდ დანიშვნამდე სამწლიანი გამოსაცდელი ვადისგან გათავისუფლდნენ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოქმედი და ყოფილი წევრები, თუ მათ ამ ინსტანციებში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აქვთ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG