Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აპირებს გააგრძელოს ბრძოლა „მართლაც ევროპული უკრაინისათვის“


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იბრძოლებს უკრაინაში დასაბრუნებლად, რისი უფლებაც აქვს და განაგრობს ბრძოლას „მართლაც ევროპული უკრაინისათვის“. ამის შესახებ ის საუბრობს 27 ივლისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც მოჰყვა ცნობას სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. სააკაშვილი თავს მოიხსენიებს „რიგით უკრაინელად“. დღეს ცდილობენ, გამიკეთონ ის, რასაც პროკურორები და ბიუროკრატები უკეთებენ რიგით უკრაინელებს: ფეხით თელავენ მათ უფლებებსო, ამბობს ის. „უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, რათა ვიბრძოლო რეფორმებისათვის, რათა ვიბრძოლო უკრაინის წარმატებული მომავლისათვის, რომელზეც დამოკიდებულია ჩემი მშობლიური საქართველოს მომავალიც. ჩემთვის მოქალაქეობა ლიტონი სიტყვა არ არის. ყოველი დღე, სანამ უკრაინის მოქალაქის პასპორტი მქონდა, თავდადებული ვმუშაობდი უკრაინის გამარჯვებისათვის და იმისათვის, რომ ის ნამდვილი ევროპული ქვეყანა გახდეს. ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის“, ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში. ის სოციალური ქსელით ავრცელებს ასევე ცნობას, რომ შეერთებულ შტატებში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რადიიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ეს გაკეთდა საიმიგრაციო სამსახურის მოთხოვნით. ადმინისტრაციამ უარი თქვა მიზეზის განმარტებაზე.

XS
SM
MD
LG